სევის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევის ტბა
სევის ტბა
სევის ტბა
კოორდინატები: 39°35′53″ ჩ. გ. 46°13′54″ ა. გ. / 39.59806° ჩ. გ. 46.23167° ა. გ. / 39.59806; 46.23167
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სიუნიქის პროვინცია
სიმაღლე ზღვის დონიდან 2658 
სიგრძე 1,95 კმ
სიგანე 1,25 კმ
ფართობი 1,92 კმ²
მოცულობა 11,600 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 5,5 კმ
მაქსიმალური სიღრმე 7,8 
გამჭვირვალობა 4,6 
სევის ტბა — სომხეთი
სევის ტბა

სევის ტბა (სომხ. Սև լիճ; ადრე ყარაგიოლი — „შავი ტბა“) — ტბა სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ყარაბაღის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ ნაწილში, მეც-იშხანასარის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2658 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი — 1,92 კმ², მოცულობა — 11 600 ათ. მ³, ტბის დიამეტრი — 1,5 კმ, სანაპირო ხაზის სიგრძე — 5,5 კმ, მაქსიმალური სიღრმე — 7,8 მ. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ყურეები თითქმის არ გვხვდება.[1]

სევის მაღალმთიანი ტბა წარმოადგენს რელიქტურ წყალსატევს, რომელიც წარმოიქმნა ჩამქრალი ვულკანის კრატერში. სანაპიროს სიახლოვეს არსებული ფსკერი ქვიანია. ჩრდილო, ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი სანაპირო, როგორც წესი, ფლატოვანია, კლდოვანი; ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის რამდენიმე გამოზიდვის კონუსი. სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსაზღვრულია მთის მდელოებით.[1]

ტბის ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური რეჟიმი ტიპურია ალპურ სარტყელში განლაგებული მსგავსი წყალსატევებისათვის. ტბა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაშია გაყინული, კერძოდ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აპრილის მეორე ნახევრამდე. ყინულის სისქე სანაპიროდან 20 მ-ში 50 სმ-ს სჭარბობს, ხოლო თოვლის საფარველის სისქე 40 სმ-მდეა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 50 სმ სიღრმეზე აღწევს 15°C-ს.[1]

ჟანგბადის შემცველობა წყალში მერყეობს 6-7 მგ/ლ. ფარგლებში. ტბის წყალს აქვს სუსტი ტუტე რეაქცია. ხანგრძლივი ყინულოვანი საფარველი ზღუდავს წყლის მასის ურთიერთქმედებას ატმოსფეროსთან, მზის სხივების შეჭრას. ეს განსაზღვრავს ტბის დაბალ ბიოლოგიურ პროდუქტიულობას. მასში შესამჩნევ განვითარებას აღწევენ ორგანიზმები, რომლებიც ტბის სიღრმეში ბინადრობენ: ფიტო და ზოოპლანქტონები, ხოლო ფსკერული ცხოველებიდან — ამფიპოდები (გამარუსები).[1]

სევის ტბაში წყლის მოდინება უმეტესწილად მომდინარეობს გამდნარი და წვიმის წყლების, ნაწილობრივ კი წყაროს წყლების ხარჯზე. ტბის რაიონში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა არ აჭარბებს 5°C-ს; იანვრის საშუალო ტემპერატურა —8°C, ივლისში დაახლოებით 15°C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 700 მმ-ზე მეტია, მათ შორის წლის თბილ პერიოდში — 400 მმ-ზე მეტი. წელიწადში 120 დღემდეა ნალექიანი.[1]

სევის ტბა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორია ნაკრძალს წარმოადგენს, რომელიც 1987 წელს დაარსდა. იგი შეიქმნა სევის ტბის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით. მისი ფართობია 240 ჰა და შედგება ტბის აკვატორიისგან (176 ჰა) და სანაპირო ხაზისაგან (64 ჰა), რომლის სიგანეა 100 მ. ნაკრძალის ირგვლივ გამოყოფილია 1 კმ სიგანის დაცული ზონა.[1]

ტბის ირგვლივ არსებული ტერიტორია დაფარულია მცენარეულობით, რომელიც ტიპურია სუბალპური მდელოებისათვის. ტბის სიახლოვეს გვხვდება ჭურჭლოვანი მცენარეების 68 გვარისა და 27 ოჯახის 102 სახეობა და ქვესახეობა. სანაპიროს მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია მდელოებით. დიდი აბსოლუტური სიმაღლის გამო წყალ-ჭაობიანი ფლორა და მცენარეულობა სუსტად არის გამოხატული. 1967 წელს ტბაში აკლიმატიზებულ იქნა იშხანი.[1]

XX საუკუნის 40-50-იან წლებში ტბა შეისწავლა კონსტანტინე პაფენგოლცმა, მირალი კაშკაიმ და სხვებმა. ტბის ჰიდროლოგიური თავისებურებები გამოიკვლია მუსეიბ მუსეიბოვმა, მ. ღამბარიანმა და მ. გასანოვმა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]