სერგო ამაღლობელი
სერგო ამაღლობელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ივლისი, 1898 |
დაბადების ადგილი | ამაღლება, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 13 თებერვალი, 1938 (39 წლის) |
საქმიანობა | დრამატურგი და organizer of film production |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სერგო ივანეს ძე ამაღლობელი (დ. 11 ივლისი, 1898, ამაღლება, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი ― გ. 13 თებერვალი, 1938) ― ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1920–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნაში“. 1924–1928 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და კონსერვატორიაში. 1925 წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1926–1927 — სახკინმრეწვის დირექტორი. 1928–1931 წლებში სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას, 1931–1932 წლებში იყო მოსკოვის ახალი თეატრის, 1933-1936 წლებში კი მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
1928–1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“ (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა). „ჩემი ქვეყანა“ და სხვა. ამაღლობელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“, თბ., 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“, 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, 1933; „მცირე თეატრი“, 1935.
1938 წელს სერგო ამაღლობელი დაააკავეს და წაუყენეს ბრალდება, რომ იგი იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში, რომელიც აერთიანებდა და სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ, ნაციონალისტურ საზოგადოებას. მის თანამონაწილეებად განიხილეს და დააპატიმრეს მისი მეგობრებიც, რომლებიც მას ჰყავდა მოსკოვში სამუშაოდ მიწვეული 1936 წლიდან: პეტრე ოცხელი, ვახტანგ აბაშიძე და გიორგი ჟორდანია. ოთხივე მათგანს მიესაჯა დახვრეტა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 350.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 119.