სიმონ ფანჩულიძე
| სიმონ ფანჩულიძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 1767[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 17 დეკემბერი, 1817[1] |
| წოდება | გენერალ-მაიორი |
| მეთაურობდა | 2nd Pavlograd Life Hussar Regiment |
| ბრძოლები/ომები | რუსეთ-ოსმალეთის ომი და ნაპოლეონის ომები |
| ჯილდოები | ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი |
სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე (რუს. Семён Панчулидзев 2-й; დ. 1767 — გ. 17 დეკემბერი, 1817, მოსკოვი) — წარმოშობით ქართველი რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1807).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმონ ფანჩულიძემ 1785 წლის 14 თებერვალს დაამთავრა აზნაურთა სახმელეთო კადეტთა კორპუსი პორუჩიკის წოდებით და სამხედრო სამსახური დაიწყო ჩერნიგოვის 29-ე ქვეითთა პოლკში.
საბრძოლო ნათლობა მიიღო 1791 წელს, რუსეთ-თურქეთის ომში, ანაპის ციხესიმაგრის შტურმისას. ამ ბრძოლაში სიმონთან ერთად მონაწილეობდა მისი უფროსი ძმა ივანე. სიმონი იყო 1794 წლის პოლონეთის კამპანიისა და 1799 წლის ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარიის ლაშქრობის მონაწილე, სადაც გენერალ ალექსანდრე რიმსკი-კორსაკოვის ჯარების შემადგენლობაში მან ბრძოლით გაიარა გალიცია, სილეზია, მორავია, ბოჰემია და შვაბია. 1799 წლის 29 ნოემბერს მას მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. 1803 წლის 9 იანვარს სიმონ ფანჩულიძეს მიანდეს პავლოდარის მე-2 ლეიბ-ჰუსართა პოლკის ხელმძღვანელობა.
1805-1807 წლებში პოლკოვნიკი ფანჩულიძე მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში. მათ შორის აუსტერლიცის ბრძოლაში, რისთვისაც წმინდა გიორგის IV კლასის ორდენი დაიმსახურა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1807 წლის 7-8 თებერვალს პროისიშ-აილაუს ბრძოლაში. სამი წლის მანძილზე მან იმპერიის 5 ჯილდო მიიღო, ხოლო 1807 წლის 12 დეკემბერს კავალერიის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
სიმონ ფანჩულიძე უფროს ძმასთან, ივანე ფანჩულიძესთან ერთად, მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში. ინგერმანლანდიის დრაგუნთა პოლკი, რომელსაც იგი მეთაურობდა, როგორც წესი, მოქმედებდა ყველაზე მძიმე უბნებზე. ბოროდინოს ველზე გენერალ-მაიორი ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა რუსების მარცხენა ფრთის კავალერიას. სმოლენსკის, ბოროდინოს, მალოიაროსლავეცისა და სხვა ბრძოლებში თავის გამოჩენისათვის მან წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი დაიმსახურა, ხოლო, ბოროდინოს ბრძოლისთვის ალმასებით მოჭედილი ოქროს ხმალი ებოძა.
1813-1814 წლებში სიმონ ფანჩულიძე მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობაში, კერძოდ, გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებში, მათ შორის ბაუცენის, კაცბახის, დრეზდენის, ლაიფციგის, ლა როტიერისა და კრაონის ბრძოლებში.
ხანგრძლივმა სამსახურმა და სისხლისმღვრელ ბრძოლებში მიღებულმა ჭრილობებმა სიმონ ფანჩულიძის ჯანმრთელობა შეარყია. 1814 წლისთვის მას უკვე აღარ შეეძლო მოქმედ არმიაში სამსახური. პირადი თხოვნის საფუძველზე, 1815 წლის 1 ივნისის ბრძანებით გენერალ-მაიორი ფანჩულიძე ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას შეუნარჩუნდა მუნდირი და დაენიშნა ნახევარი ჯამაგირის ოდენობის პენსია.
სიმონ ფანჩულიძე გარდაიცვალა 1817 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს სასაფლაოზე.
1812 წლის სამამულო ომში გამოჩენილი გმირობისა და დამსახურებისთვის, ძმების, ივანე და სიმონ ფანჩულიძეების პორტრეტები გამოფენილი იყო პეტერბურგის ზამთრის სასახლეში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმონ ფანჩულიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სიმონ ფანჩულიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.