საქინა ხანუმის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქინა ხანუმის მეჩეთი
აზერ. Səkinəxanım məscidi
მდებარეობა ყუბის რაიონი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მოქანდაკე საქინა ხანუმ ბაქიხანოვა
სტილი ისლამური არქტიტექტურა
თარიღდება 1854

საქინა ხანუმის მეჩეთი (აზერ. Səkinəxanım məscidi) — XIX საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში.

მეჩეთის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქინა ხანუმის მეჩეთი XIX საუკუნეს განეკუთვნება. მეჩეთის მშენებლობის ინიციატორი იყო საქინა ხანუმ ბაქიხანოვა. მოცემული მეჩეთის მშენებლობის მიზანი იყო თავისი მეუღლის, აზერბაიჯანელი მწერლისა და ისტორიკოსის აბასყული-აღა ბაქიხანოვის ხსოვნის უკვდავყოფა. მშენებლობა 1854 წელს დასრულდა. მეჩეთი შესრულებულია უნიკალურ არქიტექტურულ სტილში და რეგიონის ყველა სხვა მეჩეთებისაგან განსხვავდება.[1] გეგმით აქვს დაწახნაგებული ცილინდრის ფორმა. აშენებულია წითელი აგურით. სიმაღლე 27 მეტრია. სახურავი და გუმბათი გადახურულია რკინის საფარით და სიმაღლით 4,5 მეტრს უტოლდება. გუმბათის წვერი დასრულებულია ელეგანტურად დამუშავებული შპილით. მეჩეთის ინტერიერი ძალიან დახვეწილია. შიგთავსი მოიცავს ერთ დიდ დარბაზს. მეჩეთის ცენტრალურ ნაწილში ოთხი საყრდენი სვეტია განლაგებული. ნაგებობაში მდებარეობს კაკლის ხის მასალისაგან დამზადებული რვასაფეხურიანი მინბარი.[2] 1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკების მიერ რელიგიასთან ბრძოლა დაიწყო. 30-იან წლებში, ისევე როგორც ბევრი სხვა რელიგიური დაწესებულებები, საქინა ხანუმის მეჩეთიც უფუნქციოდ დარჩა. ამ პერიოდში დაანგრიეს მეჩეთის კომპლექსში შემავალი მიმდებარე ნაგებობები და მედრესე, ხოლო თვითონ მეჩეთის შენობა გამოიყენებოდა როგორც ბეღელი. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელახლა აშენდა დანგრეული ნაგებობები და მედრესე, საქინა ხანუმის მეჩეთი კი გარემონტდა. 1994 წლიდან მედრესმა დაიწყო ფუნქციონირება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Газета Азербайджанские Известия. Правила Гудси. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-30. ციტირების თარიღი: 2021-05-06.
  2. Salamzade A. V. Архитектура Азербайдана XVI-XIX вв. Издательство Академии наук Азербайджанской ССР. Baku. 1964
  3. Səkinə Xanım məscidi