საჭილაოს შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჭილაოს შეთანხმება 1804 — შეთანხმება იმერეთის მეფე სოლომონ II-სა და სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანს შორის. დასავლეთ საქართველოში რუსთა ჯარის ახალი ნაწილების შესვლამდე საქართველოს მთავარ მმართველის გენერალ პავლე ციციანოვის წარმომადგენელს იმერეთის სამეფოში პ. ლიტვინოვს დავალებული ჰქონდა შეერიგებინა იმერეთის მეფე და სამეგრელოს მთავარი, რომლებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ ლეჩხუმს. ამ მიზნით ლიტვინოვმა საჭილაოში ერთმანეთს შეახვედრა სოლომონ II და გრიგოლ დადიანი და მშვიდობის პირობა დაადებინა — ისინი ლეჩხუმის საკითხში რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდნენ და შეესრულებინათ იგი; სხვა სადავო საკითხებიც მშვიდობიანი გზით უნდა გადაეჭრათ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შუამავლად რუსეთის ხელისუფალს მიმართავდნენ. საჭილაოს შეთანხმების არც ერთი პირობა არ განხორციელებულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიული საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ბურჯანაძე შ. იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან სოლომონ მეორის დროს, "მაცნე", 1967, N 3.