სერბ მოხალისეთა გვარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერბ მოხალისეთა გვარდია
Flag of the Serbian Volunteer Guard.jpg
გვარდიის ალამი
აქტიური 19901996
ქვეყანა Flag of Yugoslavia (1946-1992).svg ისფრ

Flag of Serbia and Montenegro.svg იფრ

შემადგენლობა Serbian Cross.svg სერბები
ტიპი მოხალისეთა შენაერთი
ბრძოლები ხორვატიის ომი

ბოსნიის ომი

მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
ჟელკო რაჟნატოვიჩი
განმასხვავებელი ნიშნები
ოფიციალური სამკლაური SPP SrbDobGarda.jpg
არაოფიციალური სამკლაური Tigers unofficial logo.jpg

სერბ მოხალისეთა გვარდია (სერბ. Српска добровољачка гарда / Srpska dobrovoljačka garda; ასევე არკანის ვეფხვები სერბ. Арканови Тигрови / Arkanovi Tigrovi) — სერბული მოხალისეთა, არარეგულარული ფორმირება, რომელიც მონაწილეობდა ხორვატიისა და ბოსნიის ომებში.

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაზმი დააარსეს ცრვენა ზვეზდას ფანატთა კლუბის წევრებმა 1990 წლის 11 ოქტომბერს. ისინი მონაწილეობდნენ ზაგრების სტადიონის ჩხუბში 1990 წლის 13 მაისს. ფანატები შეიკრიბნენ პოკაინიცას მონასტერში სოფელ რადოვანთან, სადაც 1817 წლის 13 ივლისს მოკლეს ჯორჯე პეტროვიჩი (ყარა-გიორგი). რაზმს სათავეში ჩაუდგა ფანატთა კლუბის მეთაური ჟელკო რაჟნატოვიჩი (არკანი).[1]
რაზმს დაახლოებით თავდაპირველად 500-მდე წევრი ჰყავდა, მოგვიანებით 1000-ზე მეტი.[2] 1991 წლის ნოემბერში კრაინის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მოხალისეთა გვარდიას გადასცა ფედერალური არმიის მიტოვებული ყაზარმები ერდუტში. აქ განლაგდა გვარდიის შტაბ-ბინა და საწვრთნელი ბაზა. გვარდია აქტიურად მოქმედებდა ხორვატული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ასევე ასრულებდა საპოლიციო ფუნქციებს. თავიდანვე გვარდიაში საკმაოდ მკაცრი დისციპლინა იქნა დამყარებული. მაგალითად, ალკოჰოლური სასმლის მოხმარებისთვის დამნაშავეებს შოლტავდნენ. არკანის თქმით, გვარდიაში სიმთვრალეში ჩადენილი გმირობების ადგილი არ იყო.[1]

იუგოსლავიის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის გაზაფხულზე გვარდიას უერთდება მილორად ულემეკი – პირველი პროფესიონალი სამხედრო საბრძოლო გამოცდილებით. იგი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა სპარსეთის ყურეში. იგი მეთაურის მოადგილედ ინიშნება და ატარებს წვრთნებს უცხოური ლეგიონის ნიმუშისამებრ. მოგვიანებით, ლეგია გვარდიის ყველაზე უფრო ძლიერი მებრძოლებიდან აყალიბებს საარმიო სპეცრაზმს სუპერ ვეფხვები სერბ. Супер тигрови / Super tigrovi, გვარდია პირველად ცნობილი ხდება ბიელინის წმენდით 1992 წლის აპრილის პირველ დღეებში.
გვარდია მონაწილეობდა ზვორნიკის დაკავების ოპერაციაში, ასევე ოპერაცია ობობაში (სერბების მოკავშირე ავტონომისტების დასახმარებლად), სადაც სერბთა რესპუბლიკის არმიასა და კრაინის სერბულ არმიასთან ერთად მიაღწია წარმატებებს. 1995 წელს გვარდია იბრძოდა სანსკი მოსტთან და პრიედორთან დასავლეთ ბოსნიაში, სადაც მარცხი განიცადა. გვარდიის ბერძენი მოხალისეები (ბერძნული მოხალისეთა გვარდიის ქვედანაყოფი) ასევე მონაწილეობდა სრებრენიცის აღებაში, რასაც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა.[3]

სამხედრო დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუგოსლავიის ომების განმავლობაში მოხალისეთა გვარდია და მისი მსგავსი ფორმირებები (მაგალითად თეთრი არწივები) ეთნიკური წმენდებისას შავი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ – ტერიტორიის დაკავების შემდეგ სწორედ ისინი ასრულებდნენ მოსახლეობის დატერორების კამპანიას, რასაც მათ მიერ ქონების დათმობა და გაქცევა უნდა მოჰყოლოდა. სწორედ მსგავს ფორმირებებზე მოდიოდა სამხედრო დანაშაულების ლომის წილი.[4]
პირველი დოკუმენტირებული სამხედრო დანაშაული იყო ბიელინის წმენდა. რონ ჰავივი, ამერიკელი ფოტოგრაფი, მოხალისეთა გვარდიის მებრძოლებმა თავად წაიყვანეს ბიელინაში, თავისი სამხედრო წარმატებებით საამაყოდ. ჰავივი შეესწრო როგორ გამოიყვანეს ხორცის მაღაზიის პატრონი ბოსნიელი ცოლთან ერთად ქუჩაში გვარდიელებმა და დახვრიტეს. შემდეგ იქვე დახვრიტეს კიდევ ერთი ბოსნიელი ქალი. ბოლოს ერთ-ერთმა გვარდიელმა სულთმობრძავ ყასბის ცოლს თავში წიხლი ჩაარტყა. ეს მომენტი ფირზე აღბეჭდა ჰავივმა. ამ სურათმა მსოფლიო მოიარა.[5] ფოტოს გავრცელების შემდეგ ჰავივი გააძევეს. იგივე მეთოდებით მოქმედებდა მოხალისეთა გვარდია ზვორნიკში, მაგრამ ამჯერად ეს ფოტოზე აღარ აღბეჭდილა.[6][7][8] გვარდიას ჰააგის ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა მრავალ დანაშაულში, მათ შორის:[9]

  • 30 არასერბი მამაკაცისა და ერთი ქალის დატყვევება, საკვებისა და წყლის გარეშე, ხუთი კვადრატული მეტრის ოთახში.
  • გაუპატიურება სანსკი მოსტში.
  • 12 არასერბი ტყვის გადაყვანა სანსკი მოსტიდან ტრნოვოსთან და იქ დახვრეტა.
  • 68 არასერბი ტყვის გადაყვანა სანსკი მოსტიდან, შეხოვციდან და პობრიეზედან სოფელ სასინასთან და იქ დახვრეტა.
  • 35 არასერბი ტყვის განთავსება ხუთი კვადრატული მეტრის ოთახში, მათი ცემა და წამება, რასაც ორი მათგანი ემსხვერპლა.

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის ომის შემდეგ გვარდია დაიშალა. მისი მებრძოლების ნაწილი ახალშექმნილ სპეციალური ოპერაციების ერთეულში გადავიდა, მათ შორის მილორად ულემეკიც, რომელიც სპეცოპერაციების ერთეულის წითელ ბერეტებს ედგა სათავეში.[10] ისინი მოგვიანებით კოსოვოს ომშიც იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო ულემეკის მოადგილემ, ზვეზდან იოვანოვიჩმა ესროლა სერბეთის პრემიერ-მინისტრს ზორან ჯინჯიჩს. ულემეკი ცნობილ იქნა დამნაშავედ ჯინჯიჩისა და ივან სტამბოლიჩის მკვლელობების ორგანიზებაში, ასევე ვუკ დრაშკოვიჩის მკვლელობის მცდელობაში და მიესაჯა 40 წელი.[11][12].
გვარდიის მეთაური რაჟნატოვიჩი ბელგრადში პომპეზურად დაქორწინდა ცნობილ სერბ მომღერალზე სვეტლანა ველიჩკოვიჩზე 1995 წლის 19 თებერვალს. მათ ერთმანეთი ერდუტში გაიცნეს 1993 წელს, სადაც ცეცა მოხალისეთა გვარდიის წევრებისთვის ჩატარებულ კონცერტზე იყო მიწვეული. ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა, რომელიც ბელგრადის ახალი ამბების ცენტრალური მოვლენა იყო.[13] 2000 წლის 15 იანვარს რაჟტანოვიჩი ბელგრადის სასტუმრო ინტერკონტინენტალში მოკლა დობროსავ გავრიჩმა. არკანს ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა და ადგილზევე კომაში ჩავარდა, საავადმყოფოსკენ მიმავალი კი გარდაიცვალა. გავრიჩმა ასევე მოკლა არკანის ორი თანმხლები – მილენკო მანდიჩი და დრაგან გარიჩი. არკანის მცველმა ზვონკო მატეოვიჩმა დაჭრა გავრიჩი, რის შედეგადაც იგი ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა.[14][15] ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, არკანი მილოშევიჩმა მოიშორა, რადგან მან "ძალიან ბევრი იცოდა." ამ ვერსიას ხელს უწყობდა ის ფაქტიც, რომ გავრიჩი პოლიციის ოფიცერი აღმოჩნდა, რომელიც სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით იყო გამოსული.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Glas javnosti: Željko Ražnatović Arkan — život u trileru. Poljupci sa Plavšićkom i Abdićem
  2. Thomas, Nigel (2006). The Yugoslav Wars (2): Bosnia, Kosovo and Macedonia 1992-2001. Osprey Publishing Ltd.. ISBN 9781472801968. 
  3. Helena Smith, Greece faces shame of role in Serb massacre, The Observer, 5 January 2003
  4. The policy of ethnic cleansing (Final report of the United Nations Commission of Experts)
  5. [http://lens.blogs.nytimes.com/2013/04/02/photography-in-the-docket-as-evidence/?_r=0 Photography in the Docket, as Evidence]
  6. John F. Burns. (22 May 1992) Bosnian Strife Cuts Old Bridges of trust. New York Times.
  7. Katharina Goetze. (2008-11-17) Witness Says Serbs Knew Zvornik Attack Was Coming. Institute for War and Peace Reporting.
  8. Bassiouni, Cherif. (27 May 1994) Final report of the United Nations Commission of Experts established pursuant to security council resolution 780 - Annex IV: The policy of ethnic cleansing. United Nations.
  9. THE PROSECUTOR OF THE TRIBUNAL AGAINST ZELJKO RAZNJATOVIC also known as "ARKAN"; INDICTMENT
  10. Leslie Alan Horvitz, Christopher Catherwood Encyclopedia of War Crimes and Genocide. — Infobase Publishing, 2009. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 9781438110295
  11. B92: Ulemeku i Jovanoviću po 40 godina
  12. Politika: Ulemeku treći put 40 godina
  13. Žitije sa pevanjem i pucanjem
  14. CNN.com International - Breaking, World, Business, Sports, Entertainment and Video News. Archives.cnn.com.
  15. EUROPE | Serbian warlord shot dead“, BBC News, 15 January 2000. 
  16. Arkan Dead. NPR (15 January 2000).