სვიანა-როსტიანის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვიანა-როსტიანის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სვიანა-როსტიანის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე ხადისწყლის ნაპირზე. დაზიანდა სამანქანე გზის მშენებლობის დროს. განეკუთვნება ძვ.წ. IV-II ათასწლეულს. 1989 წელს აქ მცირე გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნამოსახლარი სამფენიანია. მდებარეობს ფერდობზე. მისი ფენები ჩამორეცხილი და არეულია. ქვედა ფენა წარმოდგენილია ძირითადად უხეშკეციანი, მსხვილკენჭებმინარევიანი თიხის ჭურჭლით. გვხვდება ნამჯამინარევიანი ნატეხებიც. კერამიკისათვის დამახასიათებელია მოშავო, მოვარდისფრო-მოჩალისფრო ზედაპირი.

აღმოჩენილია დერგის მაგვარი დიდი ზომის თიხის ჭურჭლის ნატეხები: ქილები, ქოთნები, ჯამი, სასმისები და გვერდჩაჭრილი დაფები. ჭარბობს სწორკედლიანი და ოდნავ პროფილირებული ნაწარმი. ძირები ბრტყელი გამოყვანილი ან მომრგვალებულია. თიხის ნაწარმი შემკულია რელიეფური კოპებით. ვერტ. დანაძერწებით და ნაჭდევებით. შუა ფენა წარმოდგენილია მხოლოდ კერამიკით. გვხვდება დერგები, ქოთნები, ქილები და ჯამები. მათთვის დამახასიათებელია შავპრიალა ზედაპირი მოვარდისფრო-მონაცისფრო სარჩულით. თიხა კარგად განლექილი და თანაბრად გამოწვარია. თიხის ჭურჭელი შემკულია ნაკაწრი და სავარცხლისებრი ტვიფრით შესრულებული გეომეტრიული სახეებიტ. გვხვდება სხვადასსხვა ფორმის ზევიდან დაძერწილი და შიგნიდან ამოყვანილი კოპებიც. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]