სვიატოსლავ II კიეველი
სვიატოსლავ II კიეველი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 1027[1] |
დაბ. ადგილი | კიევი |
გარდ. თარიღი | 27 დეკემბერი, 1076 |
გარდ. ადგილი | კიევი |
მოქალაქეობა | კიევის რუსეთი |
ეროვნება | სლავები[2] |
საქმიანობა | სუვერენი |
მეუღლე | ოდა ბაბენბერგელი და სესილია/კიკილია/ცეცილია |
მამა | იაროსლავ ბრძენი |
დედა | ინგეგერდა ოლოფსდოტირი შვედეთიდან |
შვილ(ებ)ი | გლებ სვიატოსლავიჩი, დავით სვიატოსლავი, ოლეგ I ჩერნიგოველი, ვიაშესლავა კიეველი, იაროსლავ სვიატოსლავი და რომან სვიატოსლავი |
სვიატოსლავ II იაროსლავის ძე (ძვლ. სლვ. Ст҃ославь Ӕрославичь, რუს. Святослав Ярославич, უკრ. Святослав Ярославич; დ. 1027 – გ. 27 დეკემბერი, 1076 წლის) იყო კიევის დიდი მთავარი 1073 წლიდან გარდაცვალებამდე, 1076 წლამდე.[3] იგი იყო იაროსლავ ბრძენის, კიევის დიდი მთავრის უმცროსი ვაჟი. ითვლება რიურიკოვიჩების "სვიატოსლავიჩების" შტოს წინამორბედად.[4]
სვიატოსლავი მმართველობდა ვლადიმირის სამთავროს ვოლინიაში ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში (დაახლ. 1040–1054 წწ.). იაროსლავ ბრძენმა, თავის ანდერძში, კიევის რუსეთის მნიშვნელოვანი ქალაქები ხუთ შვილს გაუნაწილა და ჩერნიგოვის სამთავრო სვიატოსლავს დაუტოვა.[5]
სვიატოსლავი თავის ძმებთან — იზიასლავთან და ვსევოლოდთან ერთად ქმნიდა სამთავრო „ტრიუმვირატს“, რომელიც განაგებდა ქვეყნის საქმეებს 1072 წლამდე. ისინი ერთად ებრძოდნენ მტრულ ტომებს, მათ შორის — მომთაბარე ოღუზ თურქებსა და ნათესავს, ვსესლავ პოლოცკელს. 1068 წელს ქუმანებმა დაამარცხეს მათი გაერთიანებული ძალა, თუმცა მოგვიანებით სვიატოსლავმა დაამარცხა ქუმანთა ჯგუფი, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ სამთავროს არბევდნენ.
ტრიუმვირატი დაიშალა 1073 წელს, როდესაც სვიატოსლავმა, ვსევოლოდის მხარდაჭერით, ჩამოაგდო უფროსი ძმა იზიასლავი და დაიკავა კიევის დიდი მთავრის ტახტი. მისი მმართველობა ხანმოკლე იყო (1073–1076), თუმცა ცნობილია, რომ შეკვეთა მისცა ორი თეოლოგიური ნარკვევის კრებულის შედგენაზე, რაც მიუთითებს სულიერი კულტურისადმი ინტერესზე. სხვა მხრივ, მისი მმართველობა შედარებით უმნიშვნელო იყო.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვიატოსლავი იაროსლავ ბრძენისა და ინგეგერდა შვედის მეოთხე შვილი იყო.[6] დაიბადა 1027 წელს.[6] ლიუბეცკის სინოდიკონის მიხედვით (ჩერნიგოვის მთავრების სია, შედგენილი ლიუბეჩის წმ. ანტონის მონასტერში), მისი ნათლობის სახელი იყო ნიკოლოზი.[7]
პირველ რუსულ ქრონიკაში აღნიშნულია, რომ სვიატოსლავი იმყოფებოდა ვლადიმირ-ვოლინისში, როდესაც მამამისი გარდაცვალებამდე ავად გახდა.[8] ისტორიკოსი მარტინ დიმნიკი ვარაუდობს, რომ იაროსლავმა სწორედ 1040 წლისთვის დანიშნა სვიატოსლავი ამ ქალაქის მმართველად.[9]
მამამისის ანდერძით, ხუთმა ძმამ — იზიასლავი, ვსევოლოდი, იგორი და ვიაჩესლავი ჩათვლით — სამთავროები მიიღეს, ხოლო კიევი ერგო იზიასლავს.[10][11] იაროსლავმა დაავალა, რომ უმცროს ძმებს უფროსი ძმის მორჩილნი ყოფილიყვნენ, რომელმაც კიევი მიიღო.[11]
ტრიუმვირატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1054 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა იაროსლავ ბრძენი.[12] მისი სამი უფროსი ვაჟი — იზიასლავი (კიევი), სვიატოსლავი (ჩერნიგოვი) და ვსევოლოდი (პერეიასლავი) — შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მართავდნენ კიევის რუსეთს.[13] ისტორიკოსი მარტინ დიმნიკი აღნიშნავს, რომ სვიატოსლავის პოლიტიკური და სამხედრო უნარების გათვალისწინებით, „შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, თუ არა უშუალოდ არქიტექტორი იმ პოლიტიკისა, რომელსაც სამი ძმა ატარებდა.“[12] ტრიუმვირატის წევრები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ შემდგომ წლებში.[13]
1059 წელს მათ გაათავისუფლეს თავიანთი ბიძა — სუდისლავი, რომელიც მამამ, იაროსლავმა, დააპატიმრა დაახლოებით 1035 წელს.[14][12] 1060 წელს მათ ერთობლივი ლაშქრობა წამოიწყეს ცხენებითა და ნავებით ტორკების (ანუ ოღუზთა) წინააღმდეგ.[14][12] ტორკები, კიევის რუსის ჯარების მოახლოებისასთანავე, ბრძოლის ველიდან, დაპირისპირების გარეშე გაიქცნენ.
1065 წელს სვიატოსლავმა ილაშქრა თავის ძმისშვილ როსტისლავ ვლადიმიროვიჩის წინააღმდეგ, რომელმაც წინა წელს ძალით გააძევა სვიატოსლავის ვაჟი — გლები, თმუტარაკანიდან.[13] სვიატოსლავის ჯარების მოახლოებისას, როსტისლავმა დროებით უკან დაეხია, თუმცა მას შემდეგ, რაც სვიატოსლავი ჩერნიგოვში დაბრუნდა, კვლავ დაიკავა თმუტარაკანი.[13]
1065 წელსვე მათი შორეული ნათესავი — ვსესლავ ბრაჩესლავიჩი, პოლოცკის მთავარი — დაესხა თავს ფსკოვს, თუმცა ქალაქი ვერ აიღო.[14][15] 1066 წლის ზამთარში მან დაარბია ნოვგოროდი, რომელსაც იზიასლავის ვაჟი, მსტისლავი მართავდა.[14][12] სამმა ძმამ ერთობლივად დაძრა ჯარი ვსესლავის წინააღმდეგ და 3 მარტს, მდინარესთან ნემიგასთან (მინსკის სიახლოვეს), დაამარცხეს მისი არმია.[12] ვსესლავი ბრძოლიდან გაიქცა და მოლაპარაკებას დათანხმდა, მაგრამ ძმებმა იგი ორშასთან გამართულ შეხვედრაზე ღალატით შეიპყრეს.[15][12]
1068 წელს, როდესაც პონტოს სტეპებში გაძლიერებული კუმანები დაესხნენ სამხრეთ რუსეთს, ძმებმა მათ წინააღმდეგ ერთობლივად ილაშქრეს, თუმცა მდინარე ალტასთან ბრძოლაში დამარცხდნენ.[12] სვიატოსლავმა უკან დაიხია ჩერნიგოვისკენ, ხელახლა შეკრიბა ჯარი და 1 ნოემბერს სნოვსკთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა კუმანები, რითაც მოიპოვა დიდხნიანი აღიარება.[12] იმავდროულად, კიევის მოსახლეობამ ტახტიდან ჩამოაგდო და გააძევა იზიასლავი.[13] სვიატოსლავმა კი იმავე პერიოდში გაგზავნა თავისი ვაჟი, გლები, ნოვგოროდში მმართველად.[14][12]
იზიასლავი პოლონური ძალებით დაბრუნდა.[14] კიევის მოქალაქეებმა მიმართეს სვიატოსლავსა და ვსევოლოდს თხოვნით, რომ მოსულიყვნენ თავიანთი ქალაქის დასაცავად.[12] ძმებმა მიმართეს იზიასლავს, რომ არ შემოეყვანა პოლონელები ქალაქში, თორემ "თუ იგი განიზრახავდა, რომ რისხვით გაეწირა ქალაქი, ისინი ნამდვილად განრისხდებოდნენ ამ ფაქტზე და იღელვებდნენ მამაპაპისეულ დედაქალაქზე".[12] იზიასლავმა ნაწილობრივ შეასრულა მათი თხოვნა: პოლონელები ქალაქში არ შემოიყვანა, თუმცა მისი ამალა სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციონერებს.[14] მან სცადა დაესაჯა ანტონი — პეჩერის ლავრის დამაარსებელი — რომელმაც მხარი დაუჭირა მის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ სვიატოსლავმა ანტონი ჩერნიგოვში გადაიყვანა და იქ შეაფარა.[12]
იზიასლავის კიევში დაბრუნებით "ტრიუმვირატი" აღდგა.[13] სამი ძმა ერთად ჩავიდა ვიშგოროდში, რათა მონაწილეობა მიეღოთ მათი წმინდანად შერაცხული ბიძების — ბორისისა და გლების — წმინდა ნაწილთა ტრანსლაციაში, რომელიც 1072 წლის 3 მაისს გაიმართა.[12]ლეგენდის მიხედვით, სვიატოსლავმა აიღო წმინდა გლების ხელი და მიიდო თავის მტკივან დგილას, თვალებსა და შუბლზე, შემდეგ კი დააბრუნა კუბოში.[12] მალევე მას ტკივილი გაუჩნდა თავში და მსახურს მის ქუდში წმინდანის ფრჩხილი უპოვია.[12] ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით, ძმებმა ამ დროს გააფართოეს თავიანთი მამის სამართლებრივი კოდექსი — რუსკაია პრავდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.[15][12]
კიევის დიდი მთავარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„ძველი რუსული ქრონიკის“ მიხედვით, წმინდანად შერაცხული ბორისისა და გლების კანონიზაციის შემდეგ, „ეშმაკმა შუღლი გააჩინა“[16] სამ ძმას შორის.[14][12] სვიატოსლავმა და ვსევოლოდმა გააერთიანეს ძალები და 1073 წლის 22 მარტს იზიასლავი გამოაძევეს კიევიდან.[14] ქრონიკების ავტორი პასუხისმგებლობას ამ ქმედებაზე სვიატოსლავს აკისრებს და აღნიშნავს, რომ „ის იყო ძმის გაძევების წამომწყები, რადგან მეტი ძალაუფლება სურდა“.[12] ქრონიკების მიხედვით, სვიატოსლავმა „დააბნია ვსევოლოდი, როდესაც აუწყა, რომ იზიასლავი მათ წინააღმდეგ აპირებდა ალიანსში შესვლას“ ვსესლავ ბრაჩესლავიჩთან.[12]
თანამედროვე ისტორიკოსებს სვიატოსლავის მოტივების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ფრანკლინისა და შეპარდის აზრით, მას „უბრალოდ სიხარბე“ ამოძრავებდა;[14] ხოლო მარტინი მიიჩნევს, რომ სვიატოსლავი, რომელიც სერიოზული ავადმყოფობით იტანჯებოდა, ცდილობდა დაეცვა თავისი ვაჟების უფლება კიევზე, რაც შესაძლოა დაეკარგათ, თუკი იგი იზიასლავზე ადრე გარდაიცვლებოდა, კიევში მმართველობის უფლების გარეშე.[12] მართლაც, ძველი რუსული ქრონიკა წერს, რომ იზიასლავის გაძევების შემდეგ, სწორედ სვიატოსლავი მართავდა კიევს.[12]
თავდაპირველად კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი — თეოდოსი (ფეოდოსი) — აკრიტიკებდა სვიატოსლავს ტახტის უზურპაციის გამო.[14][12] თუმცა, გარდაცვალებამდე, 1074 წლის მაისში, თეოდოსი შეურიგდა დიდ მთავარს, რომელმაც მხარი დაუჭირა კიევში ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ქვის ეკლესიის აშენებას.[14][12]
სვიატოსლავი აქტიურად უჭერდა მხარს საეკლესიო ნაწერების შეკრებას. მისი მფარველობით 1073 და 1076 წლებში შეიქმნა ორი „იზბორნიკი“ — საღვთო წერილებისა და თეოლოგიური ტექსტების ამონარიდების კრებული.[12] 1073 წლის „იზბორნიკის“ მიხედვით, სვიატოსლავი, რომელიც მოხსენიებულია როგორც „ახალი პტოლემე“, იმ დროისთვის უკვე მოეპოვებოდა მრავალი სულიერი წიგნი.[12]
სვიატოსლავის მმართველობა მოკლე და უმნიშვნელო იყო.[12] მის მიერ ტახტიდან ჩამოგდებულმა ძმამ, იზიასლავმა, თავდაპირველად პოლონეთს შეაფარა თავი, მაგრამ პოლონეთის ჰერცოგმა — ბოლესლავ II დიდსულოვანმა, რომელიც სვიატოსლავის სიძე იყო — გააძევა იგი თავისი მიწებიდან.[13][12] ამის შემდეგ იზიასლავმა დახმარება გერმანიის მეფეს — ჰენრი IV-ს (რომის იმპერატორს) — სთხოვა.[14] ჰენრიმ 1075 წელს კიევში თავისი დესპანები — მათ შორის სვიატოსლავის სიდედრი, ბურხარდიც — გაგზავნა დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად.[12]
„ძველი რუსული ქრონიკის“ თანახმად, სვიატოსლავმა, "ამპარტავნება", გამოავლინა და მათ თავისი სიმდიდრე აჩვენა — „უსაზღვრო რაოდენობის ოქრო, ვერცხლი და აბრეშუმი“.[17][12]
1076 წელს სვიატოსლავმა პოლონეთში სამხედრო ძალა გაგზავნა თავისი სიძის დასახმარებლად ბოჰემიის წინააღმდეგ.[12]
სვიატოსლავი გარდაიცვალა 1076 წლის 27 დეკემბერს.[14] ქრონიკის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა "ფურის შეჭრისგან გამოწვეული ჭრილობის ამოჭრა".[18][12] იგი დაკრძალეს ჩერნიგოვის წმინდა მაცხოვრის ტაძარში.[12]
ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში იზიასლავი ავიდა ტახტზე, ხოლო სვიატოსლავის ვაჟებმა მისი სამფლობელოების უმეტესობა დაკარგეს.[14][12]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სვიატოსლავ II კიეველი
- იაროსლავ ბრძენი[19]
- ინგეგერდა ოლოფსდოტირი შვედეთიდან[20]
- ვლადიმირ I დიდი
- როგნედა პოლოცკელი ან ანა პორფიროგენეტი [21]
- ოლოფ შიოტკონუნგი[22]
- ესტრიდი ობოტრიტი
- სვიატოსლავ I კიეველი
- მალუშა[23]
- ერიკ სეგერსელი
- სიგრიდ სტორრადა ან შვიენტოსლავა
ლიუბეცკის სინოდიკის მიხედვით, სვიატოსლავის მეუღლე იყო კილიკია (ან ქილიკია), სხვა ვერსიით – სესილია.[12][24] მეორე მხრივ, გერმანელი ქრონიკების მიხედვით, მისი ცოლი იყო ოდა შტადელი, ტრირის პროვოსტის — ბურხარდის — და, რომელმაც სვიატოსლავთან ერთი ვაჟი შობა.[12]
სვიატოსლავისა და მისი ოჯახის პორტრეტი, რომელიც წარმოდგენილია 1073 წლის „იზბორნიკში“, აჩვენებს, რომ მას ხუთი ვაჟი ჰყავდა, მათგან ოთხი კი უკვე ზრდასრული იყო პორტრეტის შექმნის დროს.[12] ამ წყაროების საფუძველზე, დიმნიკი ასკვნის, რომ სვიატოსლავი ორჯერ იყო დაქორწინებული.[12]
დიმნიკის მიხედვით, სვიატოსლავმა თავისი პირველი მეუღლე — კილიკია — შეირთო 1043–1047 წლებში.[12] მათი პირველი შვილი, სავარაუდოდ, ქალიშვილი იყო — ვიშესლავა.[12] მისი უფროსი ძმა, გლები, გახდა თმუტარაკანისა და მოგვიანებით ნოვგოროდის მთავარი.[12] სვიატოსლავისა და კილიკიას მეორე ვაჟი იყო ოლეგი ჩერნიგოველი, რომელიც მოგვიანებით ჩერნიგოვის მთავარი გახდა.[12] დავითი, რომელიც ნოვგოროდისა და ჩერნიგოვის მმართველი გახდა, დაიბადა დაახლოებით 1051 წელს.[12] რომანი, თმუტარაკანის მომავალი მთავარი, დაიბადა დაახლოებით 1052 წელს.[12]
დიმნიკის მიხედვით, სვიატოსლავმა ოდა შტადელი დაახლოებით 1065 წელს შეირთო.[12] ოდა იყო ლოთარ უდო I, ნორდმარკის მარკგრაფის ქალიშვილი და გარკვეული კავშირი ჰქონდა ჰაინრიხ III-თან .[24] ოდამ სვიატოსლავთან მეხუთე ვაჟი — იაროსლავი — ეყოლა, რომელიც შემდგომში მურომისა და ჩერნიგოვის მთავარი გახდა.[12] სვიატოსლავის სიკვდილის შემდეგ, ოდა და მისი ვაჟი გადავიდნენ საღვთო რომის იმპერიაში.[24]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Russian Primary Chronicle: Laurentian Text (Translated and edited by Samuel Hazzard Cross and Olgerd P. Sherbowitz-Wetzor) (1953). Medieval Academy of America. ISBN 978-0-915651-32-0.
- "The Narrative, Passion, and Encomium of Boris and Gleb" In Kantor, Marvin (1983). Medieval Slavic Lives of Saints and Princes. University of Michigan. ISBN 0-930042-44-1.
მეორეული წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dimnik, Martin (1994). The Dynasty of Chernigov, 1054–1146. Pontifical Institute of Mediaeval Studies. ISBN 0-88844-116-9.
- Franklin, Simon; Shepard, Jonathan (1996) The Emergence of Rus 750–1200. Longman. ISBN 0-582-49091-X.
- Martin, Janet (1993). Medieval Russia, 980–1584. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-67636-6.
- Martin, Janet (2007). Medieval Russia: 980–1584. Second Edition. E-book. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-511-36800-4.
- Raffensperger, Christian (2012). Reimagining Europe: Kievan Rus' in the Medieval World. Harvard University Press. ISBN 978-0-674-06384-6.
- Vernadsky, George (1948). A History of Russia, Volume II: Kievan Russia. Yale University Press. ISBN 0-300-01647-6.
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dimnik, Martin (1992 წლის დეკემბერი), "სვიატოსლავი და ჩერნიგოვის ეპარქია", Canadian Slavonic Papers 34 (4): 373–390,
სვიატოსლავ II კიეველი რიურიკოჩები დაიბადა: 1027 გარდაიცვალა: 1077
სვიატოსლავიჩები |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Faceted Application of Subject Terminology
- ↑ Svyatoslav's Miscellanies — 1073.
- ↑ Morby, John E. (2002) Dynasties of the World: A Chronological and Genealogical Handbook. Oxford: Oxford University Press, გვ. 167. ISBN 9780198604730.
- ↑ Martin 2007, pp. 33, 35–38, 41, 43, 57–58, 62, 137, 421, 503.
- ↑ Martin 1993, p. 29.
- ↑ 6.0 6.1 Dimnik 1994, p. 35.
- ↑ Dimnik 1994, p. 115.
- ↑ Dimnik 1994, p. 26.
- ↑ Dimnik 1994, pp. 26–27, 36.
- ↑ Franklin & Shepard 1996, p. 246.
- ↑ 11.0 11.1 Vernadsky 1948, p. 83.
- ↑ 12.00 12.01 12.02 12.03 12.04 12.05 12.06 12.07 12.08 12.09 12.10 12.11 12.12 12.13 12.14 12.15 12.16 12.17 12.18 12.19 12.20 12.21 12.22 12.23 12.24 12.25 12.26 12.27 12.28 12.29 12.30 12.31 12.32 12.33 12.34 12.35 12.36 12.37 12.38 12.39 12.40 12.41 12.42 12.43 12.44 12.45 Dimnik 1994.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 Vernadsky 1948.
- ↑ 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 14.11 14.12 14.13 14.14 Franklin & Shepard 1996.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Martin 1993.
- ↑ Russian Primary Chronicle (წელი 6581), გვ. 155.
- ↑ Russian Primary Chronicle (წელი 6583), გვ. 165.
- ↑ Russian Primary Chronicle (წელი 6584), გვ. 165.
- ↑ Yaroslav the Wise in Norse Tradition, Samuel Hazzard Cross, Speculum, გვ. 181–182.
- ↑ Winroth, Anders (2016). The Age of the Vikings. Princeton, გვ. 50. ISBN 978-0-691-16929-3.
- ↑ Arrignon, J.-P. "Les relations diplomatiques entre Byzance et la Russie de 860 à 1043", Revue des études slaves, 1983, ტ. 55, გვ. 133–135.
- ↑ Samuel Hazzard Cross (1929). "Yaroslav the Wise in Norse Tradition". Speculum, ტ. 4, გვ. 181.
- ↑ Harvard Ukrainian Studies, ტ. 12–13, გვ. 190, 1990.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Raffensperger 2012.