საღვთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საღვთის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთიდან ჩრდილოეთით, 5-6 კილომეტრზე, მდინარე ხადისწყლის ზედა ნაწილში, ქალაქეთად წოდებულ ადგილზე. ამჟამად სვიანაძეების სამლოცველოა. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შესაძლოა აგებულია ადრე აქ არსებული ეკლესიის ადგილზე. ინტერიერში, სამხრეთ კედლის წარწერის თანახმად, 1846 წელს, სვიმონ მღვდელს ეკლესია შეუკეთებია და შეულესავს. აქვეა დაზიანებული ნუსხური წარწერის ფრაგმენტებიც. ეკლესია დარბაზულია (3,6 x 2,25 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვითა და ფიქლით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ზემოთ ვიწროვდება და ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, ზემოთ შევიწროებული და ბრტყლად გადახურული სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე, ქვის თაროა. სამხრეთ კედელში ორი მცირე ზომის ნიშია. დასავლეთ კედელში - ერთი, შიგნით სამლოცველო კამარითაა გადახურული. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით, რომლის წყობაში ზოგან ჩართულია თაღების მწკრივით დამუშავებული ძველი ეკლესიის ლავგარდნის ქვები. შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. ეკლესიის დასავლეთით, ხევის პირას, შემორჩენილია ზურგიანი კოშკის საძირკველი და 2,5 მეტრი სიმაღლის კედლის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]