სიესტა (გამომცემლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიესტა (მრავალმნიშვნელოვანი).
სიესტა
დაარსდა 2004; 20 წლის წინ (2004)
დამაარსებელი ქეთევან კიღურაძე (დირექტორი)
ქვეყანა საქართველო
დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით

„სიესტა“ქართული გამომცემლობა, რომელიც დაარსდა 2004 წელს. მან მოკლე დროში შესძლო ერთ–ერთი წამყვანი ქართული გამომცემლობის იმიჯის შეძენა. სიესტა გამოსცემს გაბრიელ გარსია მარკესის, ჰერმან ჰესეს, ვლადიმერ სოროკინის,მიგელ დე უნამუნოსა და სხვა ცნობილი მწერლების თარგმანებს, მაგრამ გამომცემლობის პრიორიტეტად ახალგაზრდა ავტორების ხელშეწყობა რჩება.

„სიესტას“ თანამედროვე და კლასიკური ავტორების ნაწარმოებების და საუკეთესო თარგმანების გამოცემებმა დაიმსახურა ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში არა ერთი საპატიო ჯილდო და პრემია საბა (2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 წლებში), პრემია „გალა“ (2009, 2010, 2011, 2012 წლებში) და ა. შ.

გამომცემლობა ორიენტირებულია ინოვაციასა და გამოცდილების გამდიდრებაზე. „სიესტა“ თამამად გამოსცემს ახალგაზრდა ქართველი პოეტების და დებიუტანტი მწერლების კრებულებს. ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების ძიება და ხელშეწყობა გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

გამომცემლობა „სიესტა“ სტამბავს საუკეთესო ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნებს. მათ შორისაა თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების – ერლომ ახვლედიანის, ზურაბ ქარუმიძის, ირაკლი ჩარკვიანის, ზურაბ რთველიაშვილის, ზაზა ბურჭულაძის, დათო ტურაშვილის, ბასა ჯანიკაშვილის, ლაშა ბუღაძის, თეონა დოლენჯაშვილის, დავით-დეფი გოგიბედაშვილის, გიორგი კეკელიძის, ლია სტურუას, მიხო მოსულიშვილის, გია მირზაშვილის ნაწარმოებები; ასევე საუკეთესო თარგმანები – გაბრიელ გარსია მარკესისა და ჯორჯ ორუელის, ჰერმან ჰესეს რომანების, მიგელ დე უნამუნოს ესეების, მორის მეტერლინკის პიესების, ვლადიმერ ვისოცკის მოთხრობების, ძველი იაპონური ლექსების თუ შვედურ ლიტერატურის თარგმანები…

გამომცემლობა „სიესტა“ მუდმივად ინოვაციებზეა ორიენტირებული. პირველად მან დაბეჭდა ორიგინალური ფორმის წიგნი, ე.წ. „წიგნი თეფშზე“. „წიგნი თეფშზე“ მარტივ კონცეფციას ატარებს: სტანდარტული სტამბური პროცედურების ნაცვლად, წიგნი მიაქვთ სუპერმარკეტში, სადაც ფურცლებს ათავსებენ და „აფასოებენ“ პლასტიკატის თეფშებზე, ზუსტად ისეთებზე, რომლებიც განკუთვნილია გაყინული ქათმებისთვის, თევზისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის თუ ნამცხვრებისთვის. პირველი წიგნი ამ სერიიდან გიორგი კეკელიძის პოემა „ყორანია“.

გამომცემლობა „სიესტას“ კიდევ ერთი ნოვაციაა წიგნის ტრეილერები, რომელიც პირველად, ანიმაციური ტრეილერის სახით, ერლომ ახვლედიანის წიგნისთვის, კოღო ქალაქში შეიქმნა. წიგნმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია საბა მიიღო საუკეთესო რომანის ნომინაციაში.

გამომცემლობა „სიესტას“, ასევე, გამოცემული აქვს მუსიკალური კომპაქტ-დისკი: ირაკლი ჩარკვიანის ბოლო მუსიკალური ალბომი ძირს მეფე.

სიესტას დირექტორი ქეთევან კიღურაძეა, რომელიც „მატარებელისა“ და „მზიურის“ ფესტივალის ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]