საქართველო-სომხეთის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველო-სომხეთის ხელშეკრულება1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადავო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.

ორივე ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა როგორც საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, ისე სომხეთის პარლამენტში. გონივრული კომპრომისების გზით, შესაძლებელი იყო მოეგვარებინათ საზღვრებისა და ტერიტორიული გამიჯვნის პრობლემებიც, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდიოდა. სომხეთის რესპუბლიკის მესვეურებს მოკავშირე სახელმწიფოების გადაჭარბებული იმედი ჰქონდათ. ისინი აშშ-ის პრეზიდენტ უილსონისგანაც დიდ მხარდაჭერას მოელოდნენ (იმ დროს აქტიურად განიხილებოდა სომხეთზე აშშ-ის მანდატის დაწესების საკითხი), რის გამოც სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მეზობლებს ანგარიშს აღარ უწევდა.

სომეხი პოლიტიკოსები პარიზის, ლონდონისა თუ სან-რემოს საერთაშორისო კონფერენციებზე თამამი მოთხოვნებით გამოდიოდნენ. საქართველოსთან მიმართებაში სომხეთი არ კმაყოფილდებოდა მისთვის აღთქმული გარანტიით - დათმობოდა გასასვლელი შავ ზღვაზე. იგი ხან სომხეთ-საქართველოს საზღვრის მდინარე ჭოროხზე გავლების წინადადებას აყენებდა და ხანაც ბათუმის ნავსადგურის ნაწილს, სომხეთის ბათუმთან დამაკავშირებელი მომავალი სარკინიგზო ზოლის ექსტერიტორიულობასა და მის სრულ საკუთრებაში აღიარებას მოითხოვდა. სომხური მხარის ეს წინადადება ქართველი პოლიტიკოსებისთვის მიუღებელი იყო და შეთანხმებაც ვერ მოხერხდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტის იმედი ამაო გამოდგა. სომხეთი მეზობელი ქვეყნებისაგან განმარტოვებული დარჩა. მეტიც, საქართველოს შემდეგ მას სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთანაც მოუხდა (1920 წლის გაზაფხული). თვითიზოლაციის დამღუპველი შედეგი არარატის რესპუბლიკამ მალევე იწვნია, როცა 1920 წლის ნოემბერში მუსტაფა-ქემალის არმია ყარსსა და ალექსანდროპოლში შეიჭრა, სომხეთს, ფაქტობრივად, არავინ გამოესარჩლა. განწირული მეზობლის დასაცავად ხელი არც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფალთ გამოუღიათ. სომხეთს „შემწედ“ მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთი მოევლინა. რუსეთის ხელისუფლებამ ოსმალთა აგრესია კი შეაჩერა, მაგრამ სომხეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო და ეს ქვეყანა კრემლის მარიონეტ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადააქცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 368.