შინაარსზე გადასვლა

სვრატკა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სვრატკა
ჩეხ. Svratka
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Česká Cikánka[1] , Moravská Cikánka[1] , Moravská Svratka[1] და Q56413694?
კოორდინატები 49°42′39″ ჩ. გ. 16°01′57″ ა. გ. / 49.71083° ჩ. გ. 16.03250° ა. გ. / 49.71083; 16.03250
მმართველი Petr Řádek[2]
პირველი ხსენება 1350
ფართობი 14,51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 632 მეტრი
მოსახლეობა 1 367 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 592 02[4]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი http://www.svratka.cz/
სვრატკა (ქალაქი) — ჩეხეთი
სვრატკა (ქალაქი)

სვრატკა (ჩეხ. Svratka) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონში მდებარეობს.

ქალაქ სვრატკის სახელწოდება მდინარე სვრატკასთან არის დაკავშირებულლი, თავად მდინარის სახელი კი ძველი ჩეხური სიტყვა „სვორტიდან“ მომდინარეობს, რაც მდინარის მეანდრირებას ნიშნავს.[5]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვრატკა ოთხი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ესენია:[6]

სვრატკა ქალაქ ჟდიარ-ნად-საზავოუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს, იჰლავიდან კი 46 კილომეტრითაა დაცილებული. ქალაქის ტერიტორია ზემო სვრატკის მთიანეთისა და რკინის მთების საზღვარზე მდებარეობს. მისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 778 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქს მდინარე სვრატკა ჰკვეთს, რომელიც ისტორიული ბოჰემიისა და მორავიის ბუნებრივი საზღვარია.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
სამრეკლო

ქალაქ სვრატკის შესახებ პირველი ისტორიული ცნობა 1350 წლით თარიღდება. ისტორიის მანძილზე ქალაქს არაერთი დიდგვაროვანთა ოჯახი ფლობდა. მათ შორის გამორჩეულია პარდუბიცელი დიდგვაროვნები, პოდებრადელები, დუბელი ბერკები და სხვ. პოდებრადელებმა აქაური მამულები 1392 წელს შეიძინეს. 1588 წელს ქალაქმა საკუთარი გერბის ქონის უფლება მიიღო.

სვრატკა 1706 წლიდან 1823 წლამდე რიხმბურკელ კინსკების ოჯახს ეკუთვნოდა. ამ ოჯახის მფლობელებს შორის აღსანიშნავია ფილიპ კინსკი, რომელმაც ქალაქში რამდენიმე სამრეწველო ქარხანა დააარსა და მის შემოგარენში სელის მოყვანა დაიწყო. 1766–1776 წლებში მან სვრატკას მახლობლად როკოკოს სტილში ააშენა სამონადირეო სახლი „კარლშტეინი“. კინსკებმა მამული 1823 წელს ბავარიელ დიდგვაროვან კარლ ალექსანდრე თურნ-ტაქსისს მიჰყიდეს. 1850 წლიდან სვრატკა ხრუდიმის რაიონის ნაწილი გახდა.[5]

XIX საუკუნეში სვრატკაში განვითარდა მრეწველობა, პირველი საწარმო იგნაც ფიშერის ქაღალდის ქარხანა იყო, რომელიც 1804 წელს დაარსდა. 1867 წელს სვრატკას ქალაქის სტატუსი მიენიჭა, რამაც მისი განვითარება განაპირობა. ამ თარიღის აღსანიშნავად ქალაქში დადგეს წმინდა ვაცლავის ქანდაკება, რომელიც პრაღელმა მოქანდაკე ლუდვიკ ვურცლმა შექმნა. 1877 წელს დაარსდა თეატრალური ასოციაცია და სახანძრო სამსახური.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აქ მოქმედებდა პარტიზანული რაზმი „ვპრჟედი“, რომელიც რადიოსადგურს ფლობდა. სვრატკა მალე პარტიზანული მებრძოლების ცენტრად იქცა, აქ აჯანყება 1945 წლის 5 მაისს დაიწყო, 9 მაისს ქალაქი წითელი არმიის საჰაერო ძალებმა დაბომბეს.[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვრატკის იოანე ნათლისმცემლის სამრევლო ეკლესია ისტორიულ წყაროებში პირველად XIII საუკუნის მეორე ნახევრშია მოხსენიებული. თავდაპირველად ის რომანულ-გოტიკური ან ადრეული გოტიკური სტილით ააშენეს. 1788 წელს შენობის რესტავრაცია ჩატარდა, გარკვეული ნაწილი დაანგრიეს და ახლით ჩაანაცვლეს. ეკლესიაში პირველად ორღანი 1787 წელს დადგეს, 1832 წელს კი სვრატკელმა მასწავლებელმა მის ადგილზე ახალი ინსტრუმენტი ააგო. დღევანდელი ორღანი 1955 წლით თარიღდება.

ეკლესიის მახლობლად დიდი სამრეკლო დგას, რომელიც 1600 წელსაა აგებული. 1947 წლამდე მასში საძვალე იყო განთავსებული. სამრეკლოში სულ სამი ზარია, მათგან ორი - იანისა და ვაცლავის ზარი 1972 წელს დაკიდეს, ხოლო მესამე ბევრად უფრო ისტორიული ზარია და 1480 წელს არის ჩამოსხმული.

ქალაქის ისტორიულ მოედანს ეროვნული აჯანყების მოედანი ეწოდება, აქ დგას ისტორიული სახლი, რომელიც 1891–1892 წლებში ვაჭარმა იან ტუჩეკმა ააგო. მოედანზე გამორჩეული ადგილი უჭირავს წმინდა ვენცლავის ქანდაკებას, რომელიც 1868 წელს მოქანდაკე ლუდვიკ ვურცელმა შექმნა და სვრატკას ქალაქის სტატუსის მინიჭების საპატივცემულოდ აღმართა. აგრეთვე შადრევანი, რომელიც 1844 წელს მოედანზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ აშენდა.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Otevřená data pro volby do zastupitelstev krajů 2024ČSÚ.
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. Register of territorial identification, addresses and real estates
  5. 1 2 3 Historie města cs. Město Svratka. ციტირების თარიღი: 2023-08-28
  6. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  7. Hřbitovní kostel sv. Jana Křtitele cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-08-28