შინაარსზე გადასვლა

სიმეტიერ დე შიენსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმეტიერ დე შიენსი, აგრეთვე ცნობილი როგორც ძაღლების სასაფლაო (ფრანგ. Le Cimetière des Chiens „ძაღლების სასაფლაო“) — ცხოველების სასაფლაო, რომელიც საფრანგეთში, პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სენას მარცხენა სანაპიროზე, კლიში-ლა-გარენისა და ანიერ-სიურ-სენის გარეუბნებს შორის მდებარეობს. „ძაღლების სასაფლაო“ გაიხსნა 1899 წელს. ეს სახლის ცხოველებისათვის მსოფლიოში მეორე ოფიციალური სასაფლაოა 1896 წელს აშშ-ის ქალაქ ჰარტსდეილში (ნიუ-იორკის შტატი) გახსნილი სასაფლაოს შემდეგ.

1845 წელს ექიმ ეტიენ პარიზეს (ფრანგ. Étienne Pariset) მიერ ორგანიზებულ იქნა „ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ (ფრანგ. S.P.A., La Société protectrice des animaux). S.P.A.-მ გამოსცა მიწერილობა, რომლის თანახმადაც პარიზში მკვდარი ცხოველების გვამები 48 საათის განმავლობაში დამუშავების მიზნით უნდა მიეწოდებინათ ფიტულების დამამზადებლებთან. პრაქტიკაში კი ცხოველთა გვამებს ყრიდნენ სანაგვეებზე და სენაში. 1898 წლის 21 ივნისს შემოიღეს კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ პრობლემის გადაჭრის უზრუნველყოფას: იგი კრძალავს მკვდარი ცხოველების სხეულების უბრალო გადაყრას და ითვალისწინებს, რომ ცხოველების დამარხვა შეიძლება საფლავებში, რომლებიც განლაგებულია უახლოესი საცხოვრებლისაგან არა ნაკლებ 100 მეტრის მანძილზე, არა ნაკლებ 1 მეტრის მიწის ფენის ქვეშ.

ცხოველთა ინტერესების დაცვის მიზნით, პარიზის ადვოკატმა ჟორჟ არმუამ (ფრანგ. Georges Harmois) და მსახიობმა, ჟურნალისტმა და შემდგომში სენატორმა მარგერიტ დიურანმა (ფრანგ. Marguerite Durand) 1899 წლის 2 მაისს შექმნეს საზოგადოება „ანონიმური ფრანგული სასაფლაო ძაღლებისათვის“ (ფრანგ. Société Française Anonyme du Cimetière pour chiens), რომელმაც 1899 წლის 15 ივნისს ბარონ ბოსმოლესაგან (ფრანგ. baron de Bosmolet) შეიძინა მისთვის კუთვნილი ცარიელი ავაზაკური კუნძულის (კუნძული რავაჟიორი (ფრანგ. Ravageurs)) ნახევარი, კერძოდ კი კლიშის ხიდის (ფრანგ. Сlichy) იქით მყოფი კუნძულის ნაწილი (კლიშის ხიდი აერთიანებს გარეუბნებს კლიში-ლა-გარენს და ანიერ-სიურ-სენს). ლეგენდის თანახმად, სენას სანაპიროებზე განლაგებული ეს კუნძული XIX საუკუნეში ასრულებდა თავშესაფრის როლს ავაზაკებისათვის. თავისი არსით, ეს უფრო მეტად ჰგავდა სხვადასხვაგვარი ნაგავის, ლითონისა და სხვა ხარახურის დიდ სანაგვეს. მიიღო რა დაპირებები იმის შესახებ, რომ „1898 წლის 21 ივნისის კანონი ცხოველთა დასაფლავების შესახებ“ იქნებოდა დაცული, პარიზის პრეფექტი წინააღმდეგი არ იყო კუნძულზე სასაფლაოს შექმნისა.