სიგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სიტყვას სიგელი (ლათ. sigillum „ბეჭედი, საბეჭდავი“) რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:

1. საბუთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ საქართველოში ტერმინი "სიგელი" ქართულში ბიზანტიული სამდივანმწიგნობრო ენიდან შემოვიდა დაახლოებით X საუკუნეში. მანამდე საბუთების საზოგადო სახელად მიღებული იყო "დაწერილი". სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საბუთი არის "წყალობის წიგნი", "მეფეთაგან მინიჭებული წერილი". X საუკუნიდან XIV-XV საუკუნამდე "სიგელი" მხოლოდ მეფის ნაბოძებ საბუთს ეწოდებოდა (ყველა დანარჩენ საბუთს "დაწერილი" ერქვა). შემდეგ კი "სიგელი" ტერმინად იქცა, ხოლო XVI საუკუნისათვის მან სავსებით შეცვალა "დაწერილი" ("სიგელის" მაგივრად ხშირად "გუჯარიცა" და "წიგნიც" იხმარებოდა).

საისტორიო-იურიდიულ წყაროებში სხვადასხვაგვარი სამართლეებრივი შინაარსისა და დანიშნულების სიგელი იხსენიება. ჩვეულებრივ სიგელები "მკჳიდრობისანი" (შთამომავლობითი, მემკვიდრეობითი) იყო. წყალობა-მოძებას ასახავდა და განამტკიცებდა "სიგელი შეუვალობისაჲ" ანუ "თარხნობისა" თუ "გაშვებულობისა", "მამულის წყალობის სიგელი" და სხვა. არსებობდა აგრეთვე "გარდაწყვეტილობის" ანუ "სამართლის სიგელი", ყმობიდან "თავდახსნილობის სიგელი", "გასყიდულობის", "გასამყრელო" და "ერთგულობის" სიგელები. ცნობილი იყო სიგლოსან გლეხთა კატეგორია (მათი უფლება-მოვალეობანი წერილობით იყო განსაზღვრული). გარეგნულად განირჩეოდა "დიდნი და წვრილნი" სიგელები. "ერთიანი სიგელი" ერთი პირისა თუ დაწესებულების საბუთთა საერთო შინაარსს შეიცავდა. შეიძლებოდა "განრყვნილი" ანუ დაზიანებული და დაკარგული სიგელის აღდგენა-განახლება. ვახტანგ VI-ის კანონებით (მუხლი 240). "სიგელის წართმევის სამართალი" ხელმწიფის კომპეტენციაში შედიოდა. ნატყუარი, "ცრუ სიგელი" პრაქტიკული დიპლომატიკის ხერხებით გამოიცნობოდა.

სიგელი რთული აგებულებისა იყო, რამდენიმე ნაწილისა და ქვენაკვეთისაგან შედგებოდა. ძირითადი იყო სიგელის თავი (შეიცავდა, კერძოდ, ცნობებს საბუთის მიმცემის ვინაობის შესახებ), თხრობა ჰაჯა-მოხსენებითურთ, "განგებულება" (გადაწყვეტილების აღნუსხვა), "ბრძანებულება" (განგებულის აღსრულების მოთხოვნა) და "ხელრთულობასათვალავი" (თარიღი, დამწერის ვინაობა, ხელის მოწერა). XI-XIV საუკუნეებში სიგელებში მეფე საბუთის გამცემად მხოლოდ თავის თავს ასახელებდა, ხოლო XVI საუკუნიდან იხსენიებდა აგრეთვე თანამეცხედრესა და შვილებს, ზოგჯერ ძმებსა და ბიძა-ბიძაშვილებსაც კი, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის დაქვეითბით აიხსნება. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, სიგელი იბეჭდებოდა საგანგებო (დიდი "სასიგლე, საგასახსნითე") ბეჭდით, რომელიც სალაროში ინახებოდა. სიგელის პატრონი საბუთის შემზადება-გაცემაში მონაწილე მოხელეებს (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, სახლთუხუცესს, მწიგნობარსა თუ მდივანს, მორდალსა და სხვა) კანონით დადგენილ გასამჯელოს - "ქრთამს" აძლევდა.

2. დოკუმენტის ნაირსახეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომატიური წარმომადგენლის რწმუნებულების სიგელი და გაწვევის სიგელი; რაიმე წარმატება-წარჩინებისათვის, ამა თუ იმ დამსახურების აღსანიშნავად გაცემული საგანგებო საბუთი (ქების სიგელი, საპატიო სიგელი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 3, თბ., 1966;
  • ბერძნიშვილი მ., ქართული დიპლომატიკის ისტორიიდან «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1978, ტ. 5;
  • გრიგოლია კ., იმერული სიგელების შედგენილობის საკითხისათვის XVI-XVIII სს., «საქართველოს საზხელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 9, გვ. 322-323, თბ., 1985