სიბილა ჰეთუმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიბილა ჰეთუმიანი
წოდებები
ტრიპოლის გრაფინია
ანტიოქიის მთავარი
სომხეთის პრინცესა
დაიბადა 1240
გარდაიცვალა 1290
საგვარეულო ჰეთუმიანები
მეუღლე(ები) ბოემონდ VI, ანტიოქიის მთავარი
(ქ. 1254 - გარდ. 1275)
შვილ(ებ)ი ბოემონდ VII, ტრიპოლის გრაფი
ლუსია, ტრიპოლის გრაფინია
მარია
მამა ჰეთუმ I, სომხეთის მეფე
დედა ზაბელი, სომხეთის დედოფალი
რელიგია სომხური სამოციქულო ეკლესია

სიბილა ჰეთუმიანი (სომხ. Սիբիլ Հեթումյան; დ. 1240 — გ. 1290) — სომხეთის პრინცესა ჰეთუმიანთა დინასტიიდან. სომხეთის მეფე ჰეთუმ I-ისა და დედოფალ ზაბელის ასული. ანტიოქიის მთავარისა და ტრიპოლის გრაფ ბოემონდ VI-ის მეუღლე 1254-1275 წლებში. ტრიპოლის გრაფ ბოემონდ VII-ისა და ტრიპოლის გრაფინია ლუსიას დედა. თავისი ძის რეგენტი 1275-1277 წლებში.

ოჯახი და ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიბილა დაიბადა 1240 წელს. იგი იყო კილიკიის სომეხთა მეფე ჰეთუმ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ზაბელის ქალიშვილი[1]. უკვე 1254 წელს, თავად საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის რეკომენდაციით პრინცესა სიბილა დააქორწინეს ანტიოქიისა და ტრიპოლის მთავარ ბოემონდ VI-ზე[2]. წყვილს სულ სამი შვილი შეეძინა: ბოემონდ VII, ლუსია და მარია[1].

გათხოვება და დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინების შემდეგ სიბილა ერთობ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. მისი მეუღლის სამფლობელოები ეგვიპტელი მამლუქებისაგან გამუდმებული შეტევების მოგერიებით ინარჩუნებდნენ დამოუკდებლობას. 1268 წელს მამლუქებმა საბოლოოდ დაიპყრეს მთელი ანტიოქია[3] და მათ მხოლოდ ტრიპოლიღა დარჩათ. ამის აღსაკვეთად ლუი IX-მ სცადა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა, რომელსაც თავადვე შეეწირა. მალევე, 1275 წელს გარდაიცვალა ბოემონდ VI-ც, ტახტი კი მცირეწლოვანმა ბოემონდ VII-მ დაიკავა, რომელსაც დედამისი, სიბილა ჰეთუმიანი დაენიშნა რეგენტად.

ტრიპოლის გრაფის რეგენტობაზე მალევე განაცხადა პრეტენზია კვიპროსის მეფე ჰუგო III-მ, თუმცა ოჯახური ჩვეულებაც, ტრადიციებიც და კანონიც ამ შემთხვევაში სიბილას მხარეს იყო, ამიტომაც მას არ დასჭირვებია დიდი ბრძოლის გადახდა სტატუსის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, კვიპროსელებისა და ეგვიპტელებისაგან დასაცავად, სიბილამ მცირეწლოვანი გრაფი ბოემონდი თავის ძმასთან, მეფე ლევონ III-თან გააგზავნა კილიკიის სომხეთის სამეფო კარზე, სადაც მას ტორტოსის ეპისკოპოსი ბართლომე მანსელი მეთვალყურეობდა[4].

მაშინ, როდესაც სიბილას ქმარი ცოცხალი იყო, თავისი რომაელი დედის, ლუსია სენელის გავლენით, მნიშვნელოვან სამთავრობო პოსტებზე გრაფმა რომაელები დანიშნა, რამაც ადგილობრივი დიდებულების უკმაყოფილება გამოიწვია[5]. ამის აღსაკვეთად სიბილამ რომაელები გააძევა ტრიპოლიდან, ხოლო ვინც წასვლაზე უარი განაცხადა სიკვდილით დასაჯა, მათ ნაცვლად კი ადგილობრივები დანიშნა თანამდებობებზე, რითაც მან ტრიპოლელი თავად-აზნაურობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. სიბილა ასევე ცუდად უყურებდა ტამპლიერების ორდენს, რომლის დიდი მაგისტრიც მისი ქმრის ბიძა იყო. ამიტომ, როდესაც 1277 წელს უკვე სრულწლოვანი ბოემონდ VII დაბრუნდა ტრიპოლში მოვალეობების შესასრულებლად, ტამპლიერები მას მტრულად უყურებდნენ, როგორც სომხეთის სამეფო კარზე აღზრდილს.

სიბილას ძის მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და იგი 1287 წლის 19 სექტემბერს უშვილოდ გარდაიცვალა[6], რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა დედამისისთვის. ამის გამო ტრიპოლის საგრაფოს ტახტი სიბილას ასულმა, ლუსიამ დაიკავა, რომელიც მანამდე აპულიაში, ნეაპოლის სამეფოში ცხოვრობდა ქმართან, მეფე კარლო I-ის ადმირალ ნარიოტ დე ტუსთან ერთად[7]. ლუსიას ქმრის პოზიციის გამო ტრიპოლში გაიზარდა ნეაპოლელი ანჟუელთა დინასტიის გავლენები. ტრიპოლის თავად-აზნაურობა მხარს არ უჭერდა ლუსიას, რომელსაც ძლივს იცნობდნენ და ნეაპოლელი ქმრის გავლენის ქვეშ იყო და მისი კანდიდატურით უკმაყოფილო იყო თავად სიბილაც. ცნობილია, რომ ამის გამო დიდებულებმა ქვეყნის ტახტი თავად სიბილას შესთავაზეს, რაზეც იგი დასთანხმდა. ამის გამო დედა-შვილს შორის დიდი უთანხმოება ჩამოვარდა, რის გამოც სიბილამ დატოვა ტრიპოლი და ტახტის დასაპყრობად მომზადებისათვის მშობლიურ სომხეთში დაბრუნდა. 1288 წლიდან იგი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ იმავე წელს მამლუქებმა ტრიპოლიც დაიპყრეს, რის გამოც ბრძოლამ აზრი დაკარგა[8]. სიბილა ჰეთუმიანი 1290 წელს, სომხეთშივე გარდაიცვალა[9].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Runciman, Steven (1989). A History of the Crusades, Volume III: The Kingdom of Acre and the Later Crusades. Cambridge University Press. ISBN 0-521-06163-6.
  • Dédéyan, Gérard; Rizk, Karam (2010). Le Comté de Tripoli: Etat Multiculturel Et Multiconfessionnel (1102-1289) (in French). Geuthner. ISBN 270533839X.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Runciman 1989b, p. Appendix III (Genealogical tree No. 4).
  2. Runciman 1989, p. 278.
  3. Runciman 1989, p. 326.
  4. Runciman 1989, p. 343.
  5. Runciman 1989, pp. 230, 343.
  6. Runciman 1989, p. 403.
  7. Runciman 1989, pp. 403, 404.
  8. Runciman 1989, p. 404.
  9. Dédéyan & Rizk 2010, p. 96.