სეფიეთის კადარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეფიეთის კადარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში.

დარბაზული ეკლესია აგებულია ქართული აგურით. მისი მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა სადაა. ნაგებობა შიგნიდან შელესილი და მოხატული იყო. ეკლესიას ექსვწახნაგიანი აფსიდი ერთვის. ნაგებობას სამხრეთიდან მინაშენი ქონია, რომელიც როგორც ჩანს დიდი ხნის წინ დაინგრა. მინაშენიდან შემორჩენილია, სამხრეთის განივი კედლის წყობის ნაშთი და ეკლესიის გადახურვის ფარგლებში მოქცეული უსწორმასწორო ზოლი. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს, მთავარი - საკმაოდ განიერი - დასავლეთიდან, რომლის თავზეც გამოყვანილია თაღი. ის შესასვლელის სიგანეს სცილდება. ღიობის თავზე წყვილი, მათ ზემოთ კი ოთხი, მცირე ზომის კვადრატული სარკმელია გაჭრილი. მეორე კარი სამხრეთის მინაშენის ფარგლებში იყო მოქცეული, მისი მოხაზულობა წაშლილია. აფსიდში ქაოტურად არის განაწილებული ოთხი სარკმელი, ზოგი წახნაგის შუაშია დატანილი, ზოგი წახნაგის შუა ღერძიდან მარცხნივ, ან მარჯვნივ. მოზრდილი სარკმლები შეისრული ფორმისაა. ანალოგიური ფორმა აქვს ტრიუმფალურ და გადახურვის საბჯენ თაღებს. ტრიუმფალური თაღი სამხრეთისკენ ძლიერაა დეფორმირებული. მსგავს მდგომარეობაშია მთლიანი კონქიც. აფსიდს ორივე ნაპირას დატანებული აქვს მართი კუთხით მოხრილი მრავალკუთხედი ნიში. ნიშის გარე კედელი ჩამონგრეულია. აფსიდის ქვედა ნაწილში კიდევ სამი ნიშია მოქცეული. ინტერიერში, ჩრდილო და სამხრეთ კედლებს, ორი წყვილი პილასტრი სამ არათანაბარ ნაწილად ყოფს. შუა და დასავლეთის მონაკვეთი თითქმის თანაბარი ზომისაა. აფსიდის მომიჯნავე ნაწილი კი მათზე ორჯერ პატარაა. საკურთხევლის სარკმლების ქვემოთ შემორჩენილია კედლის მხატვრობა, გარკვევით ჩანს ერთ რიგში მდგომი ეკლესიის მამების ფიგურების გამოსახულება. აფსიდის კედლების ზედა ნაწილი გარედან დახრილი წყობით არის აშენებული. აგურები 45 გრადუსიანი დახრილობითა და ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით არის ჩაწყობილი. ყოველი სამი რიგის მერე 10-15 სმ. ჰორიზონტალური ხაზია გავლებული. ეკლესიის ეზო შემოფარგლულია. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთით არის მოქცეული. ეზოს ტერიტორიაზე გვხვდება საფლავის ქვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8389