სელენოლოგია
სელენოლოგია (ძვ. ბერძნ. Σελήνη [Selḗnē] — „მთვარე“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მთვარის აგებულებისა და ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის შემსწავლელი მეცნიერული დარგი. წარმოიშვა XX საუკუნის შუა ხანებში კოსმონავტიკის საშუალებით მთვარის პირდაპირ გამოკვლევათა შედეგად. სელენოლოგია იყენებს ასტროფიზიკურ, გეოფიზიკურ, გეო-ქიმიურ, მეთოდებს. მთვარის ქანებს სწავლობენ როგორც დისტანციური ანალიზის, ისე დედამიწის ლაბორატორიებში მათი ნიმუშების გამოკვლევის საშუალებით, მთვარის შინაგან აგებულებას — სეისმური ექსპერიმენტებით, აგრეთვე მზისიერი ქარის მიერ მთვარეში აღძრული ელექტრომაგნიტური ველის მიხედვით. კოსმოსური აპარატებით მთვარის გრავიტაციული ველის შესწავლამ აღმოაჩინა ე. წ. მასკონები — მასათა შემკვრივებები; შეიმჩნევა მაგნიტური ანომალიებიც. გამოირკვა რომ მთვარეს ხანგრძლივი, რთული ევოლუცია აქვს გავლილი. მის ზედაპირზე ძირითადია მეტეორიტული ეროზია. სელენოლოგიის შედეგები საინტერესოა მზის სისტემის სხვა, ატმოსფეროს არმქონე სხეულთა შესასწავლადაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 276.
| ||||||||||||||||||||||