სილეზიის საქალაქთაშორისო ტრამვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
116Nd ტიპის ვაგონები ბიტომში
განახლებული ვაგონი 105Na
105N-2K ტიპის ტრამვაი
ტრამვაი Moderus Alfa

სილეზიის საქალაქთაშორისო ტრამვაი, რომელიც მსოფლიოში ტრამვაის ერთ-ერთი უდიდესი სისტემაა, 1894 წელს შეიქმნა. იგი 50 კმ-ზე დიდ მანძილზეა გაშლილი (აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე) და ზემო სილეზიის ოლქის თორმეტ, უკიდურესად ინდუსტრიალიზებულ ქალაქს (კატოვიცე,–მთავარი რეგიონალური ქალაქი, ბიენძინი, ბიტომი, ხოჟუვი, ჩელიაძი, დომბროვა-გურნიჩა, გლივიცე, მისლოვიცე, რუდა-სლიონსკა, სოსნოვიეცი, სვიენტოხლოვიცე და ზაბჟე) აკავშირებს, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2 მლნ-ს აჭარბებს.

მთავარი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილეზიის საქალაქთაშორისო ტრამვაის სქემა
  • ლიანდაგების საერთო სიგრძე: 342 კმ
  • მარშრუტების რაოდენობა: 33
  • ვაგონების რაოდენობა: 371
  • ყოველდღიურად (ორშ-პარ.) მომუშავე ვაგონების რაოდენობა: 300
  • დეპოების რაოდენობა: 5 (ბიენძინში, ხოჟუვში, ბიტომში, გლივიცეში და კატოვიცეში).
  • უგრძესი მარშრუტის სიგრძე: 22,45 კმ (№21)
  • უმოკლესი მარშრუტის სიგრძე: 1,34 კმ (№38)
(2006 წლის მარტის მონაცემები)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილეზიის ტრამვაის სისტემას საფუძველი 1894 წელს ჩაეყარა. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ვიწროლიანდაგიან (785 მმ), ორთქლის წევაზე მომუშავე საქალაქთაშორისო რკინიგზას. მისი პირველი ხაზი 36,5 კმ სიგრძის იყო და გლივიცესა და პეკარი-სლანსკეს ერთმანეთთან ზაბჟეს, ხებჟეს, ხოჟუვისა და ბიტომის გავლით აკავშირებდა. ოთხი წლის შემდეგ (1898) მოხდა სისტემის ელექტროფიცირება. 1912 წელს კატოვიცეში პირველი სტანდარტული სიგანის (1435 მმ) ხაზი გაიხსნა. 1913 წელს გაიხსნა კატოვიცეს ქსელისგან დამოუკიდებელი ხაზი, რომელმაც ბიტომი მის დასავლეთით მდებარე გარეუბნებთან და სოფლებთან დააკავშირა. I მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ზემო სილეზია პოლონეთსა და გერმანიას შორის ორად გაიყო, გაჩნდა საერთაშორისო მარშრუტები. 1928 წელს კიდევ ერთი სტანდარტული სიგანის (1435 მმ) ლიანდაგიანი სისტემა გაიხსნა, რომელმაც ერთმანეთთან სოსნოვიეცი, ბიენძინი და დომბროვა-გურნიჩა დააკავშირა. 1928-1936 წწ. ყველა ვიწროლიანდაგიანი ხაზი სტანდარტულ, ფართოლიანდაგიანად გადაკეთდა. აგრეთვე 1931 წელს გაიხსნა ახალი ხაზები, რომლებმაც სოსნოვიეცი და ხოჟუვი კატოვიცესთან დააკავშირა.

II მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა სისტემების გაერთიანება გადაწყვიტეს. 1940 წელს მოხდა გაერთიანებული ქსელის მარშრუტების ხელახალი ნუმერაცია. 1951 წელს ქსელი ადგილობრივი კომპანიის (WPK Katovice) მმართველობაში გადავიდა. 1960-იან წლებში მოხდა მოძრავი შემადგენლობის განახლება და ძველი, არაუნიფიცირებული ვაგონები ახალმა, PCC ტექნოლოგიით აგებულმა ვაგონებმა ჩაანაცვლა, ხოლო 1970-იან წლებში ქსელი გაფართოვდა და მოხდა მისი ნაწილობრივი გადაიარაღება. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ლიანდაგების საერთო სიგრძემ 235 კმ-ს მიაღწია. 1980-იან წლებში ზოგიერთი მოძველებული სასოფლო ხაზი გაუქმდა (მ.შ. ერთ-ერთი უგრძესი,–ბიტომი-ვიეშოვას ხაზი, სტოლაჟოვიცეს განშტოებით).

1980–იანი წლების ბოლოს პოლონეთში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა (კომუნიზმის ჩამოგდება და „მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლებაში მოსვლა), რამაც სილეზიის ტრამვაიზე უარყოფითად იმოქმედა. 1980–იანი წლების ბოლოდან 1990–იანი წლების მეორე ნახევრამდე მისი მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდებოდა. ახალი ხაზი უკანასკნელად 1980–1982 წწ. აშენდა (სოსნოვიეცსა და ზაგოჟეს შორის). 1990–იანი წლების ბოლოსთვის ბიტომი–ხოჟუვი–კატოვიცეს ხაზი შეკეთდა და LRT–ს სტანდარტების შესაბამისი გახდა. უსახსრობის გამო მხოლოდ ნაწილობრივი ინვესტირება მოხდა (მ.შ. ალსტომ ციტადისის წარმოების 17 ახალი, დაბალიატაკიანი ვაგონი), ამიტომ მეტად გადატვირთულ ხაზებზე მგზავრობის ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა.

არსებული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ფინანსების მწვავე უკმარისობა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ლიანდაგს ძლიერ ესაჭიროება გადაუდებელი შეკეთება და მოძრავი შემადგენლობა (უმეტესობა 15–35 წლისაა) და ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია. 2006 წელს ორი ხაზი (#8 ბიტომი–დაბროვკა ვიელკა და #25 ბიენძინი–ვოიკოვიცე) გაუქმდა, მაგრამ მათი ავტობუსებით ჩანაცვლება მაინცდამაინც სასარგებლო არ აღმოჩნდა. ტრამვაის საშუალო სიჩქარე დაბალია, რის გამოც მას ზოგიერთ ხაზზე ავტობუსთან კონკურენცია უჭირს, ხოლო ქალაქების ცენტრალურ ნაწილში ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ამ რეგიონალური სატრანსპორტო სისტემის უზარმაზარი პოტენციალი ტყუილად იკარგება.

მეორე მხრივ სილეზიის საქალაქთაშორისო ტრამვაი ევროპაში შემორჩენილი უკანასკნელი ტრამვაის სისტემაა, რომელსაც გააჩნია შერეული საქალაქთაშორისო ქსელი, უკაცრიელ ადგილებში გამავალი სასოფლო და საგარეუბნო ხაზებით, საინტერესო სასიგნალო სისტემებით (განსაკუთრებით ძველი, ხელით მართვადი სასიგნალო სისტემები), ზოგიერთი ძველებური ტრამვაის ვაგონით და თვალწარმტაცი სოფლისა და ინდუსტრიული ხედებით. თუმცა სილეზიის საქალაქთაშორისო ტრამვაის ხშირად სტუმრობენ ტრამვაის ფანები და არა მხოლოდ პოლონეთიდან. მათ ყურადღებას განსაკუთრებით ბიტომის #38, პეკარსკას ქუჩის გასწვრივ მოძრავი მარშრუტი იპყრობს, რომელზეც კლასიკური, ოთხღერძიანი, ხის სკამებიანი და ხელით მართვადი მოსრიალე კარებიანი N ტიპის ვაგონები მოძრაობს. განსაკუთრებულად ლამაზი პეიზაჟებია #1, 3, 5, 7, 9, 12, 14, 17, 18, 26 და 27 მარშრუტების გასწვრივ, რომელთა ხილვა ნამდვილად ღირს.

პოლონეთის ტრამვაის სისტემების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]