სიონის ბაზილიკა და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონის ბაზილიკა და სამაროვანი — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. ივრის მარცხენა ნაპირზე. 1951 წელს წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქეოლოგიური ექსპედიციის ერთმა რაზმმა (ხელმძღვანელი ი. ციციშვილი) შეისწავლა ბაზილიკის არქიტექტურა. 1961 წელს ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი) გააშიშვლა ნაგებობის შემორჩენილი კედლები; დეტალურად აიზომა, დაინომრა მათი საპირე ქვები და ყველა დეტალი, 1962 წელს ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) გათხარა ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორია და გამოიკვლია ასზე მეტი სამარხი, რომელთა შორის აღმოჩდნა მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა. იმავე წელს ბაზილიკა და აკლდამა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში.

სამეცნიერო ლიტერატურაში ტაძრის აგების თარიღის შესახებ არსებობს ორი თვალსაზრისი; ერთის მიხედვით, ძეგლი VIII-IX საუკუნეს განეკუთვნება (გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი, რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე), მეორე თვალსაზრისით (ი. ციციშვილი, რ. რამიშვილი) - V საუკუნის მეორე ნახევარს.

ბაზილიკა გეგმით სწორკუთხაა. იგი მონოლითური სვეტების ორი წყვილით დანაწევრებულია სამ ნავად. შუა ნავი, გვერდის ნავებთან შედარებით, ორნახევარჯერ უფრო განიერია და აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი მოხაზულობის ღრმა შვერილი აფსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვანია. ეკლესიის ნავები ერთმანეთთან დაკავშირებული ყოფილა ნალისებრი თაღებით, შენობა გადახურული ყოფილა საერთო ორკალთიანი სახურავით. დამოუკიდებელი სახურავი აქვს აფსიდის წახნაგოვან შვერილს და სამხრეთით და ჩრდილოეთით გვიანდელ მინაშენებს, რომლებიც ეკლესიის შესაბამის ფასადებს მთელ სიგრძეზე ეკვრიან. ეკლესიას ეტყობა მრავალგზის საფუძვლიანი შეკეთების კვალი. მისი კედლების გარეპირი ნაწყობია შირიმის კარგად გათლილი კვადრებით. ყველა სვეტი, კონსტრუქციული და არქიტექტურული დეტალი ქვიშაქვისაა. ბაზილიკა ძლიერ დაზიანებულია: ჩამოქცეულია მთავარი და გვერდის ნავების კამაროვანი გადახურვები, დანგრეულია სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების ზედა ნაწილები და მინაშენები, ჩამოშლილია საპირე წყობის უმეტესი ნაწილი. შესასვლელები სამხრეთ და დასავლეთ კედლების შუა ნაწილშია. სახმრეთის შესასვლელი გარედან მოზრდილი ზომის არქიტრავითაა გადახურული, შიგნით კი თაღოვანია. დასავლეთის შესასვლელის გადახურვა ჩამოშლილი აქვს.

სამაროვანი განლაგებული იყო ბაზილიკის გარშემო ორ-სამ სართულად. განეკუთვნება V-XVIII საუკუნეს. სამარხები განსაკუთრებით მრავლად აღმოჩნდა ეკლესიის აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების გასწვრივ, სადაც ჭარბობდა სოციალურად დაწინაურებულ პირთა ქვისსამარხები.

არქეოლოგიური მასალა დაცულია არქეოლოგიის კვლევით ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]