სირიკიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირიკიტი
ტაილანდის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 28 აპრილი, 1950
მმართ. დასასრული: 13 ოქტომბერი, 2016
წინამორბედი: რამბჰაი ბარნი
მემკვიდრე: სუთიდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 აგვისტო, 1932 (1932-08-12) (91 წლის)
დაბ. ადგილი: ბანგკოკი, ტაილანდი
მეუღლე: პუმიპონ ადულიადეტი
შვილები: უბოლ რატანა
მაჰა ვაჩირალონგკორნი
სირინდჰორნი
ჩულამბჰორნი
დინასტია: ჩაკრის დინასტია (ქორწინებით)
მამა: ნაკჰატრა მანგალა
დედა: ბუა კიტიაკარა
რელიგია: ბუდიზმი
ხელმოწერა:

სირიკიტ კიტიაკარა (ტაი. สิริกิติ์ กิติยากร; დ. 12 აგვისტო, 1932, ბანგკოკი, სიამი) — ტაილანდის დედა-დედოფალი. ტაილანდის დედოფალი 1950-2016 წლებში როგორც მეფე პუმიპონ ადულიადეტის მეუღლე. მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის დედა. თავისი მეუღლის რეგენტი-დედოფალი 1956 წელს.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიკიტი დაიბადა 1932 წლის 12 აგვისტოს ბანგკოკში, სიამის სამეფოში (ახლანდელი ტაილანდი). იგი იყო ჩანტაბურის მეორე პრინც ნაკჰატრა მანგალასა და მისი მეუღლის, პრინცესა ბუა კიტიაკარას შუათანა ქალიშვილი. მისი ოჯახი სამეფო კარზე ცხოვრობდა, რის გამოც ახალშობილს სახელი თავად დედოფალმა (შემდეგში მისი დედამთილი) რამბჰაი ბარნიმ შეურჩია და სირიკიტი დაარქვა, რაც ნიშნავს „კიტიკაიაკარას დიდებულება“-ს.

მას სულ სამი დედმამიშვილი ჰყავს, აქედან ორი უფროსი ძმა და ერთი უმცროსი და:

  1. კალიანაკიტი (1929-1987), ცოლად შეირთო არუნ სნიდვონგს ნა აიუდჰაია, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  2. ადულაკიტი (1930-2004), ცოლად შეირთო პრინცესა ბანდჰუსავალ იუგალა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  3. ბუშბა (1934-ცოცხალია), დაქორწინდა ორჯერ და მეორე ქმრისგან შეეძინა თავისი ერთადერთი ქალიშვილი;

სირიკიტსა და მის და-ძმებს დედის მშობლები ზრდიდნენ, რადგან მამამისი სიამის ელჩად დაინიშნა აშშ-ში, დედამისი კი ქმარს გამგზავრებიდან სამ თვეში შეუერთდა და მასთან ერთად ვაშინგტონში დასახლდა. ერთი წლის შემდეგ მისი მშობლები სიამში დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ისინი ბანგკოკში, დევესის სასახლეში ცხოვრობდნენ.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი სირიკიტი ნიდერლანდებში, 1960 წელი

ოთხი წლის ასაკში მშობლებმა იგი რაჯინის საშუალო სკოლაში შეიყვანეს (დღეს ეს სკოლა დედოფლის სახელს ატარებს). სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა წყნარი ოკეანის ომი, რა დროსაც არაერთხელ დაიბომბა ბანგკოკიც, რამაც გამოიწვია სარკინიგზო ხაზების დაზიანება და სირიკიტისთვის სკოლაში სიარული შეუძლებელი გახდა. ამის გამო, მშობლებმა იგი წმინდა ფრანცისკე ქსავიერის სახელობის სკოლა-მონასტერში შეიყვანეს, სასახლის მახლობლად.

1946 წელს, ომის დასრულების შემდეგ, მამამისი დიდ ბრიტანეთში გადავიდა, რადგან ხელისუფლებამ იგი ამჯერად იგი ელჩად ლონდონში მიავლინა. ამჯერად იგი გაერთიანებულ სამეფოში მთელი ოჯახით გადასახლდა, სადაც სირიკიტმა სწავლა წმინდა ჯეიმზის სახელობის სასწავლებელში განაგრძო. ინგლისში მან შეისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, აგრეთვე ინგლისური და ფრანგული ენები. მამის დიპლომატიური მისიების გამო მას ხშირად უწევდა საცხოვრებლის გამოცვლა. ლონდონის შემდეგ ისინი ცოტა ხნით დანიაში გადასახლდნენ, შემდეგ კი საფრანგეთში. პარიზში იგი მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა.

სწორედ საფრანგეთში ყოფნისას შეხვდა სირიკიტი თავის მომავალ ქმარს, ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულაიდეტს. აღსანიშნავია, რომ ისინი ორივენი ტაილანდის მეფე ჩულალონგკორნის შთამომავლები იყვნენ. ამ პერიოდში ახალგაზრდა მეფე შვეიცარიაში იღებდა განათლებას. სტუდენტი მეფე და სირიკიტი ერთმანეთს ტაილანდის სამეფოს საელჩოში შეხვდნენ, პარიზში. ამის შემდეგ მათ ერთად დაათვალიერეს პარიზის ღირსშესანიშნაობები, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ.

ქორწინება და დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 4 ოქტომბერს, ადულაიდეტი ჟენევიდან ლოზანაში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი ავტომობილის სამუხრუჭო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ავტოკატასტროფაში მოყვა. ამ დროს მას ყველაზე მეტად მხედველობა დაუზიანდა, რის გამოც კინაღამ ცალი თვალის ამოკვეთა მოუწია, თუმცა ექიმებმა მას თვალი შეუნარჩუნეს. ლოზანაში მკურნალობისას სირიკიტი მას ხშირად სტუმრობდა. მან გაიცნო ადულაიდეტის დედა, რომელმაც სირიკიტს სთხოვა სწავლა შვეიცარიაში გაეგრძელებინა, რათა მის ვაჟთან უფრო ახლოს ყოფილიყო. სირიკიტი დედა-პრინცესის თხოვნას დაჰყვა და შვეიცარიაში, ლოზანაში გადასახლდა. აქ წყვილს მალე შეუყვარდა ერთმანეთს, რასაც 1949 წლის 19 ივლისს ნიშნობა, 1950 წლის 28 აპრილს კი ქორწინება მოჰყვა. ამის შემდეგ წყვილი ტაილანდში დაბრუნდა, სადაც ამავე წლის 4 მაისს შედგა მათი მეფე-დედოფლად კურთხევის საზეიმო ცერემონიალი.

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდის მეფე-დედოფალი 1963 წელს

1956 წელს მეფე ადულაიდეტმა ტრადიციულად აიღო ხანმოკლე შვებულება და ბუდისტურ მონასტერში ბერად აღიკვეცა, რა დროსაც ქვეყანას დედოფალი სირიკიტი რეგენტის სტატუსით მართავდა. სირიკიტმა იმდენად კარგად შეასრულა თავისი მოვალეობები, რომ ამავე წლის 5 დეკემბერს, თავის დაბადების დღეზე მეფემ მას „სომდეტ ფრას“ საპატიო წოდება მიანიჭა. ტაილანდის მთელი ისტორიის განმავლობაში ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა რეგენტი დედოფალი გახდა. პირველი ასეთი დედოფალი იყო საოვაბჰა ფონგსრი, რომელიც რეგენტად მუშაობდა, როდესაც მისი მეუღლე ევროპაში გაემგზავრა.

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ სირიკიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, 2007 წელი

2012 წლის 21 ივლისს დედოფალმა სირიკიტმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რაც იმაში გამოიხატა, რომ იგი თავბრუსხვევასა და ცნობიერების დაბინდვას უჩიოდა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმების გუნდმა დედოფალს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარა და დაადგინა, რომ სირიკიტს იშემიური ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

ამის შემდეგ დედოფალი მკურნალობს და საჯარო აქტივობებისაგან თავს იკავებს.

2016 წლის 29 ნოემბერს სასახლეში გამოაცხადეს, რომ დედოფალი საავადმყოფოდან გაწერეს და გამოჯანმრთელების შემდეგ ჩიტრადალას სამეფო ვილაში დასახლდებოდა.

კულტურული სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ სირიკიტის, ისევე როგორც მეფის დაბადების დღე, ტაილანდში ეროვნულ დღესასწაულადაა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ასევე მის დაბადების დღეს ემთხვევა ტაილანდში დედების დღეც. ტალიანდის შორეულ და განაპირა რეგიონში მას საოცრად დიდ პატივს მიაგებენ, რადგანაც აქ მონარქია ჯერ კიდევ ნახევრად ღვთიურად აღიქმება. მისმა ტოლერანტულმა მიდგომამ ტაილანდელი მუსლიმების გამო გამოიწვია ის, რომ დედოფალი დიდი პატივისცემით სარგებლობს პროტანის, იალასა და ნარათჰატატის პროვინციებში, რომლებიც ძირითადად მუსულმანებითაა დასახლებული.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
უბოლ რატანა 5 აპრილი, 1951,

ლოზანა,

შვეიცარია

არა განათლება მიიღო აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში და აქვე დაქორწინდა პიტერ

ჯენსენზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა და რომელსაც 1998 წელს გაეყარა, ამის

შემდე იგი აღარ გათხოვილა.

მაჰა

ვაჩირალონგკორნი

28 ივლისი, 1952,

ბანგკოკი,

ტაილანდი

არა ტაილანდის მეფე 2016 წლიდან. იქორწინა ხუთჯერ, თუმცა პირველი სამი და მეხუთე

ქორწინება ანულირებით დასრულდა. დღეისათვის მისი ცოლია დედოფალი სუთიდა,

თუმცა მასთან შვილები არ ჰყავს, სამაგიეროდ პირველი სამი ცოლისაგან ჰყავს შვიდი

შვილი.

სირინდჰორნი 2 აპრილი, 1955,

ბანგკოკი,

ტაილანდი

არა დებარატანარაჯასუდას პრინცესა. მან უარი განაცხადა გათხოვებაზე და შვილებიც არ

ჰყავს, თუმცა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა.

ჩულამბჰორნი 4 ივლისი, 1957,

ბანგკოკი,

ტაილანდი

არა შრისავანგავადჰანას პრინცესა. იგი ცოლად გაჰყვა ვირაიუდჰ ტიშიასარინს, რომელთანაც

ორი გოგონა შეეძინა და რომელსაც თოთხმეტწლიანი ქორწინების შემდეგ, 1996 წელს

გაეყარა.

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 12 აგვისტო, 1932 - 28 აპრილი, 1950: ქალბატონი სირიკიტ კიტიაკარა;
  • 28 აპრილი, 1950 - 5 დეკემბერი, 1956: მისი სამეფო უმაღლესობა დედოფალი;
  • 5 დეკემბერი, 1956 - 5 ნოემბერი, 1956: მისი უმაღლესობა რეგენტი;
  • 5 ნოემბერი, 1956 - 13 ოქტომბერი, 2016: მისი სამეფო უმაღლესობა დედოფალი;
  • 13 ოქტომბერი, 2016 - 5 მაისი, 2019: მისი უმაღლესობა დედოფალი სირიკიტი;
  • 5 მაისი, 2019 - დღემდე: მისი უმაღლესობა დედოფალი სირიკიტი, დედა-დედოფალი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Handley (2006), p. 131-32.
  • "Statement of the Bureau of the Royal Household, Re: Her Majesty the Queen falls ill at Siriraj Hospital, dated 21 July 2012" (pdf) (in Thai). Bureau of the Royal Household. 21 July 2012. Retrieved 5 December 2012.
  • "Statement of the Bureau of the Royal Household, Re: Her Majesty the Queen falls ill at Siriraj Hospital, No. 12, dated 4 December 2012" (pdf) (in Thai). Bureau of the Royal Household. 4 December 2012. Retrieved 5 December 2012.[permanent dead link]
  • Matichon Online (in Thai). Bangkok: Matichon. 29 November 2016. Retrieved 29 November 2016.
  • Morris, Kylie (16 November 2004), "Thai Queen's plea to end violence", News, UK: BBC, retrieved 7 July 2008.
  • Forbes, Andrew (2010). DK Eyewitness Travel Guide: Thailand's Beaches & Islands, p. 35. Dorling Kindersley Limited.
  • Ridout, Lucy (2009). The Rough Guide to Thailand, p. 357. Penguin.
  • "Thailand's Suriyothai beats Titanic", News, UK: BBC, 23 November 2001, retrieved 7 July 2008.
  • "S.M. Sirikit Regina di Tailandia, Cavaliere di Gran Croce Ordine al Merito della Repubblica Italiana" (in Italian). Retrieved 8 May 2013.