სიაოცუანჩენგი
სიაოცუანჩენგი | |
---|---|
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 18 ნოემბერი, 1834 |
მმართ. დასასრული: | 13 თებერვალი, 1840 |
წინამორბედი: | სიაოშენჩენგი |
მემკვიდრე: | სიაოჟენსიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 მარტი, 1808 |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი, 1840, (31 წლის) |
მეუღლე: | დაოგუანგი |
შვილები: |
პრინცესა დუანშუნი პრინცესა შოუანი იმპერატორი სიანფენგი |
დინასტია: | ცინი (ქორწინებით) |
მამა: | ილინგი |
დედა: | უია |
რელიგია: | ბუდიზმი |
იმპერატორის მეუღლე სიაოცუანჩენგი (ჩინ.: 孝全成皇后; დ. 24 მარტი, 1808 — გ. 13 თებერვალი, 1840) — ჩინეთის იმპერატორ დაოგუანგის მეუღლე და მისი ოფიციალური კონსორტი 1834-1840 წლებში. იმპერატორ სიანფენგის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიაოცუანჩენგი დაიბადა მთვარის კალენდრის მეორე თვის 28-ე დღეს, იმპერატორ ჯიაცინგის მმართველობის მე-13 წელს, რაც ითარგმნება როგორც 1808 წლის 24 მარტს, გრიგორიანული კალენდრით. მან თავისი ბავშვობა სუჟოუს პროვინციაში გაატარა მშობლებთან და ძმასთან ერთად. ამ პერიოდში იგი ცნობილი იყო როგორც ქალბატონი ნიოჰურუ.
მამამისი, ილინგი, იყო მესამე ხარისხის დიდებული და პირველი რანკის სამხედრო ოფიცერი. რაც შეეხება დედამისს, მას უია ერქვა და მანჩუს არისტოკრატიული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ჩინეთში.
სიაოცუანჩენგი მას მხოლოდ ქორწინების შემდეგ დაერქვა, მისი დაბადების სახელი კი ისტორიაში ცნობილი არაა.
1821 წელს, სიაოცუანჩენგი ახალგაზრდა იმპერატორის, დაოგუანგის საცოლედ გამოცხადდა. აკრძალულ ქალაქში გადასვლის შემდეგ, მას „კეთილშობილი ქალბატონი ცუანი“ დაარქვეს. 1822 წლის 28 დეკემბერს ის და იმპერატორი დაქორწინდნენ, თუმცა რადგან იმპერატორს უკვე ჰყავდა პირველი ცოლი, იგი მისი კონსორტი არ ყოფილა.
1824 წლის 2 იანვარს მას მუცელი მოეშალა. ეს სიაოცუანჩენგისთვის პირველი ორსულობა იყო. 1825 წლის 8 აპრილს მან იმპერატორს მესამე ქალიშვილი გაუჩინა (თუმცა მისთვის პირველი შვილი იყო), რომელსაც დუანშუნი დაარქვეს და პირველი რანკის პრინცესობა უბოძეს, თუმცა იგი 1835 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა ნაადრევად.
1826 წლის 12 მაისს, მან იმპერატორს მეოთხე ქალიშვილი გაუჩინა. ეს იყო პირველი რანკის პრინცესა შოუანი, რომელიც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა ბორჯიგიტთა კლანის წარმომადგენელს. ამას მოჰყვა 1831 წლის 17 ივლისს მომავალი იმპერატორის, სიანფენგის გაჩენა. როგორც ცნობილია, მესამე ორსულობისას მშობიარობა ვადას ხუთი კვირით გადასცდა, რის გამოც მთელი ეს დრო მან ბებიაქალისა და ექიმების გარემოცვაში გაატარა, მშობიარობის მოლოდინში.
1833 წლის 16 ივნისს იმპერატორის პირველი ცოლი, სიაოშენჩენგი გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაიწყო მზადება სიაოცუანჩენგის კონსორტად გამოცხადებისთვის მზადება. მას ეს წოდება მხოლოდ 1834 წლის 18 ნოემბერს მიენიჭა. ამის შემდეგ მასზე ცნობები თითქმის აღარ არსებობს.
იმპერატორის მეუღლე სიაოცუანჩენგი გარდაიცვალა 1840 წლის 13 თებერვალს, აკრძალულ ქალაქში, 31 წლის ასაკში. მისი დაღუპვის მიზეზი უცნობია. 1840 წლის 20 ნოემბერს, იგი დაკრძალეს დასავლეთ ცინის მავზოლეუმში. 1850 წელს, მისი ვაჟი ჩინეთის იმპერატორი გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rawski, Evelyn S. (1998). The Last Emperors: A Social History of Qing Imperial Institutions (Reprint ed.). University of California Press. ISBN 052092679X.
- Wan, Yi; Shuqing, Wang; Yanzhen, Lu; Scott, Rosemary E. (1988). Daily Life in the Forbidden City: The Qing Dynasty, 1644-1912 (Illustrated ed.). Viking. ISBN 0670811645.
- Zhao, Erxun (1928). Draft History of Qing (Qing Shi Gao) (in Chinese).