შინაარსზე გადასვლა

სილვესტრე ნტიბანტუნგანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილვესტრე ნტიბანტუნგანია
ფრანგ. Sylvestre Ntibantunganya
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1956(1956-05-08)[1] (69 წლის)
დაბადების ადგილი გიტეგას პროვინცია
მოქალაქეობა  ბურუნდი[2]

სილვესტრე ნტიბანტუნგანია (დ. 8 მაისი, 1956) — ბურუნდიელი პოლიტიკოსი. იგი იყო ბურუნდის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი 1993 წლის 23 დეკემბრიდან 1994 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო ბურუნდის პრეზიდენტი — 1994 წლის 6 აპრილიდან 1996 წლის 25 ივლისამდე (1994 წლის ოქტომბრამდე მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით).

ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ნტიბანტუნგანია პოლიტიკაში 1970-იან წლებში ჩაერთო. თავდაპირველად იგი შეუერთდა მარქსიზმის გავლენის ქვეშ მყოფ „ბურუნდის მშრომელთა პარტიას“ (UBU), მოგვიანებით კი დატოვა იგი და 1986 წელს გახდა „ბურუნდის დემოკრატიული ფრონტის“ (FRODEBU) თანადამფუძნებელი.

1980-იან წლებში იგი ჟურნალისტად მუშაობდა ბურუნდის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში. 1993 წლის ივნისის მრავალპარტიულ არჩევნებში FRODEBU-მ გაიმარჯვა „ეროვნული პროგრესის კავშირზე“ (UPRONA) — ტუტსის ეთნიკური ჯგუფის მიერ დომინირებულ პარტიაზე, რომელიც ბურუნდის ერთპარტიული სისტემით 1966 წლიდან მართავდა. ამ გამარჯვების შემდეგ ნტიბანტუნგანია ბურუნდის ეროვნული ასამბლეის წევრად აირჩიეს. მომდევნო თვეში, ბურუნდის ახალმა პრეზიდენტმა და მისმა თანაპარტიელმა, მელქიორ ნდადაიემ, იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

ნდადაიეს მკვლელობამ ოქტომბერში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას (ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თვის შემდეგ), გამოიწვია ბურუნდის სამოქალაქო ომი ტუტსებსა და ჰუტუებს შორის. ამ პერიოდში, ორი თვის შემდეგ, ნტიბანტუნგანია ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად დაინიშნა. 1994 წლის აპრილში ნდადაიეს მემკვიდრის, სიპრიენ ნტარიამირას მკვლელობის შემდეგ, ნტიბანტუნგანია სამოქალაქო ომის შუაგულში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში პრეზიდენტის თანამდებობა მუდმივ საფუძველზე დაიკავა.

ომის მიმდინარეობისას, 1996 წელს, იგი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს და ის UPRONA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, პიერ ბუიოიამ ჩაანაცვლა. 2005 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმებების საფუძველზე, ნტიბანტუნგანია სამუდამო სენატორი გახდა და ამ პოზიციას 2018 წლამდე იკავებდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა 2015 წლის ბურუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.

სილვესტრ ნტიბანტუნგანია დაიბადა 1956 წლის 8 მაისს გიტეგის პროვინციაში, გიშუბის კომუნაში.[3] იგი ეთნიკური ჰუტუა.[4] ბავშვობაში მღვდლობა ჰქონდა განზრახული, რის გამოც დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ მუგერას სემინარიაში სწავლობდა.[5] თუმცა, პირველივე სემესტრის შემდეგ სემინარია დატოვა და სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო.

1984 წელს მან დაასრულა სწავლა ისტორიისა და გეოგრაფიის ბაკალავრის ხარისხით. მას მასწავლებლად მუშაობა სურდა, თუმცა ვაკანსიის მოძიება ვერ მოახერხა.[5] 1984 წლის აპრილიდან 1987 წლის დეკემბრამდე იგი ჟურნალისტად მუშაობდა ბურუნდის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში.[3]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული აქტივობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში ნტიბანტუნგანია იყო „პროგრესულ ბურუნდიელ სტუდენტთა მოძრაობის“ (Mouvement des Etudiants Progressistes Barundi) წევრი.[3] 1979 წლის აგვისტოში ამ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა დააარსა „ბურუნდის მშრომელთა პარტია“ (UBU), რომელიც რევოლუციური სოციალისტური ორიენტაციის იყო. პარტიაში გასაწევრიანებლად აპლიკანტს უნდა ჰყოლოდა წარმდგენი (სპონსორი) მოქმედი წევრებიდან და გადიოდა გამოსაცდელ ვადას, რომლის დროსაც მარქსიზმს სწავლობდა. ნტიბანტუნგანიას რეკომენდაცია ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გაუწია და სამი თვის შემდეგ იგი პარტიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 1981 წლისთვის ის უკვე ცენტრალური კომიტეტის წევრი და საგარეო ურთიერთობათა ეროვნული მდივანი იყო.[6]

UBU-ში ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა: პირველი მხარს უჭერდა შეიარაღებულ რევოლუციას, ხოლო მეორე — ნტიბანტუნგანიასა და მელქიორ ნდადაიეს ხელმძღვანელობით — დემოკრატიასა და პოლიტიკურ თავისუფლებას.[7] ამ იდეოლოგიური უთანხმოების გამო, მათ 1983 წელს პარტია დატოვეს.[3][7]

1988 წელს პრეზიდენტმა პიერ ბუიოიამ გამოსცა განკარგულება 24-კაციანი კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც ბურუნდიში ეთნიკური დაპირისპირება უნდა შეესწავლა და ეროვნული ერთიანობის გეგმა შეემუშავებინა.[8] ნტიბანტუნგანია ამ კომისიის წევრი იყო, რომელმაც შეადგინა „ეროვნული ერთიანობის ქარტია“. თუმცა, ოპოზიციონერმა ჰუტუებმა ქარტია დაგმეს იმ მოტივით, რომ მასში ტუტსები დომინირებდნენ და ქვეყნის განვითარების ელიტისტურ ხედვას წარმოადგენდა. მოგვიანებით ნტიბანტუნგანიამ ამ პროექტს წარუმატებელი უწოდა.[9]

1991 წლის მაისში მან დააარსა გაზეთი Tujujurane, რომელიც კირუნდის ენაზე გამოიცემოდა.[10] 1986 [11] წელს მან თანადააფუძნა „ბურუნდის დემოკრატიული ფრონტი“ (FRODEBU), გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მისი ოფიციალური გაზეთის, L'Aube de la Démocratie-ს („დემოკრატიის განთიადი“) რედაქტორი,[12] ხოლო 1993 წლისთვის პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობდა.[13]

საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 29 ივნისს ბურუნდიში ჩატარებულ საკანონმდებლო არჩევნებში, ნტიბანტუნგანია არჩეულია ეროვნული ასამბლეის წევრად გიტეგას პროვინციიდან.[3] 10 ივლისს იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა პრემიერ-მინისტრ სილვი კინიგის მთავრობაში.[14]

1993 წლის 21 ოქტომბერს, გამთენიისას, ბურუნდის არმიის ტუტსმა ჯარისკაცებმა სახელმწიფო გადატრიალება წამოიწყეს და თავს დაესხნენ საპრეზიდენტო სასახლეს .[15] პრეზიდენტის მეუღლემ დაურეკა ნტიბანტუნგანიას, რათა იგი პუტჩის (ამბოხის) შესახებ გაეფრთხილებინა .[12] გაფრთხილებისთანავე მან დაიწყო FRODEBU-ს ლიდერებთან დარეკვა მთავრობის მობილიზების მიზნით და გააფრთხილა კომუნიკაციების მინისტრი ჟან-მარი ნგენდაჰაიო .[16] მან ასევე დაურეკა აშშ-ის საელჩოს საქმეთა რწმუნებულს და მიიღო პირობა, რომ ამერიკის მთავრობა დაგმობდა გადატრიალებას. ამის შემდეგ მან გაქცევა გადაწყვიტა. საკუთარი სამხედრო დაცვისადმი უნდობლობის გამო, ნტიბანტუნგანიამ მებაღის ტანსაცმელი გადაიცვა და ფეხით მივიდა მეგობრის სახლში, სადაც მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმალებოდა .[17] მისი მეუღლე, ეუსები ნშიმირიმანა, ჯარისკაცებმა მოკლეს სხვა სახლში დამალვის მცდელობისას, თუმცა მათი ჩვილი გადარჩა .[18] მოგვიანებით მან თავშესაფარი საფრანგეთის საელჩოში იპოვა კინიგისთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად.[19] პრეზიდენტი ნდადაიე საბოლოოდ მოკლეს გადატრიალების დროს, ისევე როგორც სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც საპრეზიდენტო მემკვიდრეობის ხაზში იყვნენ .[20] ნტიბანტუნგანიამ მოგვიანებით გადატრიალების ღამე თავის ყველაზე სევდიან მოგონებად მოიხსენია[3]. ნდადაიეს სიკვდილის შემდეგ იგი გახდა FRODEBU-ს დროებითი ლიდერი.[5] მან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 1993 წლის 22 დეკემბერს დატოვა, ხოლო მომდევნო დღეს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს [21] .

FRODEBU-მ ასევე დაიწყო მუშაობა ახალი პრეზიდენტის დასახელებაზე.[22] ამან გამოიწვია მეტოქეობა ნტიბანტუნგანიასა და FRODEBU-ს სხვა თანადამფუძნებელს, ლეონარდ ნიანგომას შორის. საკუთარი გადმოცემით, ნტიბანტუნგანიამ გადაწყვიტა მოეხსნა თავისი კანდიდატურა ,[23] მიუხედავად ცენტრალური კომიტეტის მხარდაჭერისა,[22] რადგან სურდა პარტიულ საკითხებზე ფოკუსირებულიყო. ნგენდაჰაიომ კი წამოაყენა წინადადება, რომ FRODEBU-ს ამ პოსტზე მხარი სიპრიენ ნტარიამირასთვის დაეჭირა .[23] FRODEBU-მ მიაღწია შეთანხმებას ოპოზიციასთან, რის შედეგადაც 1994 წლის 5 თებერვალს ნტარიამირამ, როგორც ბურუნდის პრეზიდენტმა, ახალ მთავრობასთან ერთად ფიცი დადო.[22]

ბურუნდის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 6 აპრილს პრეზიდენტი ნტარიამირა რუანდის კუთვნილი თვითმფრინავით მგზავრობდა რუანდის პრეზიდენტ ჟიუვენალ ჰაბიარიმანასთან ერთად. თვითმფრინავი კინგალის თავზე დაუდგენელმა პირებმა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ბიძგი მისცა რუანდის გენოციდს .[24] ავიაკატასტროფის შემდეგ ნტიბანტუნგანია ბურუნდის ტელევიზიით გამოვიდა სიტყვით (მას გვერდით თავდაცვის მინისტრი და არმიის გენერალური შტაბის უფროსი ედგნენ) და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.[25] მან ნტარიამირას სიკვდილი „გარემოებათა თანხვედრას“ მიაწერა და მიიჩნევდა, რომ თავდასხმის სამიზნე თავად ნტარიამირა არ ყოფილა.[26]

კონსტიტუციის შესაბამისად, ნტიბანტუნგანია, როგორც ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ბურუნდის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პრემიერ-მინისტრი ანატოლ კანიენკიკო და მისი მთავრობა ოფიციალურად გადადგა, თუმცა ხელისუფლებაში დარჩნენ ახალი აღმასრულებელი ორგანოს დამტკიცებამდე .[24] ნტიბანტუნგანიასა და კანიენკიკოს კარგი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ .[27]

პრეზიდენტისგან... მოსალოდნელია, რომ ის ძლიერი და ავტორიტეტული იქნება. თუმცა, სილვესტრ ნტიბანტუნგანია არც ერთი არ იყო. ის არასდროს ყოფილა პირდაპირ პრეზიდენტობის კანდიდატი... საკუთარ პარტიაში მას ადანაშაულებდნენ გაჭიანურებაში, ყოყმანსა და უხალისობაში. მას არ ჰქონდა გამოცდილება არც ბიზნესში და არც მთავრობაში, სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებაში.

რუანდის სამოქალაქო ომის გავლენის (გადმოსვლის) ფონზე, ნტიბანტუნგანიას მთავრობა ნეიტრალიტეტის მკაცრ პოლიტიკას ატარებდა; მან უარი უთხრა ჰაბიარიმანას ყოფილი რეჟიმის მაღალჩინოსნებს ბუჟუმბურაში ცხოვრებაზე და არ მისცა ფრანგულ ჯარებს ნება, ბურუნდი გამოეყენებინათ პლაცდარმად ოპერაცია „Turquoise“-ისთვის. მაისში ნტიბანტუნგანია შეხვდა „რუანდის პატრიოტული ფრონტის“ (RPF) ლიდერს, პასტერ ბიზიმუნგუს .[28] გენოციდმა გამოიწვია ლტოლვილთა კრიზისი; დაახლოებით 300,000 რუანდელი გაიქცა ბურუნდიში, ხოლო დაახლოებით 180,000 ბურუნდიელი დევნილი, რომლებიც რუანდაში 1993 წლის ოქტომბერში გაიქცნენ, უკან დაბრუნდა. საერთაშორისო დახმარებით, ნტიბანტუნგანიას მთავრობამ მათ დასაბინავებლად ლტოლვილთა ახალი ბანაკები გახსნა .[24]

1994 წლის განმავლობაში ბურუნდიში პოლიტიკური და უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ განაგრძობდა გაუარესებას. როგორც UPRONA-ს, ისე FRODEBU-ს რიგებში ზომიერი პოლიტიკოსები მარგინალიზებულნი აღმოჩნდნენ, რადგან რადიკალებმა მოიპოვეს მზარდი გავლენა და ეთნიკურმა ძალადობამ მთელი ქვეყანა მოიცვა .[29] წლის შუა პერიოდისთვის ნტიბანტუნგანია იყო FRODEBU-ს ცენტრალური კომიტეტის ერთადერთი თავდაპირველი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურად იყო ჩართული პარტიულ და სამოქალაქო პოლიტიკურ პროცესებში; სხვები ან მოკლულნი იყვნენ, ან ემიგრაციაში იმყოფებოდნენ.[13] პარტია სულ მცირე სამ ჯგუფად დაიშალა, რომელთაგან ყველაზე მცირე ნაწილი ნტიბანტუნგანიას უჭერდა მხარს, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი თანამშრომლობა და დათმობები არმიისა და ოპოზიციის მიმართ კაპიტულაციის ტოლფასი იყო. სხვა ფრაქცია კი გარდაიქმნა მეამბოხე ჯგუფად — „დემოკრატიის დაცვის ეროვნული საბჭო – დემოკრატიის დაცვის ძალები“ (CNDD–FDD) .[29]

მისი უფლებამოსილება ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე 1994 წლის 30 სექტემბერს დასრულდა.[3] 1995 წლის თებერვლის დასაწყისში ნტიბანტუნგანიამ დაითხოვა UPRONA-ს ორი მინისტრი მას შემდეგ, რაც ისინი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.[30] მოგვიანებით, იმავე თვეში, UPRONA-ს ექსტრემისტებმა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ კოალიციური მთავრობით, აიძულეს პრემიერ-მინისტრი კანიენკიკო გადამდგარიყო და იგი ანტუან ნდუვაიოთი ჩაანაცვლეს .[31] ნდუვაიო აქტიურად უთხრიდა ძირს პრეზიდენტის პოლიტიკას .[27] 1995 წელს ნტიბანტუნგანიამ მეორე ცოლი, პასკასი მინანი შეირთო.[5]

1995 წლის ზაფხულში ბურუნდის არმიამ ჩინეთისგან მძიმე შეიარაღება შეიძინა. ამ იარაღის ჩატანით გამოწვეული შესაძლო შედეგების შიშით, ნტიბანტუნგანიამ ფარულად დაარწმუნა ტანზანიის მთავრობა, შეეფერხებინა ტვირთის გადაზიდვა მის ტერიტორიაზე. თუმცა, გაეროსა და ქვეყნის შიგნით არსებული ზეწოლის გამო, ნტიბანტუნგანია იძულებული გახდა, იარაღის მიწოდებაზე თანხმობა მიეცა. ტუტსი ექსტრემისტების მოთხოვნით, მან ასევე დაარწმუნა ეროვნული ასამბლეა, არმიისა და ჟანდარმერიისთვის მიენიჭებინათ საგანგებო უფლებამოსილებები, რაც გადაადგილებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობდა .[32]

სამოქალაქო ომის გამწვავებისა და ეთნიკური ძალადობის ზრდის ფონზე, 1996 წლის 25 ივნისს ნტიბანტუნგანიამ მონაწილეობა მიიღო რეგიონული უსაფრთხოების მოლაპარაკებებში მვანზაში (ტანზანია). შეხვედრის შედეგად, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ნდუვაიო შეთანხმდნენ, ეთხოვათ „საერთაშორისო სამხედრო დახმარება“. ბურუნდის არმიას შეეშინდა, რომ ეს უცხოური ინტერვენციის გზით მათი ძალაუფლების მიტაცებას ნიშნავდა, რის გამოც UPRONA-მ წინადადება დაუყოვნებლივ დაგმო. ამის შემდეგ ნდუვაიომ ნტიბანტუნგანია სამხედრო ძალების ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა და დედაქალაქში ათასობით სხვა ადამიანთან ერთად ინტერვენციის საწინააღმდეგო მარშს შეუერთდა.

20 ივლისს იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში 300 ტუტსი ამოხოცეს, სავარაუდოდ, ჰუტუ მეამბოხეებმა. როდესაც სამი დღის შემდეგ ნტიბანტუნგანია მათ დაკრძალვაზე დასასწრებად მივიდა ,[33] მგლოვიარე ბრბო მას ქვებით დაესხა თავს, რის გამოც მისი ევაკუაცია ვერტმფრენით გახდა საჭირო.[34] ამის შემდეგ ნტიბანტუნგანიამ მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მან უარი თქვა გადადგომაზე, თუმცა თავშესაფარი სთხოვა აშშ-ის ელჩს, რაც დაუკმაყოფილეს. 25 ივლისს იგი ელჩის რეზიდენციაში გადავიდა, ნდუვაიომ კი მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა .[33][35]

ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით მაიორმა პიერ ბუიოიამ ჩაიგდო ხელში. მან გამოაცხადა კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება, ეროვნული ასამბლეის დაშლა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, თუმცა პირობა დადო, რომ ნტიბანტუნგანიას უსაფრთხოებას დაიცავდა.[36] მოგვიანებით ნტიბანტუნგანიამ მოლაპარაკებები აწარმოა ბუიოიასთან, რომელიც დათანხმდა მისთვის საცხოვრებლის გამოყოფას ბუჟუმბურას გარეუბანში, კირირიში. მან აშშ-ის საელჩო 1997 წლის 8 ივნისს დატოვა და განაცხადა: „კვლავ ვადასტურებ, რომ არ გადავუხვევ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის პრინციპს“.[4]

გვიანდელი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნტიბანტუნგანია, როგორც ყოფილი სახელმწიფოს მეთაური, არუშის შეთანხმების იმპლემენტაციიდან 2018 წლის აგვისტომდე სამუდამო სენატორი იყო.[3] 2007 წლის 14 ივნისს მას შეუჩერდა FRODEBU-ს წევრობა.[37] იგი იყო კანდიდატი 2015 წლის ბურუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში.[38] თუმცა, ივლისში მან და რამდენიმე სხვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები; მიზეზად მათ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და იმის შიში დაასახელეს, რომ მოქმედი პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა არჩევნების შედეგებს თავის სასარგებლოდ გააყალბებდა.[39] მომდევნო წელს მან რამდენიმე თვე ბელგიაში ემიგრაციაში გაატარა.[40] 2020 წელს იგი ხელმძღვანელობდა „აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობის“ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ტანზანიის საყოველთაო არჩევნების დროს.[41][42]

1999 წელს ნტიბანტუნგანიამ გამოსცა თავისი პირველი წიგნი „დემოკრატია (ერთი) ყველა ბურუნდიელისთვის“ (Démocratie (une) pour tous les Burundais), რომელიც გამომცემლობა L'Harmattan-მა დასტამბა.[43] მან 14 წელი მოანდომა მეორე წიგნზე მუშაობას — „ბურუნდი, დაგებული ხაფანგი დემოკრატიისთვის“ (Burundi, Démocratie piégée), რომელიც 2019 წელს გამოვიდა.[3] 2021 წლის 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნისას, მან მწუხარებით აღნიშნა, რომ ბურუნდიელები „არ კითხულობენ“ და ქვეყანაში ლიტერატურის პოპულარიზაციისკენ მოუწოდა.[43]

  • Banshimiyubusa, Denis (2018). Les enjeux et défis de la démocratisation au Burundi. Essai d'analyse et d'interprétation à partir des partis politiques [The issues and challenges of democratization in Burundi. Essay of analysis and interpretation from political parties] (PDF) (PhD thesis) (French). Université Pau et des Pays de l'Adour. OCLC 1085890695.
  • Chretien, Jean-Pierre; Mukuri, Melchior (2002) Burundi, la fracture identitaire: logiques de violence et certitudes ethniques, 1993-1996 (French). Karthala Editions. ISBN 9782845863187. 
  • „Keesing's Record of World Events“. Keesing's World News Archive. Longman. 40. 1994. ISSN 0950-6128.
  • Krueger, Robert; Krueger, Kathleen Tobin (2007) From Bloodshed to Hope in Burundi : Our Embassy Years During Genocide. University of Texas Press. ISBN 9780292714861. 
  • Reyntjens, Filip (2009). The Great African War: Congo and Regional Geopolitics, 1996-2006, reprint, Cambridge University Press. ISBN 9780521111287. 
  • Watt, Nigel (2008). Burundi : Biography of a Small African County. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-70090-0. 
  • (1993) Whitaker's Almanack : 1994, 126th, London: J. Whitaker & Sons. ISBN 9780850212389. 
  1. Munzinger Personen
  2. Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
  3. 1 2 3 4 5 6 7 8 Nikiza, Egide. (9 February 2019) Sylvestre Ntibantunganya, une plume pour nourrir l'histoire French. ციტირების თარიღი: 26 August 2021
  4. 1 2 „Former President Of Burundi Leaves Shelter of Embassy“. The Washington Post (final ed.). Reuters. 8 June 1997. p. A28.
  5. 1 2 3 4 Sikuyavuga, Léandre. (24 November 2018) Au coin du feu avec Sylvestre Ntibantunganya. ციტირების თარიღი: 26 August 2021
  6. Banshimiyubusa 2018, pp. 295–296.
  7. 1 2 Banshimiyubusa 2018, p. 296.
  8. Banshimiyubusa 2018, p. 310.
  9. Banshimiyubusa 2018, p. 329.
  10. Misser, François (1 April 1992). „Break-through in Burundi“. Index on Censorship. 21 (4). p. 28.
  11. Banshimiyubusa 2018, pp. 360, 576.
  12. 1 2 Krueger & Krueger 2007, p. 8.
  13. 1 2 „Burundi : On a knife's edge“. Africa Confidential. 35 (16). 1994.
  14. Whitaker's Almanack 1993, p. 832.
  15. Krueger & Krueger 2007, pp. 7–8.
  16. Krueger & Krueger 2007, pp. 8–9.
  17. Krueger & Krueger 2007, p. 9.
  18. Krueger & Krueger 2007, pp. 9–10.
  19. „Burundi's president tortured, official says“. Toronto Star (final ed.). Associated Press & Reuters. 2 November 1993. p. A14.
  20. Reyntjens 2009, p. 35.
  21. Keesing's Record 1994, p. R-6.
  22. 1 2 3 Waegenaere, Xavier (April 1996). „À la Mémoire de Cyprien Ntaryamira“. Ijambo (French) (14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2008.
  23. 1 2 Banshimiyubusa 2018, p. 576.
  24. 1 2 3 Chretien & Mukuri 2002, p. 67.
  25. Lamb, David (4 June 1994). „Burundi Teeters Between Peace, Renewed Killing Africa“. The Los Angeles Times. p. 10.
  26. " Les Burundais ont le droit de savoir les circonstances dans lesquelles il a trouvé la mort "“. Le Renouveau du Burundi (French). 5 April 2018.
  27. 1 2 Watt 2008, p. 60.
  28. Chretien & Mukuri 2002, p. 68.
  29. 1 2 Reyntjens 2009, p. 39.
  30. Zarembo, Alan; Watson, Catharine (March 1995). „Standing on the brink“. Africa Report. 40 (2). p. 24.
  31. Krueger & Krueger 2007, pp. 143–144.
  32. Krueger & Krueger 2007, p. 256.
  33. 1 2 Reyntjens 2009, p. 41.
  34. Buckley, Stephen (24 July 1996). „Tutsis at Funeral for Colleagues Stone Hutu President of Burundi“. The Washington Post (final ed.). p. A27.
  35. Watt 2008, p. 61.
  36. Buckley, Stephen (27 July 1996). „Constitution Suspended In Burundi; Leader Says Coup Was to 'Save' People“. The Washington Post (final ed.). p. A17.
  37. „Burundi: Former president reacts on suspension from ex-ruling party“. BBC Monitoring Africa – Political. 19 June 2007. თარგი:ProQuest
  38. „Burundi – Presidential Candidates“. Africa Research Bulletin : Political, Social and Cultural Series. 52. June 2015. p. 20558A.
  39. Odula, Tom (18 July 2015). „Opposition candidates quit Burundi presidential race“. Hartford Courant. Associated Press. ციტირების თარიღი: 27 August 2021.
  40. Uwimana, Diane. (15 December 2016) Rights groups warmly welcome Former Burundi President. ციტირების თარიღი: 27 August 2021
  41. Kombe, Charles. (1 November 2020) Tanzania's Magufuli Wins Landslide Re-election. Voice of America. ციტირების თარიღი: 20 August 2021
  42. Ngowi, Deus. (20 October 2020) East Africa: EAC Observers Ready for Duty. ციტირების თარიღი: 27 August 2021
  43. 1 2 Kwizera, Emery. (24 April 2021) Littérature: l'ancien président Ntibantunganya réclame une politique qui encourage la lecture French. ციტირების თარიღი: 26 August 2021