სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ლოგო
უწყების შესახებ
შეიქმნა 10 მაისი, 2021
წინამორბედი უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
გაუქმდა 1 მარტი, 2022
მთავარი სამმართველო თბილისი, მიხეილ ასათიანის ქუჩა №9


უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი
ზემდგომი უწყება საქართველოს პარლამენტი
საიტი
stateinspector.ge

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო. ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ პარლამენტის წინაშე. შეიქმნა 2019 წლის 10 მაისს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლე დაწესებულება. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო:[1]

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარვეზებსა და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს სახალხო დამცველი. ჯერ კიდევ 2005 წელს, წამების საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა, საქართველოში ვიზიტისას, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, შეექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რათა, წამების ფაქტების არაეფექტიანად გამოძიების შედეგად, საზოგადოებაში არ დამკვიდრებულიყო დაუსჯელობის სინდრომი.[2]

მოგვიანებით, იგივე რეკომენდაცია გასცა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა თომას ჰამარბერგმა, რომელიც სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტების გამოძიების არაეფექტიანობაზე საუბრობდა. არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაუსჯელობაზე უთითებდა ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის პრევენციის კომიტეტი და მოუწოდებდა ხელისუფლებას, მიეღო ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა მსგავსი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.[2]

ზემო აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ. აღნიშნული კანონის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი (რომელიც 2013 წელს დაარსდა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურად გარდაიქმნა და არსებული, (პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის) ფუნქციების პარალელურად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების ფუნქციით აღიჭურვა.[2]

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება 2019 წლის 1-ელ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ვადა ორჯერ გადაწია. საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 10 მაისს შეიქმნა, ხოლო სამსახურის გამოძიების უფლებამოსილება 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.[2]

გაუქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმაურიანი განცხადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5 ივლისის მოვლენების დროს ნაცემი და შემდეგ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარდაცვლილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შემოწმება ჩაატარა და განაცხადა, რომ ამას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.შსს-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.[3]

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და დაპატიმრების შემდეგ, რასაც შემდეგ მისი მხრიდან შიმშილობა და ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილისვე განცხადებით, ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა და უწყების მხრიდან ძალის გამოყენებაზე ისაუბრა. საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მისი გადაყვანის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შემოწმების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე შეეხო:[4]

  • მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველ ვიდეოჩანაწერსა და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველ ფოტომასალას.
  • ასევე, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას.

გაუქმების განხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 28 დეკემბერს წარედგინა. ამ პროექტის თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭებოდა სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.[5]

სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლარაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიდნენ; ეს იყო ძალიან საშიში პრეცენდენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის სიგნალი იყო, რომ „ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად“.[6]

ოპოზიციამ მოითხოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დაჩქარებული განხილვის შეჩერება.[7] ამ კანონპროექტის კონსულტაციების გარეშე დაწყებისა და დაჩქარებულ განხილვის მიუღებლობაზე განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,[8] პროცესი უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა,[9] ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა,[10] საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვ.[11]

დაჩქარებული წესით განხილვისას, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონპროექტს მხარი დაუჭირა სამივე საპარლამენტო კომიტეტმა — საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა.[12] ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად გადაეცა პარლამენტს. კენჭისყრებზე დეპუტატებმა სამივე მოსმენით [III მოწმენა (30 დეკემბერი) — 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი] დაუჭირეს მხარი ამ პროექტს.[13]

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაადო ვეტო „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონს. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, მიუღებელია ის დაჩქარებული პროცესი, რომლითაც ეს სამსახური გაუქმდა. კანონი ამოქმედდა 2022 წლის 1 მარტიდან.[14]

სახელმწიფო ინსპექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით ირჩევდა საქართველოს პარლამენტი. იგი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელი იყო და არ ექვემდებარებოდა არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელი იყო.[1]

საქართველოს პარლამენტმა პირველ სახელმწიფო ინსპექტორად აირჩია ლონდა თოლორაია, რომელიც უფლებამოსილებას 2019 წლის 3 ივლისიდან ახორციელებდა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამდე.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ვინ ვართ ჩვენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-29. ციტირების თარიღი: 2021-12-29.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 სამსახურის ისტორია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-29. ციტირების თარიღი: 2021-12-29.
  3. „ინსპექტორმა ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავებისთვის შსს და კლინიკა დააჯარიმა“. formulanews.ge. 24 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. ბოგვერაძე, მარიამ (7 დეკემბერი, 2021). „სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის ინსპექტორმა იუსტიცია 2 ათასით დააჯარიმა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის“. რადიო თავისუფლება. 25 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. ცქიფურიშვილი, ნათია (27 დეკემბერი, 2021). „ეს არის ინსპექტორის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის – ლონდა თოლორაია“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „ოპოზიცია მოითხოვს შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დაჩქარებულად განხილვა“. რადიო თავისუფლება. 28 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „პრეზიდენტი - მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიციირება და დაჩქარებული წესით განხილვა!“. www.interpressnews.ge. 27 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე - ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს და შეანელოს პროცესი“. interpressnews.ge. 27 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. პერტაია, ლუკა (27 დეკემბერი, 2021). „ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შემაშფოთებელს უწოდებს“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. კუპრეიშვილი, თაზო (28 დეკემბერი, 2021). „„ავტორიტარები ხართ!“ — NGO-ების ნაწილმა კომიტეტების სხდომა დატოვა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. ბოგვერაძე, მარიამ (28 დეკემბერი, 2021). „ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი მესამე კომიტეტმაც დაუჭირა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. „პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა“. On.ge. 30 დეკემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. „პრეზიდენტმა „ინსპექტორის სამსახურის გაუქმების“ კანონს ვეტო არ დაადო“. რადიო თავისუფლება. 13 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)