საქზღვანაპირდაცვა
სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქზღვანაპირდაცვა“ (შემდგომში სსგ „საქნაპირდაცვა“) დაარსდა 1980 წელს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის ლაბორატორიის ბაზაზე ქართველი გეომორფოლოგის არჩილ კიკნაძის ინიციატივით. გაერთიანება საქნაპირდაცივის ხელმძღვანელობის პირველი შემადგენლობა იყო: არჩილ კიკნაძე — გენერალური დირექტორი, ვახტანგ საყვარელიძე — მოადგილე სამეცნიერო დარგში, თევდორე მელაძე — მოადგილე სამშენებლო დარგში და „საქნაპირდაცვის“ საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი — კოტე გოგელია.
ორგანიზაცია თავისთავად იყო ექსპერიმენტული ხასიათის და მისი სტრუქტურა ეფუძნებოდა არჩილ კიკნაძის მიერ გარემოს დაცვის საკითხების მართვის ახლებურ მიდგომას. არჩილ კიკნაძე თვლიდა, რომ ბუნების დაცვის საკითხები საჭიროებენ სისტემურ მიდგომას, კერძოდ გარემოს დაცვითი სტრუქტურებისთვის მხოლოდ კვლევითი და აკრძალვითი ფუნქციების მინიჭება არ არის საკმარისი პრობლემების გადასაწყვეტად და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ისინი უნდა აერთიანებდნენ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას. სსგ „საქნაპირდაცვა“ შეიქმნა სწორედ ამ პრინციპების დაცვით. გაერთიანების წამყვან რგოლს წარმოადგენდა კვლევითი ინსტიტუტი, რომელის დაქვემდებარებაში იყო საპროექტო-საკონსტრუქტორო და სამშენებლო ერთეულები. შედეგად „საქნაპირდაცვა“ ახორციელებდა ნაპირდაცვითი სამუშაოების სრულ ციკლს, რაც საშუალებას აძლევდა ორგანიზაციას პრაქტიკაში განეხორციელებინა შემუშავებული მეთოდები, გაეკონტროლებინა სამუშაოთა ხარისხი და პასუხისმგებელი ყოფილიყო საბოლოო შედეგზე.
„საქზღვანაპირდაცვა“ პრაქტიკაში ახორციელებდა არჩილ კიკნაძის მიერ შემუშავებულ სანაპირო ზონის დაცვის და აღდგენის ეფექტიანი მეთოდი, რომლის მთავარი ფილოსოფია არის ბრძოლა გამომწვევ მიზეზთან და არა შედეგთან. კიკნაძის მეთოდი უპირისპირდება ე.წ. „გამაგრებით“ მიდგომას და სანაპირო ზონის საუკეთესო დამცავ ელემენტად, ბეტონის კონსტრუქციების საპირისპიროდ, პლიაჟებს გაზრდას და შექმნას მიიჩნევს. არჩილ კიკნაძე სანაპირო ზონის წარეცხვის მთავარ მიზეზად მიიჩნევს ანთროპოგენურ ფაქტორს, რამაც გამოიწვია მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნატანის შემცირება და სამშენებლო თუ სხვა მიზნებისთვის პლაჟებიდან ინერტული მასალის მასიურ ამოღებას. სსგ „საქნაპირდაცვის“ დაშლის შემდეგ ამ პრობლემამ დღეისთვის ისევ იჩინა თავი.
სანაპირო ზონაში პლაჟური ნატანის შემცირება იწვევს თავდაპირველად არსებული პლიაჟების წარეცხვას, ხოლო შემდგომ, მათ მიერ ტალღის „ჩამქრობი“ ფუნქციის დაკარგვას, და ტალღური ენერგიის ძირითად ნაპირზე დამანგრეველ ზემოქმედებას. კიკნაძის მეთოდი ითვალისწინებს ბუნებრივი პროცესების აღდგენას და ძირითადად ეფუძნება სანაპირო ზონაში პლაჟწარმომქმნელი ნატანის ხელოვნურ შეტანას. არჩილ კიკნაძე ამბობდა: სანაპირო ზონაში მიმდინარე პროცესები ნაცვლად ნეგატიური, პოზიტიური მიმართულებით უნდა შეიცვალოს. მართლაც „საქნაპირდაცვის“ არსებობის პერიოდში სანაპირო პლაჟების მოცულობამ, სიგანემ და ფართობმა საგრძნობლად იმატა. მსოფლიოში პირველად გამოყენებული იყო პლაჟური ნატანის განთავსება წყალქვეშა ფერდზე სპეციალური გემების „შალანდების“ საშუალებით. ზღვის ღელვის გავლენით ხელოვნურად შეტანილი ნატანი მასალა განიცდიდა განივ მიგრაციას ნაპირის მიმართულებით და უერთდებოდა არსებულ პლაჟს, რითაც ზრდიდა მათ სიგანეს, მოცულობას და ფართობს.
სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვა“-ს მიერ განხორციელდა უპრეცედენტო აქტიური სამუშაოები, რომლებმაც მისი არსებობის 15 წლის მანძილზე რეალური შედეგები გამოიღო. კერძოდ, დაძლეულ იქნა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის წარეცხვის კრიტიკული პრობლემები. პლაჟების ფართობების მატებამ შეადგინა 120 ჰა, სტაბილურ განვითარებას დაექვემდებარა სანაპიროს 90 გრძივი კილომეტრი.
გაერთიანება წარმატებით მუშაობდა 1995 წლამდე, 1996 წლიდან გაერთიანებამ შეწყვიტა თავისი თავდაპირველი სახით არსებობა და გარდაიქმნა ნაპირების დინამიკის ინსტიტუტად „სანდი“ (1992-1998 წლებში ვახტანგ საყვარელიძის ხელმძღვანელობით). სსგ „საქნაპირდაცვა“-მ თავის არსებობის პერიოდში დაამტკიცა როგორც ნაპირდაცვითი მეთოდის ასევე მმართველობითი სტრუქტურის ეფექტურობა.