სინკოთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სინკოთი
სინაქოთი
სინკოთი (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°10′25″N 42°09′05″E / 41.1737° ჩ. გ. 42.1515° ა. გ. / 41.1737; 42.1515
რელიგიური კუთვნილება სადავო
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია ართვინი
ადგილმდებარეობა სოფ. სინკოთი.
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება ~IX სკ.

სინკოთის ეკლესია — ისტორიული შავშეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკლესია. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, სოფელ სინკოთში. სოფლის ახლანდელი სახელწოდებაა ქიუფლიუჯე (თურქ. Kupluce, თურქული სიტყვიდან Kup – ქვევრი).

წერილობითი ცნობები სინკოთის შესახებ პრაქტიკულად არ მოიპოვება. ნასყიდობის ერთ სიგელში, რომელიც გ. ყაზბეგმა იპოვა ტბეთში და დ. ბაქრაძემ გამოსცა, საქართველოს სხვა ცნობილ სიწმინდეებთან ერთად ნახსენებია „მეოხებითა ცხრათა ნაწილთა სინაქოტისათა“. დ. ბაქრაძის აზრით აქ ნაგულისხმებია სწორედ გვიანდელი სინკოთი, სადაც, საფიქრელია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წმინდა ნაწილები ინახებოდა. სოფლის განაპირას, პატარა ბორცვზე მდგარი ეკლესია ძლიერ დაზიანებული იყო უკვე 1904 წელს, როცა ის ნ. მარმა ნახა. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამჟამად მთლიანად ჩანგრეულია გუმბათი, გუმბათქვეშა თაღები და გარდამავალი კონსტრუქცია, კამარების დიდი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, საფასადო წყობა შემორჩა მხოლოდ ჩრდილოეთ მხარეს, სხვა სამ ფასადზე მთლიანად შემოძარცულია. ინტერიერი ამოვსებულია ნამსხვერევებით, რომელზედაც უხვი მცენარეულობა არის ამოსული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სინკოთი სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინკოთის ეკლესია ნაგებია შერეული მასალით. კედლის ძირითადი წყობა როგორც შიგნით, ისე გარეთ შედგება 20-25 სმ სიმაღლის სწორ რიგებად დაწყობილი ქვებისაგან. ქვები კლდოვანი ჯიშისაა, სხვადასხვა ფერის (რუხი, მოვარდისფრო, მომწვანო, მოყვითალო). ისინი დამუშავებულია ძალიან ზოგადად, მიცემული აქვთ მხოლოდ ზოგადი ფორმა, წიბოების გამოყვანის გარეშე. პირითი მხარე გათლილია, მაგრამ არა გლუვად. დიდრონი ღრეჩოები ქვებს შორის კენჭებითა და კირის ხსნარით არის ამოვსებული. საპირე წყობის ქვები კედელში 15-20 სმ-ს სიღრმეზე სხედან. ალაგ-ალაგ გვხვდება კედლის გარდიგარდმო დადებული გრძელი ქვები, რომლებიც ფასადზე ვიწრო წახნაგით გამოდის. კუთხეებზე ქვები უფრო უკეთაა გათლილი, მაგრამ არა სუფთად. შემორჩენილი კამარები ამოყვანილია დუღაბით (ქარგილებზე), თაღები – ზოგი დუღაბით, ზოგიც აგურით. ერთი-ორგან აგურის თაღებში შერეულია აგურის ზომაზე დატეხილი ქვაც.

ეკლესია გეგმით წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს. შუაში იდგა ოთხი ბურჯი, რომლებსაც ეფუძნებოდა გუმბათი (ახლა ბურჯების დასავლეთ წყვილი დანგრეულია). ცენტრალურ კვადრატს ერთვის ოთხი მკლავი, ამათგან აღმოსავლეთისა ბოლოვდება საკურთხევლის აფსიდით. მის ორსავ მხარეს მოწყობილია დამხმარე სათავსები. სინკოთი შედარებით რთულადაა აგებული. შუა ბირთვის (მას შეადგენს ცენტრალური კვადრატი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებთან ერთად) ირგვლივ შენობა ორ სართულად არის გაყოფილი. მეორე სართულზე იქმნება ვრცელი სამმხრივი პატრონიკე, სამივე მხრიდან თაღებით გახსნილი შუა სივრცისაკენ. პატრონიკეს გრძივი ფრთები ხუთ-ხუთი მონაკვეთისგან შედგება, ამათგან შუა მონაკვეთები, რომლებიც გუმბათქვეშა კვადრატს შეესაბამება, სხვებზე განიერია და შესამჩნევად მაღალი. განსხვავებით დანარჩენი მონაკვეთებისაგან, რომელთაც ჯვაროვანი კამარები ხურავს, შუა მონაკვეთები ცილინდრული კამარებით არის გადახურული განივ (სამხრეთ-ჩრდილოეთი) ღერძზე. ამის წყალობით გარედან ისინი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებთან ერთად ქმნიან „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის შენობისათვის დამახასიათებელ მოცულობას მასათა საფეხუროვანი განაწილებით.

გუმბათის არქიტექტურის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია – ის უკვე ნ. მარის მოგზაურობის დროს მთლიანად განადგურებული იყო. გადახურვის ნანგრევებში არის გუმბათქვეშა კვადრატის კუთხის ფრაგმენტი, რომელზეც შემორჩენილია დუღაბით ამოყვანილი გარდამავალი კონსტრუქციის მცირე ნაწილი – აფრის სფერულად შეზნექილი სიბრტყე. ეს ფრაგმენტი მოწმობს, რომ შენობაში ან წმინდა აფრული სისტემა იყო, ან აფრა-ტრომპული. პატრონიკეს ქვეშ გვერდითა ნაწილებს ერთიანი გრძივი ცილინდრული კამარები ხურავს. პატრონიკეს დასავლეთ მონაკვეთის ქვემოთ არის თავისებური ნართექსი, რომელიც ძირითად სივრცეს ერთი ფართო თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება.

მთავარი შესასვლელები ეკლესიას ჰქონდა სამხრეთიდან (ეს კარი ახლაც ჩანს) და, როგორც ჩანს, დასავლეთიდან (ეს კედელი ახლა მთლიანად დანგრეულია). კიდევ ორი დამატებით პატარა კარი არის ჩრდილოეთ კედელში. ჩრდილოეთის – ერთადერთ ასე თუ ისე შემორჩენილ – ფასადზე კვეთილი დეკორი არ ჩანს, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო პატარა თავსართები. ახლა თავი ყველა სარკმელს მორღვეული აქვს.

სინკოთის ეკლესიის რთული, მრავალწევრი სტრუქტურა თავისი ხასიათით გარდამავალი ხანის, მეტად კი IX საუკუნის არქიტექტურას უკავშირდება. თლილი ქვის გამოუყენებლობა კუთხეებსა და მრუდხაზოვან კონსტრუქციებზე ასევე მიგვითითებს X საუკუნის წინა ხანაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ხოშტარია — კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, არტანუჯი, 2005.