საღებავი პიზოლიტუსი
| საღებავი პიზოლიტუსი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Pisolithus arhizus | |||||||||||||
| |||||||||||||
საღებავი პიზოლიტუსი (ლათ. Pisolithus arhizus) — სოკო თავდაპირველად მიწისქვეშ იზრდება და აქვს ბოლქვისებრი, სფეროსებრი ან მსხლის მსგავსი ფორმა. მისი დიამეტრი 4-15 სმ-მდე აღწევს. მოგვიანებით ფორმა იცვლება და ხდება მოგრძო, გურზისებრი ან უფორმო, ზოგჯერ კი ვითარდება 1-8 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის ფეხი, თუმცა ზოგიერთი ნიმუში სრულიად ფეხის გარეშე გვხვდება.
გარეთა საფარველი (პერიდიუმი) ერთშრიანია და მხოლოდ 1 მმ სისქისაა. თავდაპირველად გლუვი და მოთეთრო-მონაცრისფრო ფერისაა, თუმცა მომწიფებისას მოყვითალო-ყავისფერი ხდება. როცა სოკო მწიფდება, პერიდიუმი იბზარება და ცვივა ფანტელებად, რის შედეგადაც შიშველი სპორების მასა (გლება) რჩება, რომელიც ქარის საშუალებით იფანტება.
სპორები მტვრის მსგავსი, მურა-ყავისფერი და სფეროსებრია, ზომით 7-10 მკმ, გრძელი ეკლიანი ზედაპირით.
რბილობი, ანუ გლება, თავდაპირველად მოშავო და თხევად-ლაბისებრია. მასში მოთავსებულია მოთეთრო-მოყვითალო მომრგვალო პერიდიოლები, რომლებიც შეიცავს სპორებს. დროთა განმავლობაში პერიდიოლები მწიფდება, მოყავისფრო ხდება, იშლება და საბოლოოდ გარდაიქმნება მოყვითალო-მოყავისფრო სპორების მასად.
ეს სოკო ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება და უპირატესად წიწვოვან ხეებთან, განსაკუთრებით ფიჭვთან და კედართან, გვხვდება. მისი გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობებია მჟავე და საკვები ნივთიერებებით ღარიბი ნიადაგი.
იგი გავრცელებულია ყველა კონტინენტზე. მიუხედავად იმისა, რომ საკვებად არ გამოიყენება, ამ სოკოს ბუნებრივ საღებავად იყენებენ ყვითელი ფერის მისაღებად. გარდა ამისა, მისი უნარი, გაიზარდოს მჟავე და გაღარიბებულ ნიადაგებზე, სასარგებლოდ გამოიყენება დეგრადირებული ეკოსისტემების, მაგალითად, კარიერებისა და ჩამონაშლების, აღდგენაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 278-279, ISBN 978-9941-8-4547-5