შინაარსზე გადასვლა

სიგრიდ ამაყი (შვედი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგრიდ ამაყი
შვედ. Sigrid Storråda
პოლ. Świętosława
დაბ. თარიღი 968
გარდ. თარიღი 1014
მოქალაქეობა  შვედეთი
დანიის სამეფო
საქმიანობა კონსორტი
მეუღლე სვენ I[1] [2] და ერიკ გამარჯვებული[3] [1] [2]
მამა მიეშკო I
დედა დოუბრავკა ბოჰემელი[4]
შვილ(ებ)ი კნუდ დიდი, ესტრიდ სვენდსდატერი, ოლოფ სკიოტკონუნგი[3] [1] , ჰარალდ II, შვიენტოსლავა და Holmfrid of Sweden

სიგრიდ ამაყი (ძვ.-სკანდ. Sigríðr (hin) stórráða, შვედ. Sigrid Storråda) — სკანდინავიელი დედოფალი, რომელიც ჩნდება ნორდიკულ საგებში. სიგრიდი დასახელებულია რამდენიმე გვიანდელ, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ისლანდიურ საგაში, რომლებიც მოვლენების აღწერიდან რამდენიმე თაობის შემდეგ შეიქმნა. თუმცა მისი ისტორიული არსებობის შესახებ სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს. საგა „ჰეიმსკრინგლა“ მას ასახელებს შვედეთის მეფის, ერიკ VI გამარჯვებულის ცოლად, რომელსაც აგრეთვე იწონებდა ნორვეგიის მეფე ოლაფ I ტრიუგვასონი, მოგვიანებით კი დაქორწინდა დანიის მეფეზე სვენ წვერფიწალზე. თუმცა სხვა წყაროებში ავტორი სნორი სტურლუსონი წერს, რომ სვენი დაქორწინებული იყო არა სიგრიდზე, არამედ სხვა ქალზე.

გაურკვეველია, იყო თუ არა სიგრიდი რეალური პიროვნება. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი მას აიგივებს ერიკისა და შესაძლოა სვენის პოლონელ ცოლთან, რომელიც შუასაუკუნეების ქრონიკებში გვხვდება სახელით „შვიატოსლავა“, თუმცა სიგრიდს მიაწერენ ქმრებს საკმაოდ ფართო დროის ინტერვალში და სხვა ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ სიგრიდი შესაძლოა იყოს რამდენიმე ისტორიული ქალის შერწყმით შექმნილი პერსონაჟი.[5]

სიგრიდი პირველად გვხვდება XII საუკუნის საგაში „Yngvars saga víðförla“, სადაც შვედეთის მეფე ერიკ გამარჯვებულზე ნათქვამია:

``Hann átti Sigríði ina stórráðu ok skildi við hana sakir óhægenda skapsmuna hennar, því at hún var kvenna stríðlyndust um allt þat, er við bar. Hann gaf henni Gautland. Þeira sonr var Óláfr svenski``.[6]

„მან ცოლად შეირთო სიგრიდ დიადი, მაგრამ მისი მძიმე ხასიათის გამო დაშორდა, ვინაიდან ქალი იმდენად ჭირვეული იყო, რომ ყველაფერზე ჩხუბს იწყებდა. მან ქალს გაუტლანდი უბოძა. მათი ვაჟი იყო ოლაფ შვედი.“[7]

ასევე მოკლედ არის მოხსენიებული საგის „ჰერვარარის საგა და ჰეიდრეკი“ გენეალოგიურ დანართში, სადაც ერიკის შესახებ ნათქვამია: „მან იქორწინა სიგრიდ ძლევამოსილზე“ („Hann átti Sigríði ina stórráðu.“).Hervarar Saga og Heiðreks. ციტირების თარიღი: 1 March 2022 [8] ეს დანართი საგის ყველაზე ადრეულ შემორჩენილ ხელნაწერებში არ გვხვდება, რის გამოც მისი თარიღი გაურკვეველია.

ცნობები „ჰეიმსკრინგლაში“ და „წმინდა ოლაფის ცალკეულ საგაში“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სნორი სტურლუსონი, უფრო ადრეულ საგების წყაროებზე დაყრდნობით, სიგრიდზე ბევრად დეტალურ ცნობებს გვაწვდის თავის XIII საუკუნის კრებულში „ჰეიმსკრინგლა“. პირველად სიგრიდს „ჰარალდ გრაფელდის საგაში“ ახსენებს, სადაც აღწერს ნორვეგიელი უფლისწულის ჰარალდ გრენსკეს აღზრდას, რომელიც შვედეთში გაიქცა და შეუერთდა ადგილობრივ გამორჩეულ მეთაურ სკოგლარ ტოსტეს. საგის მიხედვით, ტოსტეს ჰყავდა ქალიშვილი, სიგრიდი, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზი და ძალიან ამაყი იყო. ის მოგვიანებით დაქორწინდა შვედეთის მეფე ერიკ გამარჯვებულზე და გააჩინა ოლაფ შვედი.

შემდეგ სნორი სიგრიდის ამბავს უბრუნდება საგაში „ოლაფ ტრიუგვასონის საგა“. ამ დროს ის უკვე მდიდარი ქვრივი დედოფალია, რომლის შესახებაც სნორი ამბობს, რომ ის „ქალთაგან ყველაზე ბრძენი იყო და ბევრ რამეში წინასწარმეტყველური“. სიგრიდმა გაიგო, რომ მისი აღზრდილი ძმა ჰარალდი ახლოს იყო, ამიტომ ის მიიწვია წვეულებაზე და პირადადაც გაუწია მომსახურება. ჰარალდი მეორე დღეს შეურაცხყოფილი დარჩა, როდესაც სიგრიდმა საკუთარი ქონება და ძალაუფლება ნორვეგიასთან შეადარა. შემდეგ სეზონზე ჰარალდმა კიდევ ერთხელ მოინდომა სიგრიდზე დაქორწინება, თუმცა სიგრიდმა ის უარით გაისტუმრა, ვინაიდან ჰარალდს უკვე ჰყავდა ცოლი, ასტა. განაწყენებულმა ჰარალდმა მოგვიანებით კვლავ სცადა სიგრიდთან ქორწინება, თუმცა სიგრიდმა სხვა მეფესთან, ვისავალდრთან ერთად ღამე სახლში გაათია და მასთან დაწვა. სნორი ამბობს, რომ ამის შემდეგ მას ეწოდა „სიგრიდ დიდი (ამაყი)“ (Sigríðr in stórráða).[9] [5]

ამავე საგაში მოგვიანებით სნორი აღწერს, როგორ მოითხოვა სიგრიდის ხელი ოლაფ ტრიუგვასონმა, ნორვეგიის მეფემ. სიგრიდმა თანხმობა მისცა, მაგრამ მოგვიანებით მათი შეხვედრისას ოლაფმა მოითხოვა მისი ქრისტიანობაზე მოქცევა, რაზეც სიგრიდმა უარი თქვა. განრისხებულმა ოლაფმა ხელთათმანი ესროლა სიგრიდს, სიგრიდმა კი უპასუხა, რომ ეს შესაძლოა მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. ამგვარად დასრულდა მათი ურთიერთობა. მოგვიანებით სიგრიდი დაქორწინდა დანიის მეფე სვენ გატეხილწვერაზე, რაც საბოლოოდ სვოლდერის ბრძოლაში ოლაფ ტრიუგვასონის დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.[5][9]

სიგრიდი აღარ ფიგურირებს „ჰეიმსკრინგლას“ მომდევნო საგაში, „Óláfs saga ins helga“-ში („ოლაფ წმინდანის საგა“), თუმცა იგი ნახსენებია მონათესავე ტექსტში, რომელიც ასევე სნორი სტურლუსონს ეკუთვნის და იგივე მონარქზეა შექმნილი, რომელსაც დღეს „წმინდა ოლაფის ცალკეული საგის“ („Separate Saga of St. Olaf“) სახელით იცნობენ.[10] აქ სიგრიდის შესახებ მოთხრობილი ამბავი დიდად არ განსხვავდება იმ ცნობებისგან, რაც „ჰარალდ რუხფერთმიანის საგაში“ („Haralds saga gráfeldar“) და „ოლაფ ტრიუგვასონის საგაში“ („Óláfs saga Tryggvasonar“) გვხვდება, ერთადერთი დამატებითი დეტალი კი ისაა, რომ აქ ნახსენებია ოლაფ ტრიუგვასონის დის, ინგიბიორგის ქორწინება სიგრიდის ძმის, ულფის ვაჟზე, იარლ როგნვალდზე.

სიგრიდი „ჰეიმსკრინგლაში“ კიდევ ერთხელ მოკლედ ფიგურირებს „Magnúss saga ins góða“-ში („მაგნუს კეთილის საგა“), სადაც იგი აღწერილია, როგორც ესტრიდ სვენსდატერის დედა. ესტრიდი იყო კნუდ დიდის მამის მხრიდან ნახევარ და, ამავდროულად, შვედეთის მეფე ოლაფის დედის მხრიდან ნახევარ და.[11]

დანიელი ისტორიკოსი საქსო გრამატიკუსი გვაწვდის მსგავს ცნობებს, როგორც „ჰეიმსკრინგლა“, და წერს, რომ ერიკ გამარჯვებულის ქვრივმა, სირითამ (სიგრიდმა), უარყო ოლაფ ტრიუგვასონი და ამის შემდეგ დაქორწინდა სვენ ჩანგალწვერაზე.[5]

სიგრიდის ისტორიული არსებობის სასარგებლოდ მოჰყავთ კიდევ ერთი არგუმენტი: დანიის მეფეების საკუთრება შუა საუკუნეების შვედეთში ცნობილია სახელით „Syghridslef“ – „სიგრიდის მემკვიდრეობა“.[5]

თანამედროვე ქრონიკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეების ქრონიკებში მცირე ინფორმაციაა სვენ ჩანგალწვერას და ერიკ გამარჯვებულის ქორწინებების შესახებ:

ტიეტმარ მერსებურგელი ახსენებს, რომ პოლონეთის მთავრის, მეშკო I-ის, ქალიშვილი და ბოლესლავ მამაცის და დაქორწინდა დანიის მეფე სვენ ჩანგალწვერაზე, რომელთანაც მას შეეძინა ორი ვაჟი: კნუტ დიდი და ჰარალდ II, თუმცა არ ასახელებს მის სახელს.[5] ტიეტმარი, ალბათ, ამ პერიოდის მოვლენების ყველაზე სანდო წყაროა, რადგან იგი თანამედროვე იყო და კარგად იცოდა მოვლენები პოლონეთსა და დანიაში.

ადამ ბრემენელი დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ წერს, რომ პოლონეთის პრინცესა — ბოლესლავ მამაცის და, ან ქალიშვილი — პირველად ერიკ გამარჯვებულის ცოლი იყო და მისგან შეეძინა ოლოფ შიოტკონუნგი, შვედეთის მეფე. შემდეგ, მეორე ქორწინებით, იგივე ქალი დაქორწინდა სვენ ჩანგალწვერაზე და მისგან შეეძინა კნუტ დიდი და ჰარალდ II.[5] ისტორიკოსების უმეტესობა ადამის ცნობებს ერიკთან ქორწინების შესახებ არ მიიჩნევს სანდოდ, რადგან იგი ერთადერთი წყაროა, რომელიც ამ ინფორმაციას გადმოგვცემს, თანაც წერს რამდენიმე თაობის შემდეგ. ქრონიკის „გესტა ჰამაბურგენსის“ სქოლიოები ასევე გვატყობინებენ, რომ პოლონეთის მეფე ბოლესლავმა თავად ისურვა პრინცესას ხელი.[5] თუმცა პრობლემაა ის, რომ ოლოფი დაიბადა 980-იანი წლების დასაწყისში, მანამდე, სანამ ბოლესლავ მამაცი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ამიტომ იგი ასაკობრივად არ ემთხვევა აღნიშნულ პრინცესას შვილს.

ამ პერიოდში, პოლიტიკურ მიზნებით, ხშირი იყო ქორწინებები სკანდინავიელ მმართველებსა და ვენდი (სლავი) დიდებულების ქალიშვილებს შორის. მაგალითად, ჰარალდ ლურჯკბილას ცოლი, ტოვე ობოდრიტი, ვენდების ბელადის, მისტივოის ქალიშვილი იყო.

ქრონიკა „Gesta Cnutonis regis“ მოკლედ აღნიშნავს, რომ კნუტი და მისი ძმა გაემგზავრნენ სლავების მიწაზე და იქიდან წამოიყვანეს მათი დედა, რომელიც იქ ცხოვრობდა. ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მათი დედა აუცილებლად სლავი იყო, თუმცა ეს ფაქტი ამ მოსაზრებას საკმაოდ აძლიერებს.

თანამედროვე რეკონსტრუქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მრავალი ალტერნატიული რეკონსტრუქცია. ზოგიერთი მკვლევარი საგებში აღწერილ სიგრიდს აიგივებს ისტორიულ წყაროებში ნახსენებ პიროვნებასთან. ქრონიკების ავტორი ტიეტმარ მერსებურგელი აღწერს პოლონეთის ჰერცოგ მიეშკო I-ის ქალიშვილს, რომლის სახელი თავდაპირველ წყაროში ნახსენები არ არის, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსების ნაწილმა მას მიაკუთვნა სახელი 'შვიენტოსლავა', როგორც სავარაუდო ვარიანტი.[12] მან ცოლად შვაინი შეირთო და მათი შვილები იყვნენ ჰარალდი და კნუტი. ცოტა მოგვიანებით ადამ ბრემენელი წერს, რომ იგივე პოლონელი პრინცესა ადრე ერიკზე იყო დაქორწინებული და ოლაფი მისი შვილი იყო. „სიგრიდი“ შესაძლოა იყოს ამ პოლონელი პრინცესის სკანდინავიური სახელის ვარიანტი ან საგების ავტორების მიერ გამოგონილი სახელი, რადგან ვერ გაიგეს ან არ იცოდნენ მისი სლავური სახელი. შესაძლოა, იგი ასევე იყოს საგებში ნახსენები შვაინის პირველი დედოფალი „გუნჰილდა ვენდის“ სახელით, რომელიც „ბურისლავის“ ქალიშვილად მოიხსენიება, და ეს იყოს პოლონელი ჰერცოგის იგივე ისტორიული ქორწინების არასწორი ინტერპრეტაცია. ეს არ არის დარწმუნებით ცნობილი: შვაინის და ერიკის პოლონელი ცოლები შესაძლოა განსხვავებული პიროვნებები იყვნენ, გუნჰილდა კი მიეშკოს ქალიშვილი, ხოლო ერიკის ქვრივი პრინცესა უბრალოდ სიგრიდის დრამატული პროტოტიპი იყოს.

ბოლოს, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სიგრიდი შესაძლოა სკანდინავიელი საგების ავტორების მიერ გამოგონილი პერსონაჟი იყოს.

სავარაუდო განსასვენებელი ადგილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Pjukesten - ზიზღის ქვა

დამატებითი გაუგებრობა შეიტანა არქეოლოგიური აღმოჩენის არასწორმა ინტერპრეტაციამ. 1835 წელს იუტლანდიის ტორფიან ჭაობში აღმოაჩინეს ჰარალდსკერის ქალი. თავდაპირველად, XIX საუკუნეში ნაპოვნი ქალის სხეული XI საუკუნით დაათარიღეს და იგი სიგრიდთან (ან გუნჰილდასთან) გააიგივეს. მოგვიანებით ჩატარებულმა რადიონახშირბადულმა ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ბევრად უფრო ძველია და სავარაუდოდ სიგრიდი არ არის. ამის მიუხედავად, არასწორი დათარიღება მრავალ სკანდინავიურ ისტორიას დაუკავშირდა.

სხვა ლეგენდის მიხედვით, სიგრიდი დაკრძალულია პიუკის ქვასთან (შვედური: Pjukesten), გოტალედენის (Gotaleden) საფეხმავლო ბილიკის მახლობლად. ბილიკის მეთორმეტე მონაკვეთის შუა ნაწილში ტყის სიღრმეში მდებარეობს უძველესი მონუმენტური ქვა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, დედოფალ სიგრიდის საფლავია და იგი მისმა შვილმა აღმართა.[13]

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო თავის პოემაში „დედოფალი სიგრიდ მედიდური“ აღწერს სიგრიდის პერსონას. ნაწარმოების პირველი სტროფი ასეთია:

დედოფალი სიგრიდ მედიდური, ამაყად იჯდა
თავის დარბაზში, მდელოს ზემოდან გადაჰყურებდა.
გულის საყვარელო,
რატომ ხარ ასე მოწყენილი?

კარენ ბლიქსენი თავის მოთხრობაში „The Deluge at Norderney“ კრებულიდან Seven Gothic Tales, ახსენებს სიგრიდს, რომელიც მოწინააღმდეგე ხელისმთხოველებს თავის სასახლეში მოიწვევდა და სახლს მათთან ერთად წვავდა, რათა შემდგომი ხელისმთხოველები დაეშინებინა.

სიგრიდის ცხოვრება საგებზე დაყრდნობით გახდა შვედი მწერლისა და ჟურნალისტის, იოჰანე ჰილდებრანდტის ორი რომანის თემატიკა: „Sigrid“ (2014) და მისი გაგრძელება „Estrid“ (2016).[14]

სიგრიდ მედიდურის (იგივე შვიენტოსლავა) შესახებ სამი ისტორიული რომანია შექმნილი პოლონეთში:

ელჟბეტა ხერეჟინსკა — „Harda“ (2016, „მედიდური“) და „Królowa“ (2016, „დედოფალი“). მარია რავსკა-მროჟკევიჩი — „Świętosława: Córka Mieszka I, żona, matka skandynawskich Konungów“ („შვიენტოსლავა: მეშკო I-ის ქალიშვილი, სკანდინავიელი მეფეების ცოლი და დედა“), (1987).

  • Oswald Balzer, Genealogia Piastów, კრაკოვი, 1895.
  • Włodzimierz Dworzaczek, Genealogia, ვარშავა, 1959.
  • Andrzej Feliks Grabski, Bolesław Chrobry. Zarys dziejów politycznych i wojskowych, ვარშავა, 1964.
  • Kazimierz Jasiński, Rodowód pierwszych Piastów, ვარშავა-ვროცლავი, 1992.
  • Birgitta Fritz (2004), "Sigrid Storråda", Svenskt Biografiskt Lexikon, vol. 32
  • Jónsson, Guðni; Vilhjálmsson, Bjarni (eds.). "Fornaldarsögur Norðurlanda: Yngvars saga víðförla". Heimskringla.no. Retrieved 2 March 2022.
  • Tunstall, Peter, ed. (2003), The Saga of Yngvar the Traveler, archived from the original on 20 February 2005
  • "Hervarar Saga og Heiðreks". The Complete Fornaldarsögur Norðurlanda Legendary Sagas of the Northland in English Translation. Retrieved 1 March 2022.
  • Snorri Sturluson (2016). Heimskringla (PDF). Vol. 1. Translated by Finlay, Alison; Faulkes, Anthony (Second ed.). Viking Society for Northern Research, University College London. pp. 131, 178–179, 192–193, 213–218.
  • Snorri Sturluson (2014). Heimskringla (PDF). Vol. 2. Translated by Finlay, Alison; Faulkes, Anthony. Viking Society for Northern Research, University College London. pp. 290, 292–295.
  • Snorri Sturluson (2014). Heimskringla (PDF). Vol. 3. Translated by Finlay, Alison; Faulkes, Anthony. Viking Society for Northern Research, University College London. p. 22.
  • Paweł Jasienica, Ostatnia z rodu, Pruszyński i S-ka, Warszawa 2009, s. 113.
  • "Pjukesten". West Sweden trails. Retrieved 2024-09-22.
  • Johanne Hildebrandt

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sigrid Storråda - Svenskt kvinnobiografiskt lexikon

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Kindred Britain
  2. 1 2 Cassell's Dictionary of Norse Myth & LegendCassell & Co, 2002. — გვ. 338. — 494 გვრ. — ISBN 0-304-36385-5
  3. 1 2 Sigrid storråda
  4. Bartlett R., Bláhová M., Bolina P. და სხვ. Přemyslovci. Budování českého státuLidové noviny, 2009. — გვ. 551. — 779 გვრ. — ISBN 978-80-7106-352-0
  5. 1 2 3 4 5 6 7 8 Birgitta Fritz (2004), "Sigrid Storråda", Svenskt Biografiskt Lexikon 32, https://sok.riksarkivet.se/sbl/Presentation.aspx?id=5911
  6. Fornaldarsögur Norðurlanda: Yngvars saga víðförla. ციტირების თარიღი: 2 March 2022
  7. Tunstall, Peter, რედ. (2003), The Saga of Yngvar the Traveler, http://www.northvegr.org:80/lore/oldheathen/051.php
  8. Hervarar Saga og Heiðreks. ციტირების თარიღი: 1 March 2022
  9. 1 2 Snorri Sturluson (2016). Heimskringla, Second, Viking Society for Northern Research, University College London, გვ. 131, 178–179, 192–193, 213–218. 
  10. Snorri Sturluson (2014). Heimskringla. Viking Society for Northern Research, University College London, გვ. 290, 292–295. 
  11. Snorri Sturluson (2014). Heimskringla. Viking Society for Northern Research, University College London, გვ. 22. 
  12. Paweł Jasienica, Ostatnia z rodu, Pruszyński i S-ka, Warszawa 2009, s. 113.
  13. Pjukesten. ციტირების თარიღი: 2024-09-22
  14. Johanne Hildebrandt