სიაოჯინგჩენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიაოჯინგჩენგი
《雍宫式范》静妃部分.jpg
ჩინეთის იმპერატორის ქვრივი
მმართ. დასაწყისი: 13 აგვისტო, 1850
მმართ. დასასრული: 21 აგვისტო, 1855
წინამორბედი: სიაოხერუი
მემკვიდრე: ციანი და ცისი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 ივნისი, 1812
გარდ. თარიღი: 21 აგვისტო, 1855, (43 წლის)
მეუღლე: დაოგუანგი
შვილები: იგანგი
იჯი
პრინცესა შოუენი
პრინცი ისინი
დინასტია: ბორჯიგიტები (დაბადებით)
ცინი (ქორწინებით)
მამა: ხუალიანგა
დედა: აისინ გიორო

იმპერატორის მეუღლე სიაოჯინგჩენგი (ჩინ. 孝静成皇后; დ. 19 ივნისი, 1812 — გ. 21 აგვისტო, 1855) — ჩინელი არისტოკრატი და ბორჯიგიტთა კლანის წარმომადგენელი. ჩინეთის იმპერატორ დაოგუანგის მეოთხე მეუღლე და მისი ერთადერთი ოფიციალური ქვრივი 1850-1855 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაოჯინგჩენგი დაიბადა 1812 წლის 19 ივნისს ჩინეთში. მას ეს სახელი ქორწინების შემდეგ დაერქვა, ხოლო მისი დაბადების სახელი უცნობია. იგი იყო ძლევამოსილი ჩინური კლანის, ბორჯიტების წარმომადგენელი, რომლის ფესვებიც მონღოლეთიდან მოდის. მამამისი, ხუალიანგა, იყო ჩინეთის იუსტიციის მინისტრი, ჩინეთის არმიის ლეიტენანტ-ოფიცერი და პირველი რანკის წარჩინებული. მას ერთი ძმა და ერთი და ჰყავდა.

დიდგვაროვნული წარმომავლობის გამო იგი აკრძალულ ქალაქში, საიმპერატორო კარზე იზრდებოდა, სადაც ცნობილი იყო ქალბატონი ბორჯიგიტის სახელით. 1825 წელს იმპერატორმა დაოგუანგმა ქალბატონი ბორჯიგიტი ცოლად შეირთო, რითაც იგი იმპერატორის რიგით მეოთხე მეუღლე გახდა და სიაოჯინგჩენგი დაერქვა. მიუხედავად ქორწინებისა, სიაოჯინგჩენგს არ ჰქონდა ოფიციალური კონსორტის სტატუსი, რადგან ეს ადგილი იმპერატორის მეორე ცოლს, სიაოშენჩენგს ეკავა, რომელიც 1833 წელს, გარდაცვალების შემდეგ იმპერატორის მესამე ცოლმა, სიაოცუანჩენგმა ჩაანაცვლა.

1826 წლის 22 ნოემბერს მან იმპერატორს მეორე ვაჟი გაუჩინა (თუმცა ეს მისთვის პირველი შვილი იყო), რომელიც მალევე, 1827 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ამას მოჰყვა 1829 წლის დეკემბერში მეორე ვაჟის, იჯის დაბადება, რომელიც ერთ თვეში, 1830 წლის იანვარში გარდაიცვალა. 1831 წლის 20 იანვარს სიაოჯინგჩენმა იმპერატორს მეექვსე ქალიშვილი, პირველი რანკის პრინცესა შოუენი გაუჩინა, რასაც 1833 წლის 11 იანვარს ბოლო და ჯანმრთელი ვაჟის, პრინცი ისინის დაბადება მოჰყვა.

1840 წელს იმპერატორის მესამე ცოლი, სიაოცუანჩენგიც გარდაიცვალა, თუმცა სიაოჯინგჩენმა მაინც ვერ მიიღო იმპერატორის კონსორტის ოფიციალური სტატუსი. მიუხედავად ამისა, იგი საიმპერატორო ჰარამხანას განაგებდა.

1850 წელს იმპერატორი დაოგუანგი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი სიაოჯინგჩენგის გერმა, იმპერატორმა სიანფენგმა დაიკავა, რომელმაც მას საბოლოოდ მიანიჭა ჩინეთის იმპერატორის ქვრივის ოფიციალური წოდება.

1852 წელს იმპერატორმა სიანფენგმა სიაოჯინგჩენგს ნება დართო, რომ მისთვის საცოლე შეერჩია. სწორედ მან შეარჩია იმპერატორის მომავალი ორი მეუღლე — ციანი და ცისი.

1855 წლის აგვისტოში სიაოჯინგჩენგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, რის გამოც დარჩენილი დრო თავის ვაჟთან, პრინც ისინთან გაატარა. მან მხოლოდ ის ითხოვა, რომ იმპერატორის ქვრივის ოფიციალური წოდება გარდაცვალებამდე შეენარჩუნებინათ, რაც იმპერატორმა შეუსრულა. ამავე წლის 21 აგვისტოს, 43 წლის სიაოჯინგჩენგი აკრძალულ ქალაქში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს დასავლეთ ცინის მავზოლეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Min, Anchee (2005). Empress Orchid (Reprint ed.). Houghton Mifflin Harcourt. ISBN 0618562036.
  • Rawski, Evelyn S. (1998). The Last Emperors: A Social History of Qing Imperial Institutions (Reprint ed.). University of California Press. ISBN 052092679X.
  • Seagrave, Sterling; Seagrave, Peggy (1992). Dragon Lady: The Life and Legend of the Last Empress of China (Illustrated ed.). Knopf.
  • Wan, Yi; Shuqing, Wang; Yanzhen, Lu; Scott, Rosemary E. (1988). Daily Life in the Forbidden City: The Qing Dynasty, 1644-1912 (Illustrated ed.). Viking. ISBN 0670811645.
  • Warner, Marina (1974). The Dragon Empress: Life and Times of Tz'u-hsi, 1835-1908, Empress Dowager of China (Reprint and Illustrated ed.). Cardinal. ISBN 0351186573.
  • Wen, Mayli (2005). "Foreword by Lulu Wang". Een vrouw op de drakentroon (in Dutch). Conserve, Uitgeverij. ISBN 9054292229.
  • Zhao, Erxun (1928). Draft History of Qing (Qing Shi Gao) (in Chinese).