სერგეი ფედორჩუკი (მოჭადრაკე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ფედორჩუკი

სერგეი ფედორჩუკი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1981 (1981-03-14) (43 წლის)
დაბადების ადგილი ვინიცია, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2002)
ფიდე რეიტინგი 2606 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2674 (ნოემბერი 2010)

სერგეი ფედორჩუკი ((უკრ. Сергій Федорчук), (ინგლ. Sergey Fedorchuk) დ. 14 მარტი, 1981, ვინიცია, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2002), უკრაინის ვიცე-ჩემპიონი 2002 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგეი ფედორჩუკი 1981 წლის 14 მარტს ვინიცასში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და უკრაინის ასაკობრივ ჩემპიონატებზე არაერთი მედალიც მოიგო. 1995 წელს ვერდუნში ევროპის 14 წლამდელებში ჩემპიონი გახდა. იმავე წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მოსწავლეთა ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე იასპარეზა, თუმც გუნდურ მეცხრე ადგილს დასჯერდა. 1998 წელს ერევანში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავიდა.

2002 წელს ალუშტაში უკრაინის პირველობაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფედორჩუკმა 6 მოიგო, 1 წააგო, 2 ყაიმით დაასრულა და ორ სხვა მოჭადრაკის მსგავსად 7 ქულა დააგროვა[1]. 2006 წელს ბანოლესში სწრაფი ჭადრაკის ტურნირი მოიგო, 9 პარტიიდან 7 იმარჯვა, 2 კი ყაიმით დაასრულა. დუბაის ტურნირზე გაბრიელ სარგსიანთან და ტიგრან პეტროსიანთან ერთად პირველ-მესამე ადგილზე გავიდა. 9 პარტიიდან შვიდი ქულით 2008 წელს პირველი-მერვე ადგილები გაინაწილა საფრანგეთში კაპელ-ლა-გრანდის ტურნირზე.

2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე გამოვიდა, სადაც 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 78-ე იყო. პირველ შეხვედრაში ივან სოკოლოვი დაამარცხა 2:0, თუმც მეორეში ალეკსეი შიროვთან დამარცხდა 1:4. იმავე წლის სექტემბერში პარიზის ღია ჩემპიონატზე მურთაზ კაჟგალეევთან ერთად პირველ-მეორეზე გავიდა. პარიზის ჩემპიონი კიდევ ორჯერ 2012 და 2014 წლებშიც გახდა.

2010 წლის მარტში ნანტის ტურნირი მოიგო[2], ხოლო 2011 წელს ესპანეთში როკეტას-დე-მარეში იმარჯვა. პირველი-მერვე ადგილები გაიყო 2013-ში კაპელ-ლა-გრანდის ტურნირზე. მაისში ლეგნიცაში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 22-ე ადგილზე გავიდა, რითაც ფიდეს მსოფლიოს თასის საგზური მიიღო. მსოფლიოს თასის გათამაშებას ტრომსემ აგვისტო-სექტემბერში უმასპინძლა და 128 მონაწილეს შორის ფედორჩუკი რეიტინგით 54-ე იყო. სამწუხაროდ იგი პირველივე ტურში დანილ დუბოვთან უშანსოდ 0:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ნოემბერში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ვარშავაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა. იგი სარეზერვო დაფაზე თამაშობდა, 6 პარტიაში 2 მოიგო, 1 წააგო და სამი დაასრულა ყაიმით. ამ შედეგით სარეზერვო მოთამაშეებში მეექვსე იყო, ხოლო ნაკრები 38 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე გავიდა[3]. 2014 წლის თებერვალში მინსკში დევიდ ბრონშტეინის მემორიალზე ბაადურ ჯობავასთან და მიხაილო ოლეკსიენკოსთან ერთად პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში მეორე ადგილზე ჩამოვიდა[4]. მალევე იურმალაში ვლადიმირ პეტროვის მემორიალზე, სწრაფი ჭადრაკის ტურნირი მოიგო[5].

2015 წლის თებერვალში ვანდევრ-ლე-ნანსის შეჯიბრზე გამოვიდა, 9 პარტიიდან 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და მეორეზე გავიდა. აპრილში მალიორკაში «1 Open internacional Amic Hotel» ტურნირზე იმარჯვა. 6 პარტია მოიგო, 3 კი ყაიმით დაასრულა. ივლისში ავუანში «30eme Open International d'Echecs d'Avoine»-ის ტურნირი მოიგო, აქაც 9 პარტიიდან 6 მოიგო, 3 კი ყაიმით დაასრულა. ოქტომბერში კაპ დაგდის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით. 2019 წელს Barreau de Paris GM-ის პირველი ტურნირი მოიგო, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით[6]. ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში.

სერგეი ფედორჩუკი 2015 წელი

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს ფრანგი მეუღლე კამილა და გოგონა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Результати чемпіонату України з шахів 2002 року
  2. Tournament report March 2010: 8 Open de Nantes. World Chess Federation. ციტირების თარიღი: 2 May 2010.
  3. Sergei Fedorchuk team chess record at OlimpBase.org
  4. Ramirez, Alejandro. (2014-02-20) Three winners in Minsk. ChessBase. ციტირების თარიღი: 11 October 2015.
  5. Sergey Fedorchuk winner of Vladimir Petrov Memorial 2014. Chessdom (2014-02-24). ციტირების თარიღი: 9 October 2015.
  6. The Week in Chess 1311. ციტირების თარიღი: 2020-07-09