შინაარსზე გადასვლა

სახელობითი ბრუნვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელობითი ბრუნვა – ნომინატივი, ბრუნვის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც უპირისპირდება ბრუნების პარადიგმაში შემავალ სხვა ბრუნვებს. ინდოევროპულ ენათა ნომინატივისგან განსხვავებით, ქართული სახელობითი ბრუნვა მხოლოდ ქვემდებარის ბრუნვა არ არის: იგი გამოხატავს გარდამავალი ზმნის პირდაპირ ობიექტს II სერიაში დასმულ გარდამავალ ზმნა-შემასმენელთან („კაცმა სახლი ააშენა“), გარდამავალი ზმნის ქვემდებარეს I სერიაში („კაცი სახლს აშენებს“), აგრეთვე გარდაუვალი ზმნის ქვემდებარეს – სამსავე სერიაში („კაცი დაიმალა“, „კაცი დამალულა“).

სახელობით ბრუნვაში დასმული სახელი სალექსიკონო ერთეულია: სწორედ ამ ბრუნვის ფუნქციაა სახელდებითობა, თუმცა, მისი პირდაპირ ბრუნვად მიჩნევა ქართული ენისათვის გაუმართლებელია (ვინაიდან „ირიბ“ მიმართებებსაც ასახავს).

სახელობითი ბრუნვის ნიშანი თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ი და 0 ალომორფებითაა წარმოდგენილი: თანხმოვანფუძიანებთან – „შვილი მოიყვანა“, „სახლი შენდება“, „მეზობელი მოსულა“… გვხვდება –ი, ხოლო ხმოვანფუძიან სახელებში -ი იკვეცება: „დედა იცინის”, „ძროხა მოწველეს“, „სარკე გატეხილია”…

მრავლობით რიცხვში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ყველგან -ი ბოლოსართია: ბიჭ-ებ-ი, კატ-ებ-ი, წყარო-ებ-ი, ციხე-ებ-ი, ძმა-ნ-ი, შვიდ-ნ-ი…

ქართულ ენაში სახელობითი ბრუნვის -ი ნიშნის გენეზისის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. ნ. მარი ვარაუდობდა, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენის სახელობით ბრუნვაში შერწყმულია ორი მორფოლოგიურად განსხვავებული წარმონაქმნი: 1. თავდაპირველი -ი, რომელიც მიღებული იყო გაუფორმებელ ბრუნვაზე მე-3 პირის -ი (< *ჰი < *ჰუ) ნაცვალსახელის დართვით(მწიგნობრულ ბრუნებაში) და 2. ხალხური ენიდან მომდინარე -ი2 < უ < უნ. ა. შანიძის აზრით, სახელობითის -ი სუფიქსი „იგი“ ნაწევრისგან მომდინარეობს: კაც იგი > კაც-იი > კაც-ი. ავტორის აზრით, ეს გადასვლა შესაძლოა, ძალიან ადრე მომხდარიყო და განეკუთვნებოდეს ქართულ-მეგრულ-სვანურ ურთიერთობის ხანას. აღნიშნულ ვარაუდს სავსებით ეგუება არნ. ჩიქობავას თვალსაზრისი, რომ სახელობით ბრუნვაში დადასტურებული -ი განსაზღვრებითი (ემფატიკური) ნაწილაკია („იგი ნაწევრის ნაშთი), რომელიც თავიდან არ ყოფილა ბრუნვის ნიშანი. სახელობითი ბრუნვის ნიშნის წარმომავლობას განსაზღვრებითი ელემენტისაგან მხარს უჭერენ აგრეთვე ი. იმნაიშვილი, უთურგაიძე და სხვ. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: ქართული ი-ს წარმოშობით ბრუნვის ნიშნად მიიჩნევს და არ უკავშირებს განსაზღვრულობის გამოხატვას ჰ. ფოგტი. ამ მოსაზრებას (საერთო ქართველური დონისათვის) არსებითად მხარს უჭერს ა. ონიანი.

  • გაბუნია კ., ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბ., 2008. — გვ. 416-417.
  • შანიძე ა. უმლაუტი სვანურში, – „არილი“ (პროფ. ი. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კრებული), ტფ. 1925 (= თხზულებანი, I. თბ., 1957);
  • მისივე, ქართული გრამატიკის საფუძვლები. I, თბ., 1953;
  • ჩიქობავა არნ. მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის ქართველურ ენებში. – „თსუ შრომები,“ 1939, ტ. 10; მისივე, ისტორიულად განსხვავებული ორი მორფოლოგიური ტიპისათვის ქართულ ბრუნვათა შორის. – კრ. სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში. წგ. I. თბ. 1956;
  • იმნაიშვილი ი. ნაწევარი ძველ ქართულში. – „თსუ შრომები“, 1956, ტ. 61;
  • ფოგტი პ. ბრუნვათა სისტემა ძველ ქართულში. – „მიმომხილველი“, IV –V., თბ. I967;
  • უთურგაიძე თ. ქართული ენის სახელის მორფონოლოგიური ანალიზი, თბ, 1986;
  • ონიანი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები (სახელთა მორფოლოგია). თბ. 1989