საჭურჭლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საჭურჭლე — ძვირფასეულობა, განძი და სიმდიდრის საცავი, ხაზინა ძველ საქართველოში.საჭურჭლის შინაარსად, მის ჩვეულებრივ შიგთავსად სახელწოდების მიხედვით „ჭურჭელი“ — ძვირფასი ნივთები, მოძრავი განძეულობა იგულისხმება. გაერთიანებული სამეფოს ხანაში ტერმინი „საჭურჭლე“ სალაროსაგან განსხვავებულ, სანიადაგოდ სახმარ-სახარჯავ სახელმწიფო ხაზინას აღნიშნავდა. საჭურჭლეში ფული, „ლარი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო“, მეფისთვის „შემოძღუნებული“ „თუალნი და მარგალიტნი“ ინახებოდა. საჭურჭლე ერთიან დაწესებულებას წარმოადგენდა, თუმცა მისი განყოფილებები ანუ საგანძურები სხვადასხვა ადგილას იყო მოტავსებული (მაგ., ატენის, „ზემონი და ქუემონი“ საჭურჭლენი).

ხელმწიფის კარის გარიგებაში სამეფო „სახლის საჭურჭლე“ იხსენიება, ქვეყნის მთავარი საჭურჭლე სატახტო ქალაქში — ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი (1122 წლიდან) თბილისში იყო. საჭურჭლე მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა. სამოხელეო აპარატს შეადგენდნენ საჭურჭლისა თუ მეჭურჭლეთუხუცესს ნაცვალი და მეჭურჭლენი, საჭურჭლის უხუცესი, მუქიბი, მუშრიბი და მწიგნობარი. „საჭურჭლეთა შემოსავალნი“ მეფის ერთ-ერთ ძირითად „მართება“-„განასაგებელს“ შეადგენდა. ერთიანი სამეფოს დაშლისას სახელმწიფო საჭურჭლეც გაიყო. ეკლესია-მონასტრებში კორპორაციული საჭურჭლეები არსებობდა. გვიანდელი ფეოდალური პერიოდის სამართლეებრივ ძეგლებში. „საჭურჭლე“ გამონაკლისის სახეით კერძომფლობელური ქონებისა თუ მისი სათავსის მნიშვნელობით დასტურდება.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსთაველი შ., ვეფხისტყაოსანი, ა. ბარამიძის, კ. კეკელიძის, ა. შანიძის რედ. თბ., 1957;
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1—2, თბ., 1955—1959;
  • ქართული სამართლის ძეგლები. ი. დოლიძის გამოც., ტ.2—3, თბ., 1965—1970

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970, გვ. 29 86-87, 108-109, 191;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1-2, ტფ., 1928-1929