სიბილა დე ფორტია
სიბილა დე ფორტია | |
---|---|
![]() | |
არაგონის დედოფალი | |
კორონაცია: | იანვარი, 1381, სარაგოსა |
მმართ. დასაწყისი: | 11 ოქტომბერი, 1377 |
მმართ. დასასრული: | 6 იანვარი, 1387 |
წინამორბედი: | ელეონორა სიცილიელი |
მემკვიდრე: | იოლანდა ბარელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1350 |
გარდ. თარიღი: | 24 ნოემბერი, 1406 |
გარდ. ადგილი: | ბარსელონა, ესპანეთი |
მეუღლე: |
არტალ დე ფოსესი პედრო IV, არაგონის მეფე |
შვილები: |
ალფონსო, მორელიას გრაფი პედრო ისაბელი, ურხელის გრაფინია |
მამა: | ბერენგარ დე ფორტია |
დედა: | ფრანსისკა დე ვილამარი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
სიბილა დე ფორტია (კატ. Sibil·la de Fortià, ესპ. Sibila de Fortià; დ. 1350, ესპანეთი – გ. 24 ნოემბერი, 1406, ბარსელონა, ესპანეთი) — კატალანელი დიდგვაროვანი ფორტიათა საგვარეულოდან. არაგონის დედოფალი 1377-1387 წლებში, როგორც მეფე პედრო IV-ის მეოთხე ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიბილა დაახლოებით 1350 წელს დაიბადა. იგი კატალანელი დიდვაროვნის, ბერენგარ დე ფორტიასა და მისი ცოლის, ფრანსისკა დე ვილამარის ასული იყო. მათი ოჯახი წარჩინებულთა ქვედა ფენას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა სიბილას მოზარდობიდანვე მეტად ლამაზ გოგონად ახასიათებდნენ.
თავდაპირველად იგი ასევე კატალანელ დიდგვაროვან არტალ დე ფოსესზე დააქორწინეს. მათი ქორწინებისა და არტალის გარდაცვალების თარიღები უცნობია, თუმცა წყვილს საერთო შვილები არ დარჩენია და დაქვრივების შემდეგ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სიბილა არაგონის დედოფალ ელეონორა სიცილიელის სეფექალი გახდა.
დედოფლის მსახურებისას სიბილა მეფე პედრო IV-ს მოეწონა და დაუახლოვდა. 1375 წელს, მას შემდეგ, რაც დედოფალი ელეონორა გარდაიცვალა, წყვილი კიდევ უფრო დაახლოვდა და 1376 წელს მათ პირველი საერთო შვილიც შეეძინათ. ბავშვისათვის კანონიერი სტატუსის მისანიჭებლად 1377 წელს ბარსელონაში, უკვე მესამედ დაქვრივებულმა მეფე პედრომ სიბილა ცოლად შეირთო და 1381 წლის იანვარში სარაგოსაში მისი დედოფლად კურთხევაც შედგა. მეფე ახალ დედოფალზე 30 წლით უფროსი იყო, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა სამეფო კარზე, განსაკუთრებით კი მეფის შვილებს შორის, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ დედინაცვალს.
დროსთან ერთად არაგონის სამეფო კარზე სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა. სიბილამ საკუთარი ოჯახი სამეფო კარზე მიიწვია, სადაც მის ძმას, ბერნარდს დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე. ამან სამეფო კარის გახლეჩა გამოიწვია, სადაც მეფე პედრო, დედოფალი სიბილა და სიბილას ოჯახი მეფე პედროს ვაჟებს, მათ ცოლებსა და მომხრეებს დაუპირისპირდნენ.
1387 წელს პედრო IV გარდაიცვალა და ტახტი სიბილას გერმა, ხუან I-მა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სიბილას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ახალ დედოფალთან, იოლანდა ბარელთანაც, რის გამოც ახალმა მეფემ და დედოფალმა სიბილას სამეფო კარიდან გაძევება გადაწყვიტეს. საკუთარი უსაფრთხოებისათვის, სიბილა სან მარტი საროკაში გაიქცა, სადაც მისი გერი, დედოფალი ელეონორა ცხოვრობდა გარდაცვალებამდე (იგი 1382 წელს გარდაიცვალა). მეფე ხუანისა და დედოფალ იოლანდას ბრძანებით, სიბილა იძულებული გახდა არაგონში დაბრუნებულიყო. მათ სიბილა სიკვდილით არ დასაჯეს, თუმცა ბარსელონაში გადაასახლეს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გამოკეტეს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მას აქ უფრო უკეთ ეპყრობოდნენ, ვიდრე სარაგოსას სამეფო კარზე. 1396 წელს მეფე ხუანი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძმამ, მარტინმა დაიკავა, თუმცა ამით სიბილას მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და იგი კვლავ ბარსელონაში დარჩა.
სიბილა დე ფორტია 1406 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა ბარსელონაში. როგორც ყოფილი მეფის მეუღლეს, მეფე მარტინმა თავის დედინაცვალს შესაფერისი სამეფო დაკრძალვა მოუწყო. იგი ბარსელონაში, არაგონის მეფეთა და დედოფალთა აკლდამაში დაკრძალეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიბილას შვილები მხოლოდ მეფე პედროსაგან ჰყავდა. წყვილს ათწლიანი ქორწინებიდან სამი შვილი შეეძინა:
- ალფონსო (1376-1377), მორელიას გრაფი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- პედრო (1379), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ისაბელი (1380-1424), ცოლად გაჰყვა ურხელის გრაფ ხაიმე II-ს, რომელთანაც შეეძინა კოიმბრას ჰერცოგინია იზაბელა დე ურხელი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- E. Albertí, ladies, queens, abbesses: Eighteen female figures in medieval Catalonia, Barcelona, Alberto, 2007.
- J. Nonell Bassegoda, "The Royal Tombs of the Cathedral of Barcelona", Bulletin de la Real Academia Catalana de Belles Arts de Sant Jordi, 13 (1999), 237-255.
- A. Boscolo, Fortià di Sibila, regina d'Aragona, Padua, CEDAM, 1970 [trad. Catalan: Queen Sibylla of Fortià, Barcelona, Rafael Dalmau, 1971].
- L. Riber, Fortis Sibila, Madrid, Ediciones y Publicaciones Españolas, 1944, pp. 13–55.
- J. M. Roca, "La Reyna ampurdanesan" Sovereignty of Catalonia: collection of historical monographs, Barcelona, Fundació Concepció Rabell and Cibils, widow Romaguera, 1928, pp. 9–211.
- R. Tasis and Mark, The King lives in Pere III, Barcelona, Aedos, 1954
|