გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
41°59′13″ ჩ. გ. 44°06′42″ ა. გ. / 41.98694° ჩ. გ. 44.11167° ა. გ. / 41.98694; 44.11167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა საქართველო, გორი, კირიონ II-ს ქუჩა 12
სტატუსი ააიპ
ექსპონატი 85 ათასამდე
კლასიფიკაცია ისტორიულ-ეთნოგრაფიული
Map

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიგორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1935 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან გორის საზოგადოებრიობის ინიციატივითა და ი. ჯავახიშვილის, ს. მაკალათიასა და ი. ყიფშიძის მხარდაჭერით, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1943 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად, და 2005 წელს ს. მაკალათიას სახელი ეწოდა. 2008 წლიდან გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი არის არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი (ააიპ).

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები შეგროვდა საველე-საექსპედიციო და სამეცნიერო-კვლევითი იმ მუშაობის შედეგად, რომელიც ფართოდ გაიშალა მუზეუმის დაარსების პირველივე წლებიდან და ატარებდა რეგიონში კომპლექსურ-ინტენსიურ კვლევის ხასიათს. საექსპედიციო მონაპოვრების ბაზაზე შეიქმნა ძირითადი ფონდი, რომელიც თანდათან მდიდრდებოდა ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველი მნიშვნელოვანი ექსპონატებით. 1938 წლიდან გაიხსნა პირველი სტაციონარული ექსპოზიცია. 50-იანი წლებიდან მუზეუმი იქცა შიდა ქართლის სათავო მუზეუმად. 2010 წლის 1 იანვრისათვის მუზეუმის ფონდი მოიცავდა 85 ათასამდე ექსპონატს: არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ მასალას, ქართულ და არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, სიგელ-გუჯრებს, საარქივო მასალებს, ფოტოთეკას, სამეცნიერო ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია პერიოდული გამოცემებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის იარაღები, ლითონწარმოებისა და მცირე ქანდაკების ნიმუშები და სხვა სახის მასალა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს წინა აზიისა და ქართველურ ტომთა უძველესი კულტურების მჭიდრო კავშირზე.

არქეოლოგიური ფონდი მდიდარია ტყვიავის ყორღანების, დვანის ნეკროპოლის, გუდაბერტყას ნამოსახლარის, ხიზანაანთ გორის, ხელთუბნის, თედოწმინდისა და სხვა ექსპედიციების დროს აღმოჩენილი თუ შიდა ქართლში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით ნაპოვნი უნიკალური ექსპონატებით. ესენია: ბრინჯაოს დიადემები (გუდაბერტყა, ძვ. წ. XXIX–XXVII საუკუნეები), ღვთაებათა ანთროპომორფული მცირე ფიგურები (დვანი, ძვ. წ. VI–V საუკუნეები), ბრინჯაოს სატევარი, დანა, ისრის პირი (თედოწმინდა, ძვ. წ. XXVIII–XXV საუკუნეები), დიაბაზის ლახტის თავი (ტყვიავი, ძვ. წ. XXIX საუკუნე). ეთნოგრაფიული ფონდის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს იშვიათი ტექნოლოგიით მოქსოვილი ქირმანშალი, სამოსლისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექცია, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, შრომისა და ბრძოლის იარაღები — დაწყებული უძველესი კაჟის სატევრებიდან, დამთავრებული XX საუკუნეში დამზადებული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით (ხმალი „ბაწარაული“, სოლომონ I-ის მოვერცხლილი თოფი წარწერით), კერამიკული და ვერცხლის ჭურჭელი, მუსიკალური ინსტრუმენტები (ერეკლე II-ის ნაქონი საზი), საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ხის დეტალები (დედაბოძები, მოაჯირები). ნუმიზმატიკურ ფონდში დაცულია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მონეტები: კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, XV საუკუნის გორის განძი, ძველი აღმოსავლური და ანტიკური ქვეყნების ფულის ერთეულები, ბაბილონური ობოლო (ძვ. წ. IV საუკუნე), სასანიდური (III ს.), პანტიკაპონის (ძვ. წ. IV საუკუნე), მილეთის (ძვ. წ. VI საუკუნე), პართიის, ტრაიანეს, ათენას, ალექსანდრე მაკედონელის დრაქმა, ებრაული შეკელი და სხვა. მდიდარი მასალაა დაცული ხელნაწერთა განყოფილებაში; ხელნაწერი წიგნებიდან აღსანიშნავია: კარაბადინის ფრაგმენტი (1667), 1729 წელს გადაწერილი ვახტანგ VI-ის „დასტურლამალი“, „ამირანდარეჯანიანი“, „ყარამანიანი“ (1777), X–XI საუკუნეების ეტრატი, XII– XIII საუკუნეების პალიმფსესტი, ქართველ მეფეთა მიერ გაცემული სიგელები და გუჯრები (XIV–XVIII საუკუნეები), პირველნაბეჭდი წიგნებიდან — „კონდაკი“ (1710), გაზეთი „ივერია“ (1877) და სხვ.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შემადგენლობაში შედის: ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (გორი), საბრძოლო დიდების მუზეუმი (გორი), ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი (სოფელი არბო), ალ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმი (სოფელი ძევერა).

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სისტემატურად აწყობს სამეცნიერო სესიებს, მოძრავ და ერთდროულ გამოფენებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ამზადებს და სკოლებთან ერთად ახორციელებს პროექტებს ეროვნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]