შინაარსზე გადასვლა

სიმა ციენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმა ციენი

სიმა ციენი (ჩინ. 司馬遷) (დ. ძვ. წ. 145 - გ. ძვ. წ. 90) — ხანის დინასტიის დიდი ნაწერების პრეფექტი, ჩინური ისტორიოგრაფიის მამა. ცნობილი ისტორიული ნაშრომის შიძის (史記, ისტორიული ჩანაწერები) ავტორი, რომელიც შეიცავს ჩინეთის ისტორიის მიმოხილვას ლეგენდარული ყვითელი იმპერატორიდან იმპერატორ ხან უ ტის (漢武帝) ეპოქამდე.

სიმა ციენი დაიბადა ისტორიოგრაფის ოჯახში. მამამისი მსახურობდა იმპერატორ ხან უ ტის კარზე „დიდი წარწერების“ პრეფექტად. მის მოვალეობებში შედიოდა იმპერატორის ბიბლიოთეკის და კალენდრის მართვა. მამის გავლენით სიმა 10 წლის ასაკისთვის უკვე კარგად ერკვეოდა ძველ წიგნებში. სწავლობდა ცნობილ კონფუციანელთან ქუნგ ანკუოსთან (孔安國) და ტუნგ ჭუნგშუსთან (董仲舒). ოცი წლის ასაკისთვის მამის ხელშეწყობით დაიწყო მოგზაურობა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში და აგროვებდა ისტორიულ დოკუმენტებს. ასევე აგროვებდა და ამოწმებდა ძველ ლეგენდებსა და თქმულებებს და ნახულობდა ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის მოინახულა მეფეების იუს და შუნის საფლავები.

მოგზაურობის შემდეგ დაინიშნა სასახლეში ვეზირად (郎中, Lang Zhong). მის მოვალეობებში შედიოდა იმპერატორთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ინსპექტირება. ძვ. წ. 110 წელს 35 წლის სიმა ციენი გაგზავნეს დასავლეთ საზღვრებისკენ ბარბაროსული ტომების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიციაში. იმავე წელს მამამისი ავად გახდა და შვილს მოუწოდა უკან დაბრუნებულიყო, რათა გაეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია და დაესრულებინა მის მიერ დაწყებული ისტორიული ნაშრომი. ამრიგად, ძვ. წ. 109 წელს სიმამ დაიწყო შიძიზე მუშაობა.

ძვ. წ. 105 წელს სიმა არჩეულ იქნა სხვა მეცნიერებთან ერთად კალენდრის რეფორმის ჩასატარებლად. ამავდროულად იმპერატორის მრჩეველიც გახდა. ძვ. წ. 99 წელს ლი კუანგლი (李廣利) და ლი ლინგი (李陵) ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ექსპედიციას სიონგნუს (匈奴) წინააღმდეგ. ისინი დამარცხდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. იმპერატორმა დამარცხება ლი ლინგს დააბრალა. იმპერატორის ყველა მიახლოებული პირიც ლი ლინგს ადანაშაულებდა. სიმა ციენი არ იყო ლი ლინგის მეგობარი, მაგრამ პატივს სცემდა მას და დაიცვა. იმპერატორმა ჩათვალა, რომ სიმას მეორე მხედართმთავრის მიმართ შური ამოძრავებდა და მისთვის ზიანის მიყენება სურდა. ამის გამო სიმა დააპატიმრეს.

სიმა ციხიდან მხოლოდ ძვ. წ. 96 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც განაგრძო შიძიზე მუშაობა ძვ. წ. 91 წლამდე.

შიძის პირველი გვერდი

შიძიმდე ჩინეთში არსებობდა არაერთი ისტორიული მატიანე, მაგრამ შემდეგი თაობების ჩინელი ისტორიკოსებისთვის შიძი გახდა ნიმუში. შიძი წარმოადგენდა ისტორიული ნაწარმოების სრულიად ახალ სახეს. სიმა ციენმა ისტორია გადმოსცა ბიოგრაფიების სერიის სახით. მის ნაშრომში არის 130 თავი, ისინი ისტორიულ თანმიმდევრობას კი არ წარმოადგენენ, არამედ სხვადასხვა თემებს, მათ შორის მატიანეს, ქრონიკებს, ტრაქტატებს, მუსიკას, ეკონომიკას, კალენდარს, რელიგიას, ცერემონიებს და ამასთან ერთად ვრცელ ბიოგრაფიებს.

სიმა ციენამდე იწერებოდა როგორც წესი დინასტიების ქრონიკები და არა ქვეყნის ისტორია. სიმა ციენის ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია შემდეგი თაობების ისტორიკოსებზე. მის სტილს მისდევდნენ ისტორიკოსები ჭენგციაო (鄭樵) (თუნგშის (通史) ავტორი) და სიმა კუანგი (司馬光), ძიჭი თუნგიენის (資治通鑑) ავტორი.

შიძი არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ლიტერატურული თვალსაზრისითაცაა ღირსშესანიშნავი. ბიოგრაფიები ძალიან ცოცხალი ენითაა დაწერილი, რადგან იგი ხშირად იყენებდა დიალოგებსაც რეალიზმის გასაზრდელად.

ციენი ასევე პირველი იყო, ვინც არა მხოლოდ ცდილობდა ისტორიული მოვლენების ასახვას, არამედ ანალიზს.

შიძის გარდა სიმა ციენმა დაწერა რვა რაფსოდია (ფუ 賦).

ასტროლოგია და კალენდარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმა ციენი, მამის მსგავსად, ხანის დინასტიის ასტროლოგი იყო. იმ დროს ასტროლოგის თანამდებობა კარზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძვ. წ. 104 წელს სხვა მეცნიერებთან ერთად სიმამ შექმნა თაიძიული (პირველი კალენდარი). მის მიხედვით წელიწადში 365,25 დღე იყო, ხოლო თვეში 29,53. ამ კალენდარმა ჩინურ კალენდარულ ტრადიციაში რევოლუცია გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Wikisource
Wikisource
ვიკიწყაროში არის სტატიასთან დაკავშირებული ორიგინალური ტექსტი