საჭურველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საჭურველი — სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ძირითადად თბილისში მზადდებოდა.

თბილისში გამოჭედილი საჭურველი მსოფლიო ბაზარზე მაღალ შეფასებას იმსახურებდა. შუა საუკუნეებში თბილისში სპილოს ძვლით ინკრუსტირებულ კაპარჭებსაც ამზადებდნენ. მხატვარ გ. გაგარინს თბილისის კოლორიტის გადმოსაცემად ბაზარში ხმლით ვაჭრობის სცენა აქვს ასახული, რომელსაც ახლავს წარწერა:

ვიკიციტატა
„ თბილისის ბაზრის ქუჩებში ხმალ-სატევრებს თბილისელი ოსტატები ჭედავენ“

ქართული ბულატი ( საუკეთესო ხარისხის ფოლადი) თბილისში მზადდებოდა, რასაც დოკუმენტებთან ერთად ხმალ-სატევრებზე ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე შესრულებული უამრავი წარწერა ადასტურებს. ქართული ბულატი იმდენად პოპულარული იყო, რომ მიხეილ ლერმონტოვმა მას ლექსები მიუძღვნა. კავკასიაში ფოლადის საუკეთესო ოსტატი გ. ელიზარაშვილი თბილისში მუშაობდა. მისი დამზადებული ხმალ-სატევარი იმდენად კარგი იყო, რომ კავკასიის მთის ხალხებსა და ირანელ მეზობლებს ხმალ-სატევრებს თბილისიდან აწვდიდნენ. თვით შამირის მიურიდები ამ თბილისელი ოსტატის გამოჭედილი ხმლით იცავდნენ კავკასიას, სწორედ ამიტომ მიხეილ ვორონცოვი მკაცრად ამოწმებდა, რომ თბილისიდან შამილისათვის საჭურველი არ მიეწოდებინათ. რუსეთის მთავრობა ცდილობდა ქართული ხმალ-სატევრების დამზადების საიდუმლო თვითონ შეესწავლა. ცნობილი რუსი მეტალურგის პ. ანოსოვის ცნობით, ბულატი ჩვენს დროში თავისი ძველი ღირებულებებით მხოლოდ იაპონიაში, ჩინეთში, სპარსეთში, ბუხარაში, თურქეთსა და საქართველოში შემოინახა.

გ. ელიზარაშვილს ხმალ-სატევრის ჭედვის საიდუმლო მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და თავის შვილებს, ყარამანსა და ეფრემს, გადასცა. მათი მოღვაწეობა ემთხვევა იმ პერიოდს როდესაც რუსეთში საუკეთესო ხმალ-სატევრების დამზადებას იმდენად სერიოზული ყურადღება ექცეოდა, რომ მის მოგვარებას თვით იმპერატორი ნიკოლოზ I ხელმძღვანელობდა. ამ საქმეში ჩართული იყვნენ ფინანსთა მინისტრი ე. კანკრინი და გენერალი ივანე პასკევიჩი, რომელიც სხვებზე უკეთ ერკვეოდა კავკასიურ საჭურველში. საჭურველის დამზადების საიდუმლოს გაცემა უდიდეს დანაშაულად ითვლებოდა, მიუხედავად ამისა პოლიციის ზეწოლით ყარამან ელიზარაშვილი იძულებული გახდა მათთვის გადაეცა ქართული ბულატის დამზადების საიდუმლო. ხმალ-სატევრის დამზადების შესასწავლად თბილისში გამოგზავნეს ზლატოუსის ქარხნის მოწინავე ოსტატები. გამოჭედილი ხმლები იმპერატორს გაუგზავნეს. ყარამანი დააჯილდოვეს ანას ლენტით კისერზე სატარებელი ოქროს მედლით „სასარგებლოსათვის“ და 1000 ჩერვონეცით (ოქრო) ხოლო მისი შეგირდები — 500-500 ჩერვონეცით. გენერალი პასკევიჩი აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„ორი წლის მეცადინეობამ ქარხანას დიდი სარგებელი მოუტანა, რადგანაც ზლატოუსტის ქარხნის მიერ გამოშვებულ საუკეთესო ხმლებად რუსეთის კავალერიაში ყოველთვის ითვლებოდა ის ხმლები, რაზედაც აღნიშნულია -„1832-1834 წლები“, რაც სწორედ ყარამანის შეგირდობის პირველ წლებს ემთხვევა.“

გარდა ხმლებისა, თბილისში XVIII საუკუნეში საუკეთესო თოფის წამალი, ქვემეხები, მორტირები და ყუმბარები მზადდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 881.