სელჩუკ ბაირაქტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელჩუკ ბაირაქტარი
"Qarabağ" ordenli Selçuk Bayraktar.jpg
მშობლიური სახელი Selçuk Bayraktar
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1979 (1979-10-07) (43 წლის)
სარიერი, სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება თურქი
განათლება Robert College (სტამბოლი)
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
საქმიანობა ინჟინერი, ბიზნესმენი
ორგანიზაცია Baykar
მეუღლე(ები) სიუმეიე ერდოღანი (იქ. 2016)
შვილ(ებ)ი 1[1]
მშობლები მამა: ეზდემირ ბაირაქტარი
დედა: ჯანან ბაირაქტარი
ნათესავები რეჯეფ თაიფ ერდოღანი (სიმამრი)
ემინე ერდოღანი (სიდედრი)
ჰალუქ ბაირაქტარი (ძმა)
ჯილდოები Karabakh order.png

სელჩუკ ბაირაქტარი (თურქ. Selçuk Bayraktar; დ. 7 ოქტომბერი, 1979) — თურქი ინჟინერი და ბიზნესმენი, თურქული ტექნოლოგიური კომპანია Baykar-ის მთავარი ტექნიკოსი ოფიცერი და თურქეთის პირველი სამამულო წარმოების ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელი. ასევე, არის თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის ფონდის (Turkish Technology Team Foundation) დამფუძნებელი თავმჯდომარე.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით ტრაპიზონიდან, სელჩუკ ბაირაქტარი დაიბადა 1979 წელს, სტამბოლის სარიერის რაიონში. იგი ეზდემირ ბაირაქტარის და ჯანან ბაირაქტარის მეორე შვილია. მამამ, ეზდემირ ბაირაქტარმა (1948-2021) 1984 წელს დააარსა თურქული აეროკოსმოსური ფირმა Beyraktar. სელჩუკმა დაწყებითი განათლება სარიერის სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა რობერტის კოლეჯში განაგრძო, რომელიც 1997 წელს დაამთავრა.[2] იმავე წელს დაიწყო უმაღლესი განათლების მიღება სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ელექტრონიკის და კომუნიკაციის იინჟინერიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მიიღო სტიპენდია პენსილვანიის უნივერსიტეტის ზოგადი რობოტიკის (GRASP) ლაბორატორიისგან. აღნიშნული უნივერსიტეტი 2004 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. მისი სამაგისტრო კვლევა მოიცავდა სახმელეთო სადგურიდან მწყობრად მფრენი რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის წარმატებული მართვის დემონსტრაციას რობოტების ჯგუფთან ერთად. ამ ნაშრომმა დიდი ყურადღება დაიმსახურა და მან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტისგან სტიპენდიის შეთავაზება მიიღო.[3] ბაირაქტარმა სწავლა ჯორჯ პაპასის და ერიკ ფერონის ხელმძღვანელობით განაგრძო და მეორე მაგისტრის ხარისხი მოიპოვა უპილოტო შვეულმფრენი სისტემების ავტონომიური, აგრესიული მანევრირების სფეროში.[2][4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების დასრულების შემდეგ, 2007 წელს, ბაირაქტარი თურქეთში დაბრუნდა და Baykar-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი გახდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ კომპანიამ შექმნა Bayraktar-ის სისტემები – პირველი თურქული სამამულო წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, მათ შორის, Bayraktar Mini UAV, Bayraktar TB2, Bayraktar VTOL და Bayraktar Akıncı.[5] ეს სისტემები თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთულ–თურქული კონფლიქტის დროს კონტრტერორისტულ ოპერაციებში გამოიყენეს. ისინი მონაწილეობდნენ სირიის სამოქალაქო ომში, ლიბიის მეორე სამოქალაქო ომში და მთიანი ყარაბაღის მეორე ომში.[6][7] 2021 წლის მარტში ბაირაქტარმა განაცხადა ახალი, Bayraktar TB3 მოდელის შექმნაზე, რომელიც საშუალო სიმაღლეზე და შორ მანძილზე მოქმედი აპარატია და Bayraktar TB2-ის გაუმჯობესებას წარმოადგენს. ახალი სისტემების განთავსება იგეგმება თურქეთის პირველ ამფიბიურ მოიერიშე გემზე TCG Anadolu.[8][9] 2021 წლის აპრილში განცხადება გაკეთდა კომპანიის მიზანზე, რომ 2023 წელს განახორციელოს თურქული წარმოების პირველი უპილოტო რეაქტიული გამანადგურებლის პირველი გაფრენა.[10]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ბაირაქტარი ხელმძღვანელობს, არის პირველი თურქული მფრინავი მანქანის პროექტი (მართვადი ელექტრონული ვერტიკალური აფრენა-დაშვების Cezeri). მისი პირველი გაფრენის დემონსტრაცია 2020 წლის სექტემბერში მოხდა და მან მიწიდან 10 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. მოვლენა მსოფლიო მედიამ გააშუქა.[11][12]

ფილანთროპია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაირაქტარი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თურქეთის ეროვნულ ტექნოლოგიურ ინიციატივას, რომლის მიზანია ადგილობრივი მაღალტექნოლოგიური გარემოს ჩამოყალიბება და განვითარება. ამის გამო, პროფესიული საქმიანობის გარდა, მას თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის ფონდში დამფუძნებელი თავმჯდომარეცაა. ფონდის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა, რათა თურქეთში მაღალტექნოლოგიური განვითარებისთვის სათანადო ეკოსისტემა შეიქმნას.[13] ფონდი ქვეყნის მასშტაბით გამომგონებელთა ვორქშოფებს ატარებს, რომლებსაც ბაირაქტარი ხშირად ესწრება.[14] იგი, ასევე, თავმჯდომარეობს ყოველწლიურ აეროკოსმოსურ და ტექნოლოგიურ ფესტივალს Teknofest. მასში შედის წინასწარ დაფინანსებული ტექნოლოგიური კონკურსები და გამოფენები, რომლებშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. 2019 წელს Teknofest 1.7 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობდა და იგი მსოფლიოში ყველაზე ფართო აეროკოსმოსურ და ტექნოლოგიურ ფესტივალს წარმოადგენს.[15] ბაირაქტარმა გადამწყვეტი როლი ითამაშა COVID-19-ის პანდემიის დროსაც, როცა მისმა კომპანიამ შექმნა და დაამზადა პირველი თურქული ინტენსიური თერაპიის ვენტილაციის სამედიცინო აპარატები.[16]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს სელჩუკ ბაირაქტარი სიუმეიე ერდოღანზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქალიშვილზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი ჰყავს.[17] ბაირაქტარი კერძო პილოტის ლიცენზიას ფლობს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sümeyye Erdoğan anne oldu! İşte bebeğin ismi.
  2. 2.0 2.1 2.2 Baykar Machine and Defense; Selçuk Bayraktar biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 1 April 2021
  3. Bayraktar, Selcuk (December 2004). „Hybrid Modeling and Experimental Cooperative Control of Multiple Unmanned Aerial Vehicles“. Technical Reports (Cis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2005. ციტირების თარიღი: 5 April 2021.
  4. Bayraktar, Selcuk (3 February 2006). Aggressive Landing Maneuvers for Unmanned Aerial Vehicles. Massachusetts Institute of Technology Library (Thesis). hdl:1721.1/35581. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2006. ციტირების თარიღი: 5 April 2021. Alt URL
  5. Turkey's Giant Leap: Unmanned Aerial Vehicles en. ციტირების თარიღი: 2021-04-05
  6. Fahim, Kareem (29 November 2020). „Turkey's Military Campaign Beyond its Borders is Powered by Homemade Armed Drones“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 5 April 2021.
  7. Farooq, Umar. How Turkey Defied the U.S. and Became a Killer Drone Power en (14 May 2019). ციტირების თარიღი: 2021-04-07
  8. „Erdogan's Armed Drone Maker Leads Military Push, Unsettling Allies“. Bloomberg.com (ინგლისური). 2021-04-05. ციტირების თარიღი: 2021-04-08.
  9. Bayraktar, Selcuk. (8 April 2021) Selcuk Bayraktar Twitter en. ციტირების თარიღი: 2021-04-08
  10. Turkey's unmanned fighter jet prototype to fly by 2023: Baykar CTO en-US (2021-04-22). ციტირების თარიღი: 2021-04-26
  11. Koksal, Ilker. Will We Have Self-Flying Cars Before Self-Driving Cars? en. ციტირების თარიღი: 2021-04-08
  12. Reuters Editorial. Turkey shows off first 'flying car' prototype | Reuters Video en. ციტირების თარიღი: 2021-04-08
  13. Technology should be used for peace, welfare: Baykar CTO en-US (2021-02-03). ციტირების თარიღი: 2021-04-05
  14. Deneyap Teknoloji Atölyeleri ilk mezunlarını verdi. ციტირების თარიღი: 2021-04-07
  15. Teknofest Istanbul draws more than 1.7M visitors. ციტირების თარიღი: 2021-04-07
  16. Turkey's great success: Producing ventilators in 2 weeks amid pandemic. ციტირების თარიღი: 2021-04-05
  17. Sümeyye Erdoğan bugün evleniyor. Posta (14 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 May 2016. ციტირების თარიღი: 14 May 2016.
  18. Baykar CTO Bayraktar receives 'Karabakh Order' from Aliyev en-US (2021-04-01). ციტირების თარიღი: 2021-04-02
  19. President Ilham Aliyev awards Selcuk Bayraktar with "Garabagh" Order. azertag.az (1 April 2021).