სეკეი
სეკეი, მრ. რ. სეკეები (უნგრ. Székely, რუმ. Secui, გერმ. Szekler, ლათ. Siculi) — უნგრელების ჯგუფი აღმოსავლეთ ტრანსილვანიაში, რუმინეთში. ცხოვრობენ ჰარგიტის (276 ათ., მთელი მოსახლეობის 84,6%, 2011), კოვასნის (164,2 ათ., 73,8%) ჟუდეცებში და მურეშის ჟუდეცის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში (228,3 ათ., 39,3%). საუბრობენ უნგრული ენის სეკეურ დიალექტზე და რუმინულად. არიან კათოლიკეები.[1]
ისტორიულ წყაროებში 1138 წლიდან იხსენიებიან როგორც სამხედრო დანაყოფი უნგრეთის მეფეთა ლაშქარში. ისტორიოგრაფიაში უფრო მეტად მიღებულია მოსაზრება, რომ ისინი არიან ტრანსილვანიის უნგრეთთან შეერთების (XI საუკუნე) შემდეგ აქ გადმოსახლებულ სამხედრო მოახალშენეთა შთამომავლები. არის ჰიპოთეზები მათი თურქული წარმომავლობის შესახებ. 1438 წელს უნგრელებთან და გერმანელებთან ერთად შექმნეს ე.წ. სამი ერის კავშირი, რათა ოსმალთა ექსპანსიისგან დაეცვათ ტრანსილვანია; შემდგომში ეს სამი კათოლიკური ჯგუფი ტრანსილვანიაში ჭარბობდა მართლმადიდებელ რუმინელ მოსახლეობას. 1940 წელს, ვენის არბიტრაჟის მიხედვით, სეკეების მიწები ჩრდილოეთ ტრანსილვანიის შემადგენლობაში გადაეცა უნგრეთს. 1944 წელს, რუმინეთსა და ანტიჰიტლერულ კოალიციას შორის ზავის დადების შემდეგ, ჩრდილოეთი ტრანსილვანია დაუბრუნდა რუმინეთს. 1944–1945 წლებში სეკეები მოყვნენ რუმინული შეიარაღებული რაზმების (იულიუ მანიუს მეთაურობით) ძალადობრივი მოქმედებების ქვეშ. 1952 წელს შეიქმნა უნგრელთა (1960 წლიდან — მურეშ-უნგრულთა) ავტონომიური ოლქი, რომელიც 1968 წელს გაუქმდა. 1989 წელს დაარსდა რუმინეთის უნგრელების დემოკრატიული კავშირი (რუდკ). 2009 წელს გამოაცხადეს სეკეის ავტონომიური მხარე, 2010 წელს უნგრული ენა მიიღეს ოფიციალურ ენად რეგიონულ დონეზე; ორივე გადაწყვეტილება რუმინეთის ხელისუფლებამ არ სცნო. 2011 წელს რუდკ-მა ქალაქ ტირგუ-მურეშში შექმნეს სეკეის მხარის ადმინისტრაციული საბჭო. ამავე წელს უნგრეთში შემოიღეს ოდესღაც უნგრეთის მოქალაქეთა შთამომავლებისათვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული წესი. 2012 წლის აპრილისთვის მოქალაქეობა მიანიჭეს რუმინეთის დაახლ. 284 ათას მოქალაქეს. სეკეის მხარეში ენთუზიასტების მიერ შემონახულია „სეკეის რუნები“ (იხ. უნგრული რუნები), რომელიც წარმოდგება ე.წ. აღმოსავლეთევროპული რუნებისგან. მისი გამოყენებით გამოიცემა ჟურნალები, წიგნები და სხვ.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Секеи // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 686.