შინაარსზე გადასვლა

სენ-ჟერმენის ედიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სენ-ჟერმენის ედიქტი (ფრანგ. l'Edit de Saint-Germain) — საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის ედიქტი, გამოსცეს 1562 წლის 17 იანვარს. იგი არეგულირებდა ჰუგენოტების, საფრანგეთის რელიგიური უმცირესობის, სამართლებრივ სტატუსს. ამ ედიქტით საფრანგეთში საფუძველი ჩაეყარა რელიგიურ შემწყნარებლობას.

XVI საუკუნის მეორე მესამედში საფრანგეთში აღინიშნა რეპრესიების განხორციელება ჰუგენოტების წინააღმდეგ. იგი დაიწყო 1534 წელს და თავის აპოგეას მიაღწია ანრი II-ისა (1547-1559 წწ.) და მისი შვილის ფრანსუა II-ის (1559-1560 წწ.) მეფობის პერიოდში. ექსუანის ედიქტის მიხედვით (2 ივნისი, 1559 წ.) პროტესტანტები კანონგარეშედ გამოაცხადეს.

ფრანსუა II-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მმართველი წრეების პოზიცია შეიცვალა. ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მონარქის დედა ეკატერინე მედიჩი, რომელიც ცდილობდა ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას ჰუგენოტებისა და კათოლიკეების შერიგების გზით. 1562 წელს ქალაქ სენ-ჟერმენში გამართულ სამეფო საბჭოზე მიიღეს ედიქტი. პარიზის პარლამენტმა მის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

სენ-ჟერმენის ედიქტი მოქმედებდა XVI საუკუნის ბოლომდე. 1598 წელს მიღებული ნანტის ედიქტის მიხედვით კი ფრანგ ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]