სიმაღლებრივი სარტყლურობა

სიმაღლებრივი სარტყლურობა, სიმაღლებრივი ზონალურობა, ვერტიკალური ზონალურობა — მთავარი გეოგრაფიული კანონზომიერება, რომელიც გულისხმობს მთებში სიმაღლესთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და ლანდშაფტების ცვალებადობას. ძირითადად განპირობებულია აბსოლუტური სიმაღლის ზრდის მიხედვით სითბოსა და ტენიანობის პირობების ცვლილებით. ამ ცვლილებათა მიზეზები, ინტენსივობა და მიმართულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გეოგრაფიული განედის მიხედვით მომხდარი შესაბამისი ცვლილებებისგან. სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდება ჰაერის სიმკვრივე, იკლებს მასში წყლის ორთქლისა და მტვრის შემცველობა, ეს ამცირებს ატმოსფერულ წნევას, შედეგად კი ზრდის მზის პირდაპირი რადიაციის ინტენსივობას. მაგრამ დედამიწის ზედაპირის საკუთარი გამოსხივება უფრო სწრაფად ძლიერდება, რის შედეგადაც სიმაღლესთან ერთად ხდება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი შემცირება (საშუალოდ 0,5–0,65°C ყოველ 100 მეტრზე). ნალექების რაოდენობა მთების ბარიერული ეფექტის გამო იზრდება გარკვეულ სიმაღლემდე (მშრალ რაიონებში, ჩვეულებრივ, ეს ნიშნული უფრო მაღლაა), შემდეგ კი მცირდება.[1]
სიმაღლის მიხედვით კლიმატური პირობების სწრაფ ცვლილებას თან ახლავს ნიადაგების, მცენარეულობის, ჩამონადენის პირობების, თანამედროვე ეგზოგენური პროცესების ნაკრებისა და ინტენსივობის, რელიეფის ფორმებისა და მთლიანად ბუნებრივი კომპლექსის ცვლა. ეს იწვევს სიმაღლებრივი ზონების ფორმირებას, რომლებიც გამოიყოფა ლანდშაფტის გაბატონებული ტიპის მიხედვით (მთა-ტყის, მთა-სტეპის). მათში ლანდშაფტის გარკვეული ქვეტიპის გაბატონების მიხედვით გამოყოფენ სიმაღლებრივ სარტყლებს, ანუ სიმაღლებრივ ქვეზონებს (მაგალითად, მთა-ტყის ზონის შერეული, ფართოფოთლოვანი ან მუქწიწვოვანი ტყეების სარტყლები). სიმაღლებრივ ზონებსა და სარტყლებს სახელს არქმევენ გაბატონებული მცენარეულობის ტიპის, ლანდშაფტების ყველაზე თვალსაჩინო კომპონენტისა და დანარჩენი ბუნებრივი პირობების ინდიკატორის მიხედვით.[1]

მთიან მხარეებში სიმაღლის ზრდასთან ერთად შეიმჩნევა ლანდშაფტის გეომორფოლოგიური, ჰიდროკლიმატური და ბიოლოგიური კომპონენტების ვერტიკალური ცვლილებები. ტროპიკული სარტყლების ნოტიო, თანაბარი თერმული რეჟიმის მქონე ჰავა მთიან მხარეებში განაპირობებს ვერტიკალური სარტყლების მეტ რაოდენობას და მაღალ დონეს. პოლუსებისაკენ აცივების გამო ვერტიკალური სარტყლები დაბლა ეშვება და ქვედა სარტყლები ქრება კიდეც. მაგ., ცენტრალურ ანდებში (ს. გ. 28°) არის ნახევარუდაბნოების, მთის სტეპის, ნოტიო ეკვატორული ტყის, ტროპიკული ტყის, სუბალპური და ალპური მდელოების და ნივალური სარტყლები, თოვლის მიჯნა 5600–6500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს; პატაგონიის ანდებში (ს. გ. 39°-ის სამხრეთით) ვერტიკალური სარტყლები მხოლოდ წიწვოვანი, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეებით იწყება, თოვლის მიჯნა 1000–1200 მეტრამდე ეშვება. სიმაღლებრივი სარტყლურობა დამოკიდებულია აგრეთვე მთის კალთების ექსპოზიციაზე, გაბატონებულ ქარებზე და სხვ.[2]
განედური ლანდშაფტური ზონებისა და ქვეზონებისგან სიმაღლებრივი ზონები და სარტყლები განსხვავდება ნაკლები გავრცელებით, სპეციფიკური ეგზოგენური პროცესების გამოვლენით ძლიერდანაწევრებული და ციცაბოფერდობებიანი რელიეფის პირობებში, რაც არ არის დამახასიათებელი ვაკის ლანდშაფტებისთვის (ზვავები, ღვარცოფები, მეწყრები და სხვა); ასევე ნიადაგების ღორღიანობით, მცირე სისქით და სხვა. ზოგიერთ სიმაღლებრივ ზონასა და სარტყელს არ აქვს ვაკური ანალოგები (მაგალითად, მთა-მდელოს ზონა სუბნივალური, ალპური და სუბალპური სარტყლებით).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Петрушина М. Н. Высотная поясность // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006.
- ↑ სიმაღლებრივი სარტყლურობა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 345.