საყუნეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საყუნეთის წმინდა გიორგის ეკლესია

საყუნეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობს აწყურიდან ახალციხის მიმართულებით 5-6 კმ-ის მანძილზე სოფელ საყუნეთში. ეკლესია თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია შემოსაზღვრულია გალავნით და დგას მცირედ შემაღლებულ ადგილზე. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ახლადაგებული ორსართულიანი სამრეკლოა. მნახველის ყურადღებას შორიდანვე იქცევს ეკლესიის მოყვითალო ფერის ქვის სუთად ნათალი პერანგი, ორკალთა სახურავის ლორფინთა მწყობრი სურათი.

ეკლესია ადგილის მოსწორების მიზნით აგებულ მცირე ბაქანზეა დაფუძნებული და პროფილირებულ ცოკოლს ეყრდნობა. მისი ერთადერთი კარი სამხრეთ კედელში, სამი სარკმელი კი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. შიგნიდან ეკლესია ახალი გალესილი და მოხატულია. ვახტანგ ბერიძის განმარტებით, ეკლესიის კამარაში ძველი მხატვრობის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტები იყო შემორჩენილი[1]. გრძივ კედლებზე არსებული წყვილი, მცირედ შვერილი სუსტი პილასტრით ეკლესია ორადაა გაყოფილი. ღრმა, არასწორი მოხაზულობის ნახევარწრიული აფსიდის ორსავ მხარეს, კედელში თითო მცირე ნიშაა გამოყვანილი.

საყუნეთის ეკლესიის სამრეკლო

დეკორით ეკლესიის სამი ფასადია შემკული, ჩრდილოეთი ფასადი კი სადადაა დატოვებული. კედლის სიბრტყეში „ჩაძირული“, გრეხილი ლილვებით მოსაზღვრული კარ-სარკმლის საპირეები გეომეტრიული ორნამენტებითაა დაფარული.

დასავლეთი ფასადი, რომელიც პირველი ეგებება მნახველს, სხვა ფასადთაგან გამორჩევით — სარკმელზე შესმული დიდი საფასადო — მონუმენტური ჯვრითაა გაფორმებული. ჯვრის მკლავებს ბოლოებში რელიეფური კოპები უზის. ჯვრის ტანი და სარკმლის საპირე გადაჯაჭვული წრეების მშრალი ორნამენტითაა დაფარული, ამგვარივე მოტივი ამშვენებს ეკლესიის აღმოსავლეთი სარკმლის საპირეებსაც. ეკლესიის შესასვლელს თაღოვანი საპირე ევლება. კარის თავზე არსებული ნახევარწრიული არე სადადაა დატოვებული. კარი და სამხრეთი სარკმელი მსგავსი ორნამენტით — ორძარღვა ლენტით მოხაზული გადაბმული რვაკუთხედებიტაა შემკული.

ამგვარად, საყუნეთის ეკლესიის მხატვრული სახე კედლების სუფთად ნათალი წყობის დიდი სიბრტყეებიტაა მირებული, რომლებსაც ლილვის, წრეტარგისა და თაროსაგან შედგენილი კარნიზი აჩარჩოებს.

ეკლესია მშენებლობის ხასიათი და ღარიბი ორნამენტული რეპერტუარი ძეგლს XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გაგოშიძე, „საყუნეთის წმ. გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 490-491
  • Пр. Уварова. МАК, IV, M., 1894, 91-92

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეებში, თბ., 1955, გვ. 188-192