საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქპატენტი)
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი)
უწყების შესახებ
შეიქმნა 1 მაისი, 1992
უწყების ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე, თავმჯდომარე
უწყების ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საიტი
www.sakpatenti.gov.ge

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი)ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.[1]

ფუნქციები და ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქპატენტი ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების სამართლებრივ უზრუნველყოფას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებასა და სრულყოფას.

საქპატენტის შენობა მცხეთაში

საქპატენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საპატენტო კანონის[2], „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის[3], „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის[4], „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“[5] საქართველოს კანონის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“[6] საქართველოს კანონის, „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“[7] საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

საქპატენტი შეიმუშავებს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ კონონებსა თუ საკანონმდებლო აქტებს. ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ძირითადი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
  • ანიჭებს სამართლებრივ დაცვას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე;
  • შეიმუშავებს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონებსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს;
  • ახორციელებს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
  • ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე;
  • უზრუნველყოფს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების დეპონირებას.

საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში ქვეყნის სრულფასოვანი ჩართვა და ინტეგრირებაა. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებია:

  • გამოგონება და სასარგებლო მოდელი;
  • სასაქონლო ნიშნები;
  • დიზაინი;
  • გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება;
  • მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 1 მაისიდან დაიწყო ფუნქციონირება საქართველოს საპატენტო სამსახურმა საქპატენტი, რისი საფუძველიც იყო იმავე წლის 16 მარტის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დებულებები:

  • დებულება გამოგონების შესახებ.
  • დებულება სასაქონლო ნიშნების შესახებ.
  • დებულება სამრეწველო ნიმუშების შესახებ.

1994 წელს საქართველო გახდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დამფუძნებელი კონვენციის წევრი. იმავდროულად საქართველო მიუერთდა სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციას და შეთანხმებას საპატენტო კოოპერაციის შესახებ.

1998 წელს საქართველოს პარლამენტმა ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმების პროტოკოლთან საქართველოს მიერთების რატიფიცირება მოახდინა.

ამავე წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საპატენტო უწყება გარდაიქმნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრად „საქპატენტი“ და ჩამოყალიბდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროს მარეგულირებელი 6 კანონი:

  • საქართველოს საპატენტო კანონი;
  • საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“
  • საქართველოს კანონი „ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან

დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ“;

2000 წელს საქართველომ, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება „ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ასპექტების შესახებ“ (TRIPS) შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. საქპატენტს შეუერთდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სააგენტო. ამავე წელს საქპატენტს შეუერთდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სააგენტო.

2001 წელს საქართველო მიუერთდა WIPO-ს შეთანხმებებს საავტორო უფლებების შესახებ და შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ (ბერნის კონვენცია და რომის კონვენცია).

2002 წელს საქართველო შეუერთდა WIPO-ს საავტორო უფლებების ხელშეკრულებას, ასევე — WIPO-ს შესრულებებისა და ფონოგრამების ხელშეკრულებას WCT; WPPT.

2003 წელს საქართველო შეუერთდა საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის ნიცის შეთანხმებას ნიშნების რეგისტრაციის მიზნებისათვის, ასევე — სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმებასა და ჰააგის შეთანხმების ჟენევის აქტს სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ.

2004 წელს საქართველო შეუერთდა ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებას და საერთაშორისო კონვენციას შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ (რომის კონვენცია).

2005 წელს საქართველო შეუერთდა ბუდაპეშტის ხელშეკრულებას საპატენტო პროცედურების მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ.

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი ახალი კანონი „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ” და “ცხოველთა ახალი ჯიშების შესახებ”.

2008 წელს საქართველო შეუერთდა მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციას (UPOV-ის კონვენცია).

2015 წელს საქართველო, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CACEEC) ჯგუფიდან გადავიდა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონულ ჯგუფში. შესაბამისად, საქართველო, საერთაშორისო დონეზე, წარმოდგენილია, როგორც ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფის წევრი.

2016 წელს საქართველო გახდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის ლისაბონის შეთანხმებისა და ამავე შეთანხმების ჟენევის აქტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. ამავე წელს საქართველო არჩეულ იქნა WIPO-ს CEBS-ის ჯგუფის კოორდინატორად, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფის ხელმძღვანელობას მომდევნო წლის განმავლობაში.

2017 წლის 23 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — საქპატენტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მომზადდა საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, დასრულდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი.

2018 წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ.

2019 — ხელი მოეწერა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება მხარეთა შორის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის საკითხებს, რაც, ასევე, მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვას. ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმებას.

2021 წელს საქართველო მეორედ აირჩიეს WIPO-ს CEBS-ის ჯგუფის კოორდინატორად, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფის ხელმძღვანელობას მომდევნო წლის განმავლობაში.

საქპატენტის სასწავლო ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ინტელექტუალური საკუთრების დარგში პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და ინოვაციის მხარდაჭერა. 2015 წელს, ზემოთ აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქპატენტში შეიქმნა საქპატენტის სასწავლო ცენტრი, რომელიც შექმნის დღიდანვე სარგებლობდა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გაფორმდა მემორანდუმები, რომელთა საფუძველზე ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები. 2020 წლიდან დამტკიცდა საქპატენტის სასწავლო ცენტრის, როგორც საქპატენტის სტრუქტურული ერთეულის დებულება. დებულებით განისაზღვრა ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, სტრუქტურა, ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

ევროპის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან თანამშრომლობით, ქართულ ენაზე შემუშავებულია 5 კურსი, რომელთაგან ერთზე „IP as a valuable business asset“ (ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ღირებული აქტივი) გაიცემა საქპატენტისა და EUIPO-ს ერთობლივი სერტიფიკატები. კურსი ემსახურება ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ღირებული არამატერიალური აქტივის დაცვის მნიშვნელობისა და ეკონომიკური ზეგავლენის ობიექტის წარმოჩენას და ამ მიმართულებით საზოგადოების, მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, ცნობიერების ამაღლებას.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიასთან თანამშრომლობით, საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან და უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL 101 GE). DL101GE პირველი კურსია, რომელიც ერთობლივად ხორციელდება საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიასთან თანამშრომლობით. აღნიშნული კურსის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა მუშაობის დაწყებას WIPO-ს აკადემიის კიდევ ერთი პროგრამის „სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და გეოგრაფიული აღნიშვნებ; ქართულ ენაზე ადაპტირებისათვის. კურსის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებუილი ტუტორები.

საქპატენტის ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ინტელექტუალური საკუთრების ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია საპატენტო ინფორმაციის უნიკალური და მუდმივად განახლებადი ფონდი. ბიბლიოთეკაში არსებული ეროვნული საპატენტო ფონდი მოიცავს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტების 6900-მდე აღწერილობას, რომლებიც ინახება ელექტრონულ მატარებლებზე, სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენებისა და საერთაშორისო კლასიფიკატორების შესაბამისად შედგენილი სისტემური და ნუმერაციული კატალოგების სახით.

მკითხველისთვის ხელმისაწვდომია 1000-ზე მეტი დასახელების ინტელექტუალური საკუთრების ლიტერატურა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციები, სხვადასხვა საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკატორები ქართულ და უცხოურ ენებზე, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ცნობარები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]