სერგო ტარასაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო ტარასაშვილი
მშობლიური სახელი მიხეილ ტარასაშვილი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1902
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 21 მარტი, 1961
სუაზი-სუ-მონმორანსი, საფრანგეთი
დაკრძალულია პარიზი, ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ინჟინერი, ბიზნესმენი, მეცნიერი, მეწარმე
მეუღლე(ები) თამარ წულაძე
მშობლები მამა: მიხეილ ტარასაშვილი
დედა: ნინო შალაშვილი

სერგო ტარასაშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1902, თბილისი, საქართველო — გ. 21 მარტი, 1961, პარიზი, ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი ) — ქართველი მეცნიერი, ბიზნესმენი, ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე და მეწარმე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგო ტარასაშვილი სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. 1924 წლის აჯანყების დროს იყო თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მას თანაპარტიელ სტუდენტებზე პასუხისმგებლობა ევალებოდა და აგრეთვე გახლდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეკავშირე. სერგო ტარასაშვილი ერთ-ერთი შეტაკებისას ფეხში დაიჭრა და თბილისში თავის მეგობარ ლევან გოთუასთან ერთად იმალებოდა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ვითარების გამო, მამის მიხეილ ტარასაშვილის დაჟინებული მოთხოვნითა და დახმარებით, მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა.

სერგო ტარასაშვილმა 1924 წლის აჯანყების მერე საქართველოდან ლტოლვილთა ტიპური გზა გაიარა – კონსტანტინოპოლის გავლით მარსელში ჩავიდა, მარსელიდან კი – პარიზში. პარიზში მას დახვდა ოჯახის ახლობელი ლადო გუდიაშვილი, რომელიც მაშინ იქ სხვა ქართველ მხატვრებთან დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანთან ერთად იმყოფებოდა. მათ პარიზში ერთად გადაიღეს ფოტო, რომელიც სერგომ მამას გამოუგზავნა საქართველოში იმის დასტურად, რომ ყველაფერი კარგად იყო.

სერგო ტარასაშვილმა სტრასბურგის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ელექტროინჟინერის სპეციალობაზე. მისი საბოლოო მიზანი იყო სწავლის გაგრძელება სტრასბურგში საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდგომ მან მუშაობა ცნობილ ამერიკულ კომპანიაში, როკფელერების კუთვნილ „სტანდარტ ოილ კომპანიში“ („Standart Oil Company“) დაიწყო. მასვე ამერიკელებმა 1934 წელს ნორმადიაში ქალაქ ჰავრთან, პორტ-ჟერომში, ევროპაში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ხელმძღვანელობა დაავალეს. 1936 წელს კი მშენებლობა წარმატებით დასრულდა და ის დაინიშნა ამ ქარხნის ტექნიკურ დირექტორად.

Royal Dutch Shell

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია „Royal Dutch Shell“-ის მფლობელებმა, კერძოდ დეტერდინგების ოჯახმა, სურვილი გამოთქვა სერგo ტარასაშვილს შეესრულებინა როტერდამში „Shell“-ის ახალი ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის პროექტი. ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ საფრანგეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ლეონ ბლუმის და სთხოვეს მისი მეუღლის დახმარებით, რომელიც სერგოს მეუღლის თამარ წულაძის მეგობარი და ოჯახის ახლობელი იყო დახმარებოდნენ მის დათანამხმებაში, რათა შეესრულებინა აღნიშნული პროექტი. სერგო ტარასაშვილმა პროექტი წარმატებით განახორციელა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დღესაც ფუნქციონირებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ლეონ ბლუმი

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგო გარდა თავისი მეცნიერული წვლილისა, უაღრესად დიდი ქველმოქმედი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში ყოფნისას, ის თავის რამდენიმე მეგობართან ერთად კერძოდ კოტე ჯაყელთან და ევგენი გეგეჭკორთან ერთად იხდიდა ქართული საგანძურის, საფრანგეთის ეროვნულ ბანკის სეიფში შენახვის ხარჯებს, მოგვიანებით კი სწორედ ის დაეხმარა ექვთიმე თაყაიშვილს საგანძურის საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზებაში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს იქორწინა თამარ წულაძეზე - საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზინადარის - ვასო წულაძის და მარგარიტა გორდელაძის ქალიშვილზე. 1944 წელს მათ შეეძინათ ტყუპი ქალიშვილები ირინა და ნინო, ხოლო 1946 წელს კი ქალიშვილი ელისო.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგო ტარასაშვილი გარდაიცვალა საკუთარ სახლში 1961 წლის 21 მარტს, სუაზი-სუ-მონმორანსში, პარიზთან ახლოს. სერგო ტარასაშვილი დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]