სიათის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიათის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სიათაში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში სიათა იხსენიება ქსნის უკანასკნელი ერისთავის აჯანყებასთან დაკავშირებით. 1777 წელს გიორგი ქსნის ერისთავი მეფეს აუჯანყდა და დიდი ციხეები გაამაგრა. ერეკლემ ქსნის ხევს ბატონიშვილები გიორგი და ლევანი შეუსია, ლიახვისას კი — მილახორი, როცა ყველა ციხე დაკარგა, ერისთავმა შორს მთებში მდებარე სიათას მიაშურა. ერეკლემ მთელი ძალები სიათას შემოახვია, რასაც ერისთავმა ვერ გაუძლო და დანებდა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, მარჯვენა მხარეს დგას ზურგიანი კოშკი. მისთვის ისეთი სტრატეგიული ადგილია შერჩეული, საიდანაც შორ მანძილზე კარგად ჩანს მდინარის ორივე მხარე. უფრო გვიან კოშკისათვის გალავანიც მიუშენებიათ. კოშკი შვიდსართულიანია. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ სართულს აქვს სარკმელი. მესამე სართულზე კარის მხარეს, ბრტყელ კედელში ერთ ჰორიზონტზე ორი სარკმელია გაჭრილი. მეოთხე და მეხუთე სართულებზე — თითო, მეექვსე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი დარღვეულია, მაგრამ სარკმლის კვალი აქაც ჩანს. მეშვიდე სართულის მხოლოდ ზურგის კედელია გადარჩენილი. მასში მოჩანს კვადრატული სარკმელი.

კოშკი ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ხის სართულშუა გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია. კოშკის ფასადებს მეხუთე და მეექვსე სართულების მიჯნაზე სწორკუთხა კარნიზი გამოჰყოფს. კარნიზის ქვემოთ კოშკი ნაგებია დიდი ქვით, ზემოთ კი წვრილი ქვით სქელ დუღაბზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 167-168
  • ზაქარაია პ., სიათა, წიგნში: "საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები"., თბილისი, „მეცნიერება“, 1973, გვ. 148.