საყდრიონის დიდბატონის ეკლესია
საყრდიონის დიდბატონის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყრდიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. ტყიანი მთის წვერზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, შვერილაფსიდიანი, ნაგებია რიყისა და ნაგები ქვით. კარ-სარკმლების, აფსიდის მხრებისა და გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმი. კედლები შიგნით შელესილია. მოგვიანებით ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ პატარა სწორკუთხა მინაშენი, ხოლო დასავლეთიდან კოშკი ისე, რომ ეკლესიის დასავლეთ კედელი კოშკის კედლად ყოფილა გამოყენებული. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი, ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და დასავლეთ კედელი მთლიანად. დანგრეულია ჩრდილოეთ მინაშენის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები, მონგრეულია კოშკის კედლების ზედა ნაწილები, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთიდან, კოშკიდან, მეორე ჩრდილოეთიდან, მინაშენიდან. ჩრდილოეთის შესასვლელს აღმოსავლეთ წირთხლი და ბრტყელი გადახურვის ნაწილიღა შემორჩა. დასავლეთის შესასვლელი თაღოვანია. აფსიდს ნახევარწრიული ფორმა ჰქონია. აფსიდის შემორჩენილ ნაწილში ერთი სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ მინაშენი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილზეა მიდგმული. მინაშენის ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. მინაშენს ორფერდა გადახურვა ჰქონია, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ეყრდნობოდა. კოშკი ორსართულიანია, გეგმით სწორკუთხა. დასავლეთ კედელში ერთ ვერტიკალზე ორი სწორკუთხა სარკმელია, რომელთა შორის სართულშუა გადახურვის კვალი ჩანს. კოშკის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 4-5 მეტრს არ აღემატება. ეკლესიის ირგვლივ ჩანს სამარხები, ხოლო ოდნავ მოშორებით შეიმჩნევა ნასახლარის ნაშთები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 403.