შინაარსზე გადასვლა

სინქროტრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინქროტრონი (ძვ. ბერძნ. synchronos < ერთდროული და ელექტრონი) — ელექტრონების ციკლური რეზონანსული ამჩქარებელი, რომელსაც აქვს მუდმივი რადიუსის ორბიტა, დროის მიხედვით ზრდადი მმართველი (წამყვანი) მაგნიტური ველი და ამჩქარებელი მაბვის მუდმივი სიხშირე.

სინქროტრონი არის ელექტროვაკუუმური მოწყობილობა დაახლოებით რგოლისებრი ვაკუუმის კამერით, რომელშიც დამუხტულ ნაწილაკებს აჩქარებენ დაახლოებით სინათლის სიჩქარით, ხოლო მათ გზაზე მყოფი ძლიერი ელექტრომაგნიტებით დგინდება მათი მოძრაობის ტრაექტორია. ვაკუუმურ კამერაში მუდმივად ნარჩუნდება ულტრამაღალი ვაკუუმი (10−9 ტორი და მეტის რიგის), რათა თავიდან იქნას აცილებული სხივის ნაწილაკების გაფანტვა ნარჩენი გაზის ატომებზე. სინქროტრონი მოქმედებს აჩქარების რეზონანსული პრინციპის მიხედვით, ანუ ნაწილაკების გროვა ხვდება მაღალი სიხშირის რეზონატორის ამჩქარებელ ელექტრულ ველში ყოველთვის იმავე ფაზაში და ნაწილაკები იღებენ ენერგიის შედარებით მცირე ნაწილს, ვიდრე მათ გააჩნიათ კინეტიკური ენერგიის სახით. ნაწილაკების აჩქარება მიიღწევა, მათი ამჩქარებლის განყოფილებაში მრავალჯერადი (~106-ჯერ წამში) გავლით.