სიმონ ნემანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონ ნემანიშვილი
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1911(1911-02-12)
დაბ. ადგილი აბანოეთი
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 1993(1993-09-06) (82 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

სიმონ ნემანიშვილი (დ. 12 თებერვალი, 1911 — გ. 6 სექტემბერი, 1993) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1954).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონ ნემანიშვილმა დაამთავრა ქალაქ ონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციელობით 1939 წელს.[1]

1931 წელს დანიშნეს ონის რაიონის სოფელ ზვარეთის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1933–34 წლებში — დირექტორად; 1939–41 წლებში მუშაობდა ქალაქ გორის გეოგრაფიის მეთოდკაბინეტის ხელმძღვანელად; 1941–46 წლებში იყო საბჭოთა არმიაში; 1946 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ თბილისის 33-ე ქალთა საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ; 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა; 1948–52 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.[1]

1956 წლიდან მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1954 წელს თემაზე: „ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილის გეომორფოლოგიისათვის“. მის სადისერტაციო ნაშრომში პირველად იქნა გაშუქებული რელიეფწარმომშობი ფაქტორების თავისებურება; გამოყოფილ იქნა ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების საფეხურები და მათი გეომორფოლოგიური დახასიათება და გავრცელება.[1]

სიმონ ნემანიშვილი ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგანაც 50 გამოქვეყნებულია. ნაშრომების უმეტესი ნაწილი ეხება მდინარეთა და ზღვიური ტერასების მეცნიერულ გამოკვლევებს. ტერასების გავრცელების ზოგადი სურათი გადმოცემულია ქვეყნის გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინების ფონზე. შეიმუშავა მდინარეული ტერასების გენეტური კლასიფიკაციის ორიგინალური, ოთხწევრიანი სქემა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003