სეიძიუნ სუძუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სეიძიუნ სუძუკი
Seijun Suzuki.jpg
დაბადების სახელი სეიტარო სუძუკი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1923
ტოკიო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 13 თებერვალი, 2017 (93 წლის)
ტოკიო, იაპონია
საქმიანობა კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი
აქტიური 1956-2007

სეიძიუნ სუძუკი (იაპონ. 鈴木 清順; დ. 24 მაისი, 1923 გ. 13 თებერვალი, 2017) — იაპონელი კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი. მისი ფილმები მკვეთრად გამოხატული ვიზუალიური სტილით, იუმორითა და ნიჰილიზმით გამოირჩევა.[1] 1956-1967 წლებში რეჟისორმა კინოკომპონია Nikkatsu-თვის 40 ფილმი გადაიღო, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული იაკუძას ჟანრის ნამუშევრები იყო. 1963 წლიდან სუძუკის შემოქმედებაში სიურეალისტური სტილი განჩდა, რომელიც საუკეთესოდ წარმოჩინდა მის მაგნუმ ოპუსად მიჩნეულ 1967 წლის ფილმში „მკვლელობისთვის დაღდასმული“, რომელშიც მთავარ როლს ჯო შიშიდო ასრულებს. როგორც დამოუკიდებელ კინორეჟისორს, მას კრიტიკული აღიარება და იაპონიის კინოაკადემიის ჯილდო მოუტანა ტაიშოს ტრილოგიამ, რომელიც 1980-1991 წლებში გამოვიდა. სუძუკიმ კინოკომპანია Nikkatsu-ს უკანონი გათავისუფლების გამო წარმატებით უჩივლა, თუმცა 10 წლის შემდეგ რეჟისორი შავ სიაში მოხვდა.

სუძუკის შემოქმედება საზღვარგარეთ არ იყო ცნობილი, რაც 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან შეიცვალა, როცა მისი რეტროსპექტივების სერიის წარდგენა დაიწყეს. რეჟისორის ცნობადობის გაზრდაზე აგრეთვე გავლენა იქონია ცნობილი და აღიარებული რეჟისორების მიერ, როგორებიც არიან ჯიმ ჯარმუში, ტაკეში კიტანო, ვონგ კარ ვაი და კვენტინ ტარანტინო, მისი შემოქმედების აღიარებამ. იაპონიაში სუძუკი უფრო მეტად სამსახიობო კარიერითაა ცნობილი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუძუკი ტაისიოს პერიოდში, 1923 წლის კანტოს დიდ მიწისძვრამდე სამი თვით ადრე ტოკიოში დაიბადა. ექვსი წლის შემდეგ მას უმცროსი ძმა, კენძი სუძუკი შეეძინა. მისი ოჯახი ქსოვილის ვაჭრობაში იყო ჩართული. სუძუკიმ 1941 წელს ტოკიოს სავაჭრო სკოლაში დაამთავრა, რის შემდეგაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ კოლეჯში სცადა ჩაბარება, თუმცა ქიმიასა და ფიზიკაში დაბალი ქულების გამო მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა. ერთი წლის შემდეგ იგი ჰიროსაკის კოლეჯში ჩაირიცხა.[2]

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომისათვის სტუდენტთა მობილიზაციის პერიოდში, სუძუკი იაპონიის იმპერიულ არმიაში გაიწვიეს. იგი ტიბის პრეფექტურის ქალაქ აბიკოში გაგზავნეს, სადაც მას მეორე კლასის რიგითის წოდება მიენიჭა. სუძუკი ორჯერ გადაურჩა გემის ჩაძირვას. პირველად, მისი სატვირთო გემი, რომელსაც ჯარისკაცები ფრონტზე გადაჰყავდა, ამერიკელების წყალქვეშა ნავმა დაანგრია, რის შემდეგაც სუძუკი ფილიპინებზე გადავიდა. მოგვიანებით, სატვირთო გემი, რომელსაც სუძუკი ტაივანში გადაჰყავდა, ამერიკელი საჰაერო ძალების შეტაკების შედეგად ჩაიძირა, რის შემდეგაც სუძუკმა მაშველების დახმარებამდე ოკეანეში 7-8 საათი დაჰყო.[3] 1964 წელს მან უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო, რის შემდეგაც ჰიროსაკში დაბრუნდა და სწავლა დაასრულა.[2]

სუძუკიმ ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაბარება წარუმატებლად სცადა, რის შემდეგაც მსგავსი გამოცდილების მქონე მეგობრის რჩევით კამაკურას აკადემიის კინოს დეპარტამენტის სტუდენტი გახდა. 1948 წლის ოქტომბერში მან კინოკომპანიის Shochiku Company მისაღები გამოცდა ჩააბარა, რის შემდეგაც კომპანიის ერთ-ერთ სტუდიაში დამხმარე რეჟისორის პოზიციაზე აიყვანეს. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრამდე სუძუკუ შემდეგ რეჟისორებთან მუშაობდა: მინორა შიბუია, იასუში სასაკი, ნობორუ ნაკამურა და ჰიდეო ონივა.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს კინოკომპანიამ Nikkatsu ომის გამო შეწყვეტილი მუშაობა განაახლა და დაწინაურების დაპირებით სხვა კინოსტუდიებიდან სამუშაოდ მრავალი დამხმარე რეჟისორი აიყვანა. მათ შორის იყო სუძუკი. მან კომპანიაში კვლავ დამხმარე რეჟისორად დაიწყო მუშაობდა, თუმცა ამჯერად მისი ანაზღაურება წინა კომპანიასთან შედარებით სამჯერ მეტი იყო. სუძუკი მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან სო იამამურა, ჰიდესუკე ტაკიზაკავა, კიოში საეკი და ჰიროში ნოგუჩი. 1955 წელს მან პირველად დაწერა სცენარი, ხოლო 1956 წელს სრულფასოვანი რეჟისორი გახდა.[2]

სუძუკის სარეჟისორო დებიუტი ფილმით „გამარჯვება ჩემია“ შედგა.[4] ფილმის ხარისხით მოხიბლულმა კინოკომპანიის მესვეურებმა მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეს.[5] სუძუკი ძირითადად დაბალბიუჯეტურ, კომერციული მიზნების მქონე მძაფრსიუჟეტიან ფილმებს იღებდა. მისი მსგავსი რეჟისორები ვალდებულნი იყვნენ სწრაფად ემუშავათ და ყველა სცენარზე დათანხმებულიყვნენ. სუძუკი გასაოცარი ტემპით მუშაობდა: წელიწადში საშუალოდ 3.5 ფილმს იღებდა და კომპანიაში თავისი მოღვაწეობის მანძილზე მხოლოდ 2-3 სცენარზე თქვა უარი.[6]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიძიუნ სუძუკი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით 2017 წლის 13 თებერვალს ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.[7][8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lim, Dennis (2017-02-22). „Seijun Suzuki, Director Who Inspired Tarantino and Jarmusch, Dies at 93“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-01-01.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Rayns, Tony (1994). "Biography", Branded to Thrill: The Delirious Cinema of Suzuki Seijun. Institute of Contemporary Arts, გვ. 46. ISBN 0-905263-44-8. 
  3. Suzuki, Seijun (January 1991). "Biografie van Suzuki Seijun—Biography of Suzuki Seijun", De woestijn onder de kersenbloesem—The Desert under the Cherry Blossoms. Uitgeverij Uniepers Abcoude, გვ. 80–82. ISBN 90-6825-090-6. 
  4. Firsching, Robert. Minato No Kanpai: Shori o Wagate Ni Plot Synopsis. All Media Guide. ციტირების თარიღი: 12 December 2006.
  5. Weisser, Thomas. The Films of Seijun Suzuki: A Complete Filmography with Commentary. 45. Caliber Samurai. ციტირების თარიღი: 20 December 2006.
  6. Rayns, Tony (1994). "The Kyoka Factor: The Delights of Suzuki Seijun", Branded to Thrill: The Delirious Cinema of Suzuki Seijun. Institute of Contemporary Arts, გვ. 5–9. ISBN 0-905263-44-8. 
  7. Blair, Gavin J.. (21 February 2017) Japanese Auteur Seijun Suzuki Dies at 93. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 22 February 2017.
  8. Schilling, Mark. (22 February 2017) Maverick Japanese Director Seijun Suzuki Dies at 93. Variety. ციტირების თარიღი: 22 February 2017.