სირიული ენა
სირიული ენა — არამეული ენის ერთ-ერთი დიალექტი; განეკუთვნება სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახის სემიტურ შტოს. კლასიკური სირიული ენა, ანუ ძველი სირიული (ახ. სირიულის შესახებ იხ. სტ. ასურული ენა), ქ. ედესისა (ურჰა) და მისი რაიონის (ამჟამად თურქეთშია) არამეელთა მეტყველებას წარმოადგენს. უძველესი წერილობითი ძეგლი ძვ. წ. III საუკუნეს ეკუთვნის. III-XIV საუკუნეებში მასზე შეიქმნა ქრისტიანულ სამყაროში უაღრესად პოპულარული და ავტორიტეტული ლიტერატურა (იხ. სირიული ლიტერატურა). სირიული ენის შესწავლას ბერძნულთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოშიც. ისლამის გავრცელებამ (VII საუკუნიდან) გამოიწვია სირიული ენის განდევნა ცოცხალი მეტყველებიდან და უკვე VIII საუკუნიდან იგი განაგრძობს არსებობასს როგორც მხოლოდ სამწერლობო და საეკლესიო ენა. სირიული ენა 2 ძირითადი დიალექტისაგან შედგება: დასავლური (ანუ იაკობიტური) და აღმოსავლური (ანუ ნესტორიანული), რაც სირიული ეკლესიის გაყოფას შეესაბამება. სხვაობა ამ დიალექტებს შორის ძირითადად ფონეტიკური ხასიათისაა.
სირიული ენის კონსონანტიზმი ნაკლებად განსხვავდება საერთო არამეულისაგან. ძველი არამეულისაგან განსხვავებით სირიული ენაში, ჩვეულებრივ, ბერძნულიდან ნასესხებ სიტყვებში გვხვდება გლოტალიზებული პ. ფარინგალებიდან ყრუ სპირანტი ჰ აღმოსავლურ დიალექტში გადაიწია ველარულ ხ-ში. ხმოვნები 3 სიგრმისაა: მოკლე, ზემოკლე და გრძელი, რომელთა შორის გვხვდება დიფთონგთა კონტრაქციით (შეკუმშვით) მიღებული ხმოვნებიც (ო, ე). შეინიშნება ხორხისმიერთა დაკარგვაც. სირიულში ფართოდაა გავრცელებული ჯერ კიდევ ძველ არამეულიდან ცნობილი ხშულთა სპირანტიზაცია. მახვილი სიტყვაში მეორე მარცვალზე მოდის, რაც ხშირად ხმოვნების რედუქციას იწვევს. ძირის სტრუქტურა ტიპური სემიტურია. საყურადღებოა უსრული ასპექტის (იმპერფექტივის) წარმოება ნ-პრეფიქსით ნაცვლად საერთოსემიტური ჲ-ისა. ზმნის ასპექტურ უღვლილებასთან ერთად გვხვდება უღვლილება დროების მიხედვით. ვნებითი გვარის პირიანი ფორმები დაკარგულია და შენაცვლებულია სათანადო რეფლექსივით. სირიული ენაში განვითარდა დამოუკიდებელი კუთვნილებითი ნაცვალსახელი. სახელთა ბრუნება არ შეინიშნება სინტაქსიდან აღსანიშნავია ქვეწყობილ წინადადებათა სიჭარბე. ლექსიკაში უხვადაა ნასესხები სიტყვები, განსაკუთრებით ბერძნულიდან, ასევე აქადურიდან, ებრაულიდან, არაბულიდან.
სირიული დამწერლობა ძველი არამეული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს. ცნობილია სირიული დამწერლობის 3 სახეობა: მრგლოვანი (ესტრანგელო), ხაზოვანი (იაკობიტური) და ნესტორიანული. ამ დამწერლობას იყენებენ არაბულისათვისაც (ე. წ. გარშუნი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წერეთელი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 386-387.