სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა 1918-1921 წლებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები 1918-1921 წლებში — საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები 1918-1921 წლებში. მოიცავს: სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის მხარდაჭერის პოლიტიკა და ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის პროცესი.

ქართულ მეცნიერებაში აღნიშნულია, რომ თითქოს 1918-1921 წლებში სახელმწიფოს მხრიდან რეალური დახმარება ეკლესიას არ მიუღია. ამის თაობაზე მკვლევარი სერგო ვარდოსანიძე წერს: „1919 წლის ივნისში დამფუძნებელი კრების საფინანსო-საბიუჯეტო კომისია დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნავდა: „გაახლებთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდიგენილ კანონპროექტს სამღვდელოების, საკათედრო ტაძრებისა, საკათალიკოსო დაწესებულებათა შენახვისთვის 1918 წლის 1 აგვისტოდან 1919 წლის 1 იანვრამდე გაწეული ხარჯების დასაფარავად, 2.501.777 მანეთის დახმარებისათვის“. შესაძლოა, 2.501.777 მანეთის დახმარება ეკლესიას მართლას არ მიუღია, თუმცა საზოგადოდ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას სახელმწიფო ფინანსურად მთელ 1918-1921 წლებში უჭერდა მხარს. ამის ნათელი მაგალითია 1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც ეკლესიის დაფინანსება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლიდან მიმდინარეობდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

სამინისტროს ბიუჯეტში III მუხლად შეტანილი იყო საქართველოს საკათალიკოსო. გამოყოფილი დახმარების მთლიანი მოცულობა შეადგენდა 1.726.055 მანეთს. ეს თანხა ძირითადად ორი პრიორიტეტის დასაფინანსებლად იყო მიმართული. ის ეძლეოდა: ა)სამღვდელოებას იმ მინდობილობათა შესრულებისთვის, რომელიც მას დავალებული აქვს სახელმწიფოსგან (1.714.699 მანეთი) და ბ)ისტორიული და ხელოვნების მხრივ მნიშვნელოვანი ტაძრების შესანახად (11.356 მანეთი). გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუჯეტის საერთო ნაწილში გათვალისწინებული იყო ასევე მუსლიმანთა სასულიერო სამმართველოების (75.699 მანეთი) და სხვა სარწმუნოებათა სამმართველოების (47.699 მანეთი) შენახვა. ეს თანხები ბიუჯეტის მიღებისას უკვე დახარჯული იყო მითითებული მიზნით.

დამფუძნებელმა კრებამ ბიუჯეტის განხილვა 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე დაიწყო და 22 ივლისის სხდომაზე განაგრძო, სადაც მოხსენებით გამოვიდა სოციალ-რევოლუციონერი ლეო შენგელია. მან ყურადღება ეკლესიის დაფინანსების საკითხზეც გაამახვილა: „ეკლესიის საჭიროებაზე იხარჯება მილიონობით და ნუთუ ძნელი იყო ეკლესიის ჩამოშორება სახელმწიფოსგან. ეს ხომ უბრალო უფლებრივი რეფორმა არის, რომელიც დამყარებულია ძალთა განწყობილებაზე და ნუთუ სამღვდელოებას ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ვერ შესძლეს ეკლესიის გამოყოფა“. 1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული 1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე გაწეული ხარჯების შეჯამებას წარმოადგენდა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო ქვეყნის უპირველესი საფინანსო დოკუმენტის წინსწრებით მიღება, ამიტომაც დამფუძნებელმა კრებამ მთავრობას მხოლოდ დაუდასტურა ის ხარჯები, რომელსაც იგი სწევდა.

სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება და საკულტო ნაგებობათა შეკეთებისთვის ხარჯების გამოყოფა 1920-1921 წლების ბიუჯეტის ფარგლებშიც გრძელდებოდა. პროექტის მიხედვით, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დაფინანსება კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში ხდებოდა (გასავალი მუხლი: 44, 45, 47). საბიუჯეტო ჩანაწერებიდან კარგად ჩანს მიმართულებები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა: პირადი შემადგენლობის შენახვა; საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯები; სამღვდელოების შენახვა; მონასტებისა და საკათედრო ტაძრების შენახვა; საგზაო ხარჯები (სულ 1920-1921 წლების ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული იყო 1.358.034 მანეთის დახმარება).

1920 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე, სპეციალური დეკრეტით, ძველი სახუროთმოძღვრო ძეგლების შეკეთება-დაცვისთვის 2 მილიონი მანეთი გამოიყო. მეორე საეკლესიო კრებაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების ფორმა კარგად ჩანს სწორედ საქართველოს მეორე საეკლესიო კრების მიერ მიღებულ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში. მესამე თავში აღნიშნულია: „საქართველოს ეკლესიას განაგებს საქართველოს საეკლესიო კრება, რომელსაც შეადგენს ორ-ორი წარმომადგენელი თითო ოლქისგან. ამათგან ერთი უეჭველად სამღვდელო პირთაგანი უნდა იყოს, ხოლო მეორე ეკლესიის სრულწლოვან წევრთაგან, განურჩევლად სქესისა, თანამდებობისა და ხარისხისა (შეიძლება სასულიერო პირი იყოს). ამათ გარდა, საეკლესიო კრების აუცილებელ წევრებად მიიჩნევიან ყველა მმართველი მღვდელთმთავრები, საკათალიკოზო საბჭოს წევრები, თითოეული ეპარქიიდან თითო წარმომადგენელი დედათა და მამათა მონასტრებისა, და თითო წარმომადგენელი სასულიერო უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთაგან და ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან“. საეკლესიო კრება არ იყო პირწმინდად სასულიერო პირთაგან შემდგარი, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი სახელმწიფოსგან.

1920 წელს სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება გელათის მონასტრის ბერების მიერ სამონასტრო ქონების გაყიდვის ფაქტზე. ამ საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაზეთმა „საქართველომ“ ამ მოვლენას მთელი რეპორტაჟი მიუძღვნა, მათ შორის, ვრცლად არის აღწერილი ამ საკითხზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდესა და მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შეხვედრა. პატრიარქსა და ჟორდანიას შორის გამართული დიალოგის მონაკვეთი:

მისი უწმინდესობა: „ჩვენ სწორედ იმისთვის მოვედით, რომ დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგვეთხოვა თქვენი რწმუნებულის მიერ გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკანვე დაბრუნება.

მთავრობის თავმჯდომარე: „საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის. ის ჯერ სახელმწიფოსგან გამოუყოფელია, ვერც შევქმნით სახელმწიფოს სახელმწიფოში. რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენენ სახელმწიფოს საკუთრებას და სახელმწიფოს საქმეა, სად შეინახავს მათ...უნდა იცოდეთ ვისთან მიდიხართ.

მმართველი სოციალურ-დემოკრატიული პარტია და, საზოგადოდ, სოციალისტური პარტიები მომხრე იყვნენ, რაც შეიძლება მალე მომხდარიყო ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ დემოკრატიული საქართველოს არსებობის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ამ განცალკევებისთვის საკანონმდებლო ბაზისის შემუშავება მიმდინარეობდა და დასრულებული სახე მას არ მიუღია. ცალკეული ნაბიჯები 1918 წელსვე გადაიდგა - სასწავლებლებში აიკრძალა საღვრთო რჯულის სწავლება, ეკლესიას ჩამოერთვა სამოქალაქო რეგისტრაციის უფლება, გაუქმდა ზოგიერთი საეკლესიო უქმე დღე. ეკლესიას ჩამოერთვა ისტორიული მნიშვნელობის მატერიალური ქონება, საეკლესიო მიწები.

საზოგადოებაში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ იყო. გაზეთი „ნაციონალისტი“, 1920 წლის ოქტომბერში წერდა: „თუ მთავრობამ ძალით გამოყო ეკლესია სახელმწიფოდან, მაშინ ის მთავრობა მოვალე იქნება დააკმაყოფილოს ეკლესია მიწით, ტყით, წყლით, გზით, როგორც რუსეთთან შეერთებამდე იყოო. აღუდგინოს ის ქონება, რომელიც რუსის მთავრობამ გაყიდა ან სხვანაირად მოიხმარაო, დაუბრუნოს ეკლესიას ყველა შენობა თავისი პანსიონებით და ქონებით, რომელიც მთავრობამ ჩამოართვა და გაფლანგაო. ჩვენმა მთავრობამ არც თვითონ მიიღო დელეგატები და არც არავინ გაგზავნა კრებაზე. არ დაინტერესდა არც კრების შემადგენლობით, არც საქმით და არც იმით, თუ რას მოითხოვდა ქართველი ერი დელეგატების პირით. ზოგმა დელეგატთაგანმა კიდეც თქვა, მინისტრებს მაშინ ვაგონდებით, როცა პორტფელებს და თავისს პარტიულ ინტერესს იცავსო“.

საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, თბილისი 1918

მთავარ პრობლემას ეკლესიისა და სახელწმიფოს გაყოფისას, რა თქმა უნდა, ქონდების გაყოფა წარმოადგენდა. სახელმწიფო ეკლესიას ართმევდა ყველა უძრავ ქონებას, რაც სამღვდელოების პროტესტს იწვევდა. 1920 წელს გადაწყდა შექმნილიყო სპეციალური კანონი, რომლითაც მოხდებოდა ეკლესიის სახელმწიფოდან გამოყოფა. 1920 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობდა კანონპროექტზე მუშაობა. 16 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კანონების გადამსინჯავი კომისიის კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების წევრი სერგო ჯაფარიძე. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ საგანგებოდ განიხილავდა კანონის შექმნის მთელ პროცესს: პირველ სხდომას დაესწრნენ სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნულ საბჭოთა წარმომადგენლები. „განიხილეს საკითხი ეკლესიის სახელმწიფოდან ჩამოშორების შესახებ. კანონპროექტით წინდახედულია: 1)უზრუნველყოფა რესპუბლიკის მიერ რწმენის თავისუფლებისა და სარწმუნოებრივი ღვთისმსახურების თავისუფლად წარმოებისა, პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სარწმუნოებას ეკუთვნის ესა თუ ის პირი და არავინ არ შეიძლება იდევნებოდეს თავისი რელიგიური შეხედულებისთვის; 2) რესპუბლიკა არ მფარველობს და არ აძლევს სუფსიდიას, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი, არც ერთი სარწმუნოების მსახურთ და უკანასკნელთა უზრუნველყოფას და აგრეთვე სასულიერო დაწესებულებათ მორწმუნეთ ანდობს; 3) მართლმადიდებელ ეკლესიას, ისე როგორც სხვას, ეძლევა უფლება თავისუფალი თვითმოწყობისა; 4) არც ერთ სასულიერო დაწესებულებას არ აქვს უფლება შეიძინოს უძრავი ქონება კერძო საკუთრებად; 5) უძრავი ქონება, რომელიც სასულიერო დაწესებულებათა ხელშია, სახელმწიფოს დაწესებულებაში გადადის; 6) განათლების მინისტრს ევალება შეადგინოს სია საეკლესიო ქონებისა, რომელსაც აქვს ისტორიული და მხატვრული ღირებულება და რომელიც სახელმწიფოს პირდაპირ გამგებლობაში უნდა გადავიდეს; 7) არსდება და თავისუფლება სარწმუნოებრივი პროპაგანდისა, რესპუბლიკა კრძალავს სასწავლებლებში საღვრთო სჯულის სწავლებას; 8) ცერემონიები, პროცესიები და კულტის სხვა გარეშე გამოხატულებანი წესრიგდება ქალაქთა და ერთობათა თვითმმართველობების მიერ.“

კანონპროექტმა დამსწრე საზოგადოებაში ცხარე კონფლიქტი გამოიწვია. თავმჯდომარე იძულებული გახდა, პროექტის განხილვა გადაედო, მისი დახვეწის მიზნით. შემდეგი (მეორე) სხოდმა 20 ოტომბერს მოეწყო. „კომისიამ მიიღო კანონპროექტის 5 მუხლი, რომლის თანახმად: 1) სახელმწიფო არ აწესებს, არ კრძალავს, არ მფარველობს და არ ავიწროებს არც ერთ სარწმუნოებას; 2) ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეძლევა თავისუფლება სარწმუნოებისა: თანახმად ამ სარწმუნოებისა სათანადო მღვდელთმსახურების შესრულებისა, ერთი სარწმუნოებიდან მეორეზე გადასვლისა, და აგრეთვე უფლება, რომ ნებადართულია თავისუფალი პროპაგანდა, ქადაგება, სარწმუნოებრივი ხასიათის ლექციების კითხვა და საერთოდ, ნებადართულია სარწმუნოებრივი ბრძოლის წარმოება. არავინ არ იქნება შევიწროებული მოქალაქეობრივ ან პოლიტიკურ ურთიერთობებში იმის გამო, რომ იგი ამა თუ იმ სარწმუნოებას ეკუთვნის. მოქალაქე არ შეიძლება შევიწროებულ იქნეს პოლიტიკურად არც იმ შემთხვევაში, თუ იგი არც ერთ სარწმუნოებას არ აღიარებს. 3) სახელმწიფო ხაზინის და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხები არ შეიძლება დაიხარჯოს რომელიმე სარწმუნოების საარგებლოდ. შენიშვნა: მესამე მუხლი არ ვრცელდება მღვდელთმსახურების შესრულების ისეთ საზოგადო დაწესებულებებზე, როგორიც არის: სატუსაღოები, საავადმყოფოები, თავშესაფრები, ჯარი, სახალხო გვარდია და ფლოტი. ეს მუხლი არ ვრცელდება არც იმ თანხაზე, რომელიც მოხმარდება ისტორიულ მხატვრულ ღირებულებებს, მონასტრებსა და ეკლესიებს. 4) თავისი სარწმუნოებრივი დაწესებულების და მათი მოსამსახურეების შესანახი თანხის შესაქმნელად და აგრეთვე სხვა სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ყოველ სარწმუნოების მიმდევართ ეძლევა უფლება თავისი საზოგადოების შექმნისა (მრევლი, თემი, ჯაამათი და სხვ.). ამ საზოგადოებებს შეუძლიათ კავშირებში გაერთიანება. ყოველ წევრს შეუძლია გამოვიდეს ან შევიდეს კავშირში უბრალო განცხადებით, მაგრამ კავშირიდან გამოსული არ თავისუფლდება მასზე გაწერილი თანხის გადახდის მოვალეობისგან. 5) იურიდიულ პირთა უფლება ეძლევა იმ სარწმუნოებრივ საზოგადოებებს და კავშირებს, რომლებიც თანახმად კანონისა აღნიშნული არიან საზოგადოებათა და კავშირთა რეგისტრაციით, და რომლებსაც არ დაუსახავთ მიზნად მოგების აღება“.

კანონპროექტი კი არ დაიხვეწა, არამედ მთლიანად შეიცვალა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში (სატუსაღოები, საავადმყოფოები, თავშესაფრები, ჯარი, სახალხო გვარდია და ფლოტი) სასულიერო პირთა საქმიანობა არათუ აიკრძალა, არამედ სახელმწიფო ამისთვის ფინანსურ მხარდაჭერის შესაძლებლობასაც უშვებდა (სხვათა შროის, ამ საკითხზე მსჯელობდნენ 1919 წელს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშიც და მისაღებად მიაჩნდათ ფრანგული მოდელი, რომელიც აისახა კიდეც კანონპროექტში ამ მუხლის სახით).

1920 წლის ოქტომბრის მიწურულს კომისიამ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მთლიანობაში 24 მუხლისგან შედგებოდა. კომისიის მუშაობაზე გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა: „კანონების გადამსინჯავმა კომისიამ დაასრულა განხილვა კანონპროექტისა ეკლესიის სახელმწიფოდან ჩამოშორების შესახებ. 5 მუხლის გარდა, რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო საქართველოს დეპეშათა სააგენტოს მიერ, დამატებითად კიდევ მიიღეს 19 მუხლი. სხვათა შორის, მერვე მუხლში აღნიშნულია, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ კანონპროექტის გამოქვეყნებისა, მთელი მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც კი ეკლესიებისა და მონასტრების ხელშია, იმ მიწების გამოკლებით, რომელთაც თანახმად აგრარული კანონისა კონფისკაცია ეხება, გადადის იმ რელიგიური საზოგადოების განკარგულებაში, რომელიც კანონიერი გზით შეიქმნა იმ სამრევლოში, სადაც ეს ქონება არსებობს. ამავე საზოგადოებათა ხელში გადავა შენობები და მასთან ერთად მოსამსახურეები, რომელებიც ამ სარწმუნოებას მღვდელთმსახურებენ.

მეცხრე მუხლის ძალით ის შენობები, რომლებსაც ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობა აქვს, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით გადაეცემა სახელმწიფოს. ეს ქონება განათლების სამინისტროს ხელში იქნება. სახალხო განათლების სამინისტროს ევალება ამა კანონის გამოქვეყნების დღიდან ერთი წლის შემდეგ შეადგინოს ამგვარ შენობათა სია და მთავრობას წარუდგინოს დასამტკიცებლად. მე-11 მუხლი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქონების გადაცემა სხვადასხვა მიზეზის გამო ან მოხდა განსაზღვრულ ვადაში, იმ შემთხვევაში, სადაც კი ეს ორგანოები არ იქნება, იქ ქონება დროებით გადავა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელში. ყველა დავა, რომელიც კი შეიძლება ასტყდეს რელიგიურ საზოგადოებათა შორის, გადაწყდება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში“.

მნიშვნელოვანია, რომ XIV მუხლით სასამართლოს ძალით შეიძლებოდა დახურულიყო „რელიგიური საზოგადოებანი და მათი კავშირები, რომლებიც თავის მიზნებს აღარ ემსახურებიან ან სახელმწიფოს საზარალო მუშაობას ეწევიან“. ასევე საინტერესო იყო X მუხლი, რომლის ძალით სახელმწიფო იტოვებდა უფლებას, რევიზია ჩაეტარებინა „რელიგიურ საზოგადოებათა ხარჯთაღრიცხვასა და გასავალისა“. ამიტომ ყოველი წლის ბოლოს რელიგიურ საზოგადოებებს ევალებოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარედგინათ საკუთარი ბიუჯეტი.

საქართველოს ეკლესიის მესვეურნი ამ კანონის მიღების წინააღმდეგი იყვნენ. მათ თავისი მტკიცე პოზიცია ჰქონდათ ამ საკითხზე, რომელიც პატრიარქმა ლეონიდემ ჩამოაყალიბა ნოე ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილში:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე 1919-1921

ნუთუ ჩემი მდგომარეობა, როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახელობის მამათმთავრისა და დროული საზოგადო მოღვაწისა, საბუთია თქვენთვის იმისა, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ და ჩემდა სრულებით დაუკითხავად ზიდოთ ტომრებიდან თქვენს ძირგავარდნილ ხაზინებში ვითომდა დასაცველად სასწაულმოქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსები, ბარძიმ-ფეხშუმები და სხვ.? არც სიცოცხლე, არც გონება და არც მორწმუნე ერისგან მინიჭებული უფლებსამოსილება, ღვთის მადლით, ჯერჯერობით არ დამიკარგავს და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა - ისეთი რამეების გადმოტანა გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი მუხლს უყრიან, წმინდა სანთელს უნთებენ და თუ ეხებიან მათ, მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვა-მოწიწებით ამბორის ყოფით, ისიც სამღვდელო პირთა დახმარებით და არა სხვა რომელიმე სახით... შეურაცხყავით მორწმუნე ერის სვინდისი. იმ ხალხს, რომელიც ეკლესიის ეზოდან გამოსული ფეხს იბერტყავს, წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო, რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლუსრმანს ხელს არ ჰკიდებს, ღვთისა არისო, თქვენ აბუჩად იგდებთ, როდესაც მისი სალოცავი და სათაყვანო წმინდა ნაწილებით სავსე ხატებს, ჯვრებს და ბარძიმ-ფეხშმებს ტყემლის ტყლაპების ყუთებში აყრევინებთ უბრალო საინების მსგავსად თქვენგან გაგზავნილ საერო პირს. განა ეს თქვენის მხრით სხვისი სვინდისის შეგინება არ არის მორწმუნეთათვის დ ბრძოლაში გამოსაწვევი ხელთათმანის გადაგდება არ არის? ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამგვარ პროპანაციას მორწმუნე ქართველობა აპატიებს და შეარჩენს ვისმეს? სასტიკად სცდებით.

ამ წერილს მოჰყვა ზემოთ უკვე ნახსენები პატრიარქისა და მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა, რომელიც ასევე მძიმე ვითარებაში წარიმართა. ოფიციალური ცნობით, ჟორდანიას შეურაცხყოფა მიაყენეს სასულიერო პირებმა და, კერძოდ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. მეორე დღესვე ეს ამბავი პრესის განხილვის საგნად იქცა. ოფიციალური ინფორმაცია კი ასეთი იყო: „საკათალიკოსო საბჭომ ორი დღის წინათ სთხოვა ბატონ მთავრობის თავმჯდომარეს, დაენიშნა დრო საკათალიკოსო საბჭოს დელეგაციისთვის აღნიშნულ საქმის გამო მოსალაპარაკებლად. ბატონმა მთავრობის თავმჯდომარემ მოსალაპარაკებლად დროდ საბჭოს დაუნიშნა დეკემბრის ექვსი 12 საათზე. აღნიშნულ დროს ბატონ მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგა საკათალიკოსო საბჭოს დელეგაცია კათალიკოზ-პატრიარქის ლეონიდეს მეთაურობით. მისვლისთანავე კათალიკოზმა მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს სრულიად დაუშვებელ და შეუწყნარებელ სიტყვებით. მან სამღვდელოების სახელით მთავრობის თავმჯდომარეს გამოუცხადა „გაკიცხვა, აღსაშფოთებელი გულისწყრომა და პროტესტი“ სხვა ასეთი სრულიად უდიერი სიტყვებით. მთავრობის თავმჯდომარემ ამის შემდეგ დელეგაციას განუცხადა: საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი და მისი მთავრობის თავმჯდომარე ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ვერ მოისმენს და ამიტომ მათთან ყოველგვარ ლაპარაკს სწყვეტსო. მე ვფიქრობდი, - განუცხადა თავმჯდომარემ, - რომ თქვენ მობრძანდით საქმეზე მოსალაპარაკებლად და არა შეურაცხყოფის მოსაყენებლად. ამის შემდეგ დელეგაცია იძულებული იყო დაეტოვებინა მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი.“

ვითარება სხვაგვარად არის წარმოდგენილი გაზეთ „საქართველოს“, რომელმაც თანამედროვე ტერმინით ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ამ მასალით აშკარად ჩანს ნოე ჟორდანიას ნეგატიური დამოკიდებულება იმ საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას სამღვდელოების დელეგაცია ეწვია. ბუნებრივია, სახელმწიფოსა და ეკლესიის ასეთმა წინააღმდეგობამ ნაწილობრივ შეაფერხა კანონის მიღება. მოგვიანებით 1921 წლის კონსტიტუციაშიც კარგად ჩანს, რომ მთავრობამ ბოლომდე შეინარჩუნა სიფრთხილე ამ საკითხთან დამოკიდებულებაში. კონსტიტუციის მე-16 თავი ეძღვნება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას და შედგება სამი მუხლისგან: სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან; არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა; ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხზე ვრცლად მსჯელობდა, მთელი 1919-1920 წლის განმავლობაში, მაინც საბოლოო ვარიანტში მოკლე ფორმულირებით შემოიფარგლა და ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა შესაბამისი კანონის საგნად მიიჩნია. თუმცა, ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, N5 (89), 2018, მაისი, გვ.12-19 ჯაბა სამუშია