სერგეი მელიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი მელიკოვი
სერგეი მელიკოვი
დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა14 ოქტომბერი, 2021
პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი
წინამორბედივლადიმერ ვასილიევი

დაბადებული12 სექტემბერი, 1965 (1965-09-12) (58 წლის)
მოსკოვის ოლქი, საბჭოთა კავშირი
მამაალიმ ნურ-მაგომედოვიჩი
დედანატალია ნიკოლაევნა
მეუღლეგალინა ანატოლიევნა მელიკოვა
შვილებიმიხეილი

სერგეი ალიმოვიჩ მელიკოვი (რუს. Сергей Алимович Меликов; დ. 12 სექტემბერი, 1965, მოსკოვის ოლქი, საბჭოთა კავშირი) ― რუსი, ეთნიკურად ლეზგი პოლიტიკოსი და სამხედრო ლიდერი, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის როლის შემსრულებელი 2020 წლის 5 ოქტომბრიდან, ხოლო ოფიციალური მეთაური 2021 წლის 14 ოქტომბრიდან[1][2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგეი მელიკოვი დაიბადა 1965 წლის 12 სექტემბერს ორეხოვო-ზუიევოში, მოსკოვის ოლქში.

1986 წელს მელიკოვმა დაამთავრა სარუტოვის უმაღლესი სამხედრო სარდლობის შინაგანი ძალების წითელი დროშის სკოლა, მზვერავის სპეციალობით. სარატოვის სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სამხედრო სამსახურში წავიდა ოფიცრის ჩინით უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც იგი ლვოვსა და ოდესაში მსახურობდა. მელიკოვი მალევე გახდა კომუნისტური პარტიის წევრიც[3].

1994-1996 წლებში მელიკოვი ჩეჩნეთის პირველ ომში მსახურობდა[3], რის შემდეგაც დაიწყო მისი სამხედრო კარიერის წინსვლა. 2002 წლის ივნისში იგი დივიზიის მეთაური ხდება[3].

2008 წლის აპრილში დაინიშნა შსს-ს შინაგანი ჯარების ცენტრალური რეგიონალური სარდლობის შტაბის უფროსად და მეთაურის პირველ მოადგილედ. 2011 წლის 31 აგვისტოს მან დაასრულა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მელიკოვი დაინიშნა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში კონტრტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად. ამის შემდეგ მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კავკასიის ჯარების რეგიონალური სარდლობა მიიღო.

2016 წლის 28 ივლისს სერგეი მელიკოვი გაათავისუფლეს სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან და დანიშნეს რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველ მოადგილედ და რუსეთის ეროვნული გვარდიის მთავარსარდლად. პრეზიდენტის ბრძანებულებით, იმავე წლის 12 აგვისტოს იგი გათავისუფლდა უშიშროების საბჭოს წევრობიდან.

ასევე 2016 წლის 26 აგვისტოს იგი პრეზიდენტმა კოლონელი გენერლის ჩინით დააჯილდოვა. უკვე 2017 წელს RBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიკოვი დაღესტნის რესპუბლიკის შემდეგ მეთაურად განიხილებოდა.

2019 წლის 27 სექტემბერს სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვმა მელიკოვი დანიშნა ფედერაციის საბჭოს სენატორად სტავროპოლის მხარიდან[4]. 2020 წლის 5 ოქტომბერს ეს უფლებამოსილება შეუწყდა, რადგან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, იგი დაღესტნის რესპუბლიკის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა[5].

2021 წლის 14 ოქტომბრიდან სერგეი მელიკოვი დაღესტნის რესპუბლიკის რიგით მე-5 მეთაური გახდა[6].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიკოვი ეთნიკურად ლეზგია. მამამისი, ალიმ ნურ-მაგომედოვიჩი (1932-2012), კოლონელი და ბრიგადის კომანდირი იყო, ხოლო დედამისი, ტატიანა ნიკოლაევნა, პროფესიით მასწავლებელი იყო[3]. მისი უფროსი ძმა, მიხეილი (დ. 1958), მაიორ-გენერალია.

სერგეის მეუღლე, გალინა ანატოლიევნა მელიკოვა, სამხედრო ექიმია. ცოლის პირველი ქორწინებიდან სერგეი მელიკოვს გერიც ჰყავდა, დიმიტრი ალექსანდროვიჩ სერკოვი (1981-2007), რომელიც სამხედრო მისიისას გარდაიცვალა. ამის გამო 2007 წლის დეკემბერში სერკოვს რუსეთის ფედერაციამ გმირის წოდება მიანიჭა. თავად სერგეის კი მეუღლისაგან ერთი ვაჟი ჰყავს, მიხეილი, რომელმაც 2018 წელს დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]